ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

საქართველოს კულტურის სამინისტრომ სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით ხუთი კონკურსი გამოაცხადა!

დღეს, 21 ივნისს კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ხუთ კონკურსს აცხადებს:

1. „კლასიკური მუსიკა, ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“.

კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 700 000 ლარს და მისი მიზანია: რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; ქართველ ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და რეგიონებში საგასტროლო ხარჯებით უზრუნველყოფა; მუსიკოს-შემსრულებელთა და შემოქმედებითი ჯგუფების/ანსამბლების მიერ რეგიონებში კლასიკური მუსიკის, ქართული ესტრადისა და ფოლკლორული კონცერტების, საიუბილეო/შემოქმედებითი საღამოების ჩატარების, სახალხო დღესასწაულებსა და საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს.

2. „პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით".

კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 200 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოს პროფესიულ თეატრებში შემოქმედებითი ძიებების გააქტიურება; ახალი ფორმების, გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების, ხელოვანთა ახალი სახელების წარმოჩენა; ქართული თეატრის რეპერტუარის ახალი დადგმებით გამდიდრება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პროფესიულ თეატრებს, განურჩევლად სამართლებრივი სტატუსისა.

3. „სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პროფესიული თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯებით“.

კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 150 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი 30-მდე პროფესიული თეატრის მდგრადობისა და მათში შემოქმედებითი პროცესის წახალისების უზრუნველყოფა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ პროფესიულ თეატრებს.

4. „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“.

კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 200 000 ლარს და მისი მიზანია რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის თეატრალური ხელოვნების ხელმისაწვდომობა; დედაქალაქის პროფესიული თეატრების რეგიონებში გასტროლების ხელშეწყობა და ადგილობრივ მოსახლეობაში თეატრისადმი ინტერესის გაზრდა; ქართული თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და მიმდინარე თეატრალური პროცესის გააქტიურება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დედაქალაქის პროფესიულ თეატრებს განურჩევლად სამართლებრივი სტატუსისა.

5. „ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა

რეგიონებში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან“.

კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 90 000 ლარს და მისი მიზანია რეგიონებში კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და კულტურის სფეროში თვითრეალიზებისა და თვითგამოხატვის უზრუნველყოფა; ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა რეგიონებში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან, პერფორმანსების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების, გამოფენების, შეხვედრების, ვორქშოპების, ლექცია-სემინარებისა და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარების გზით; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.

ინფორმაციისთვის, საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 21 ივნისიდან 2021 წლის 30 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭედის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული.

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს 2021 წლის 10 ივლისისა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 3 ივნისის შემდეგ სამინისტროში შემოტანილი საკონკურსო დოკუმენტაცია განიხილება შესაბამისი კონკურსის ფარგლებში და არ საჭიროებს განმეორებით წარმოდგენას.

ამასთან, პირველი კონკურსით გათვალისწინებული პროექტის მომზადების მიზნებისათვის, კონკურსანტს შეუძლია, მიმართოს სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და მისგან გაითხოვოს ინფორმაცია საქართველოს რომელიმე რეგიონში ხელმისაწვდომი ტექნიკური აღჭურვილობისა და მათი პროექტის ფარგლებში გამოყენების თავისებურებების შესახებ. ამგვარი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო კონკურსანტს პასუხს უბრუნებს იმავე დღეს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება, ფორმულარები და თითოეული კონკურსის საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

• ბრძანება და კონკურსის წესი - https://cutt.ly/Wn0DHjl

• ფორმულარები - https://cutt.ly/rn0DR2o

• საკონკურსო პირობები - https://cutt.ly/1n0DPst

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1955059
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2021-07-29
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია