ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სასწავლო თეატრის ისტორია

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს (წარსულში თბილისის თეატრალურ ინსტიტუტს) დაარსების დღიდან ჰქონდა და დღესაც აქვს N1 აუდიტორიად წოდებული სცენა. ამ სცენაზე აიდგა ფეხი ქართული სცენის არაერთმა სახელოვანმა მსახიობმა თუ რეჟისორმა. თეატრალური ინსტიტუტის სცენაზე საკურსო და სადიპლომო სპექტაკლებს დგამდნენ როგორც პედაგოგი რეჟისორები, ასევე თეატრალური ინსტიტუტის დიპლომანტი რეჟისორები.

თეატრალური ინსტიტუტის სცენაზე დადგმული არაერთი სპექტაკლი შევიდა ქართული თეატრის ისტორიაში. გასახსენებლად საკმარისია გიორგი ტოვსტონოგოვის მიერ დადგმული „მდაბიონი“ და ამ სპექტაკლში მესამე კურსის სტუდენტ ეროსი მანჯგალაძის მიერ შექმნილი ტეტერევის სახე.

სწორედ მიხეილ თუმანიშვილის მიერ ამ სცენაზე დადგმული სპექტაკლი - „ახალგაზრდა გვარდიის სახელით“ - გახდა დღევანდელი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის შექმნის სტიმული. მიხეილ თუმანიშვილის  მიერ თეატრალური ინსტიტუტის სცენაზე  დადგმული „ბაკულას ღორები“  კი დღემდე ამშვენებს კინომსახიობთა თეატრის რეპერტუარს.

80-იანი წლების დასაწყისში, იმჟამინდელი რექტორის, ქალბატონ ეთერ გუგუშვილის ძალისხმევით თეატრალურ ინსტიტუტს გადმოეცა კინოთეატრ „სპარტაკის“ შენობა. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, 1983 წლის 21 სექტემბერს, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო თეატრი, რომელიც 200 მაყურებელს იტევდა. სახელოვანი რეჟისორის, თეატრალურ ინსტიტუტში მოღვაწე პედაგოგის, დიმიტრი ალექსიძის გარდაცვალების შემდეგ სასწავლო თეატრი მის სახელს ატარებს.

სასწავლო თეატრის გახსნის დღიდან თეატრალურ ინსტიტუტს ქონდა ორი სრულყოფილი სცენა, სადაც ოსტატდებოდა ქართული თეატრის მომავალი.

სასწავლო თეატრის დაარსებამ გაუხანგრძლივა სცენური ცხოვრება სტუდენტურ სპექტაკლებს. რამდენიმე წარმოდგენის თამაშის ნაცვლად, სტუდენტური სპექტაკლები ქმნიდა სტუდენტურ რეპერტუარს და თეატრი ინტენსიური, სრულყოფილი შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობდა.

სწორედ ინსტიტუტის სცენაზე დაიწყო ცხოვრება გიზო ჟორდანიას ცნობილმა ჯგუფმა სპექტაკლებით „ანა ფრანკის დღიური“ და „სამანიშვილის დედინაცვალი“. ამ სპექტაკლებმა შემდეგ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გადაინაცვლა და მისი თვისობრივი განახლება განაპირობა.

ინსტიტუტის სცენიდან სპექტაკლის თეატრების რეპერტუარში გადანაცვლების ტრადიცია არც შემდეგ შეწყვეტილა. სწორედ ინსტიტუტის სცენაზე დაიდგა გიორგი მარგველაშვილის მიერ „ჯულიეტა და რომეო“ შექსპირის მიხედვით. ამ სპექტაკლმა შემდგომ კინომსახიობთა თეატრის რეპერტუარში დაიმკვიდრა ადგილი.

სასწავლო თეატრში იმართებოდა სტუდენტური ფილმების ჩვენებებიც.

სასწავლო თეატრის სცენაზე სპექტაკლებს დგამდნენ მიხეილ თუმანიშვილი, დოდო ალექსიძე, ლილი იოსელიანი, გიზო ჟორდანია, რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე,  შალვა გაწერელია, კოტე სურმავა, მედეა კუჭუხიძე, გიგა ლორთქიფანიძე, გიორგი მარგველაშვილი, დავით კობახიძე, ნანა დემეტრაშვილი, ანზორ ქუთათელაძე, გოგი თოდაძე, ალექსანდრე ქანთარია, გიორგი შალუტაშვილი, ლევან წულაძე, საშა მიქელაძე, რეზო მირცხულავა, სანდრო მრევლიშვილი, გოჩა კაპანაძე, დავით დოიაშვილი, ნუგზარ ბაგრატიონი, გიორგი სიხარულიძე, მაია გაჩეჩილაძე, ქეთი დოლიძე, ცოტნე ნაკაშიძე, ანდრო ენუქიძე, ავთანდილ ვარსიმაშვილი, გოგი ქავთარაძე, და სხვები.

1999 წელს სასწავლო თეატრის ძირითადი სცენა (ყოფილი კინოთეატრ „სპარტაკის“ შენობა) მწყობრიდან გამოვიდა. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრი მხოლოდ უნივერსიტეტის შენობაში მდებარე სცენაზე (N1 აუდიტორია) აგრძელებს მოღვაწეობას. ამ სცენის რეკონსტრუქცია 2012 წელს დასრულდა. გაიზარდა სასცენო სივრცე, განახლდა დარბაზი, გარემონტდა საგრიმიოროები.  

მიმდინარე წელს იწყება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის ძირითრადი სცენის ფუნდამენტური განახლება-რეკონსტრუქცია. 

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0955009
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-05-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია