ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა წიგნის პარამეტრების შესახებ

ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საბჭოს სხდომისა (N7, 11. 05. 2010 წელი) და აკადემიური საბჭოს დადგენილებით (15.05.2010 წელი) დამტკიცებულია შემდეგი პარამეტრები:

1. წიგნად მიიჩნევა ძირითადი სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო და ნაშრომი, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო კვლევას მიმართულს ხელოვნების სფეროთა (თეატრი, კინო, ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, არქიტექტურა, ქართული ტრადიციული ხელოვნებისა და ფოლკლორის) ისტორიის სხვადასხვა ეტაპის საფუძვლიანი კვლევა _ გაანალიზებისაკენ. აგრეთვე, ხელოვნების ამა თუ იმ სფეროში, დღეს მიმდინარე თანამედროვე შემოქმედებითი პროცესების, ძიებების ამოხსნა _ გაანალიზების მიზნით დაწერილი ნაშრომი. ასევე, ნაშრომი, რომელიც ხელოვნების ამა თუ იმ დარგის თეორიულ საკითხებს იკვლევს. იგივე ითქმის ნაშრომზე, რომელიც რომელიმე კონკრეტული ხელოვანის (მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, მხატვარი, ლოტბარი, ქორეოგრაფი, მოქანდაკე, არქიტექტორი, კინოოპერატორი და სხვა) შემოქმედებას აანალიზებს.

საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე, ტელე _ რადიო ჟურნალისტის, კულტურისა და კულტურული ტურიზმის მართვის მიმართულებით, ნაშრომი უნდა იკვლევდეს, აანალიზებდეს იმ საკითხებსა თუ პრობლემებს, რომლებიც ამ განხრის მომავალი სპეციალისტებისთვისაა საჭირო და აუცილებელი.

ამრიგად, წიგნად ჩაითვლება როგორც ისტორიული, ისე თეორიული, პრაქტიკულ _ შემოქმედებითი პროცესების ამოხსნა _ გაანალიზების მიზნით დაწერილი ნაშრომი.

საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული კრიტერიუმების მიხედვით, ნაშრომი აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო სამეცნიერო _ კვლევითი აპარატურით, შესაბამისი კომენტარებისა და საძიებლის დართვით.

2. ნაშრომის უმთავრესი პირობაა, რომ ის უნდა იყოს ორიგინალური, თვითმყოფადი, ინდივიდუალური. მასში, ნათლად უნდა ჩანდეს ავტორის დამოუკიდებლად აზროვნების, ანალიზისა და მეცნიერული დასკვნების გამოტანის უნარი. ყველა სახის პლაგიატობა ყოვლად მიუღებელია. ამ კუთხით, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ რეცენზენტებსა და რედაქტორს.

3. ნაშრომის ავტორი კარგად უნდა იცნობდეს საკვლევი თემის შესახებ არსებულ წყაროებს. ერთის მხრივ ბეჭდურ, მეორეს მხრივ კი ელექტრონულ _ ინტერნეტ მასალებს. ნაშრომში უნდა ჩანდეს მათი ღრმა ცოდნა, არსებული მასალის გააზრება _ გაანალიზება. მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული ყველა გამოყენებული წყაროს ზუსტი მონაცემები.

4. სამეცნიერო ნაშრომი აუცილებლად უნდა ეხმიანებოდეს უნივერსიტეტში არსებული სამსაფეხურიანი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სწავლების რომელიმე საფეხურის სასწავლო პროგრამაში შემავალ ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხს.

5. ნაშრომის სუფთა ტექსტი (გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და ილუსტრაციების გარეშე), A5 ფორმატის შემთხვევაში, მინიმუმ უნდა შედგებოდეს 80 სტამბურად ბეჭდური გვერდისაგან. A4 ფორმატისას კი 50 სტამბურად ბეჭდური გვერდისაგან.

წიგნის ელექტროვერსიის შემთხვევაში, 1 გვერდის მოცულობა განისაზღვრება სტამბური წესით დაბეჭდილ წიგნში, ერთ გვერდზე დატეული ასო ნიშნის რაოდენობით.

6. ნაშრომის მოცულობის ხელოვნურად გაზრდის მიზნით, წიგნი არ უნდა იყოს აწყობილი ტიპოგრაფიაში მიღებული, ამა თუ იმ ტიპისა და მოცულობის სტანდარტულისაგან განსხვავებული შრიფტით.

7. ზემოაღნიშნულზე მცირე მოცულობის ნაშრომიE ბროშურად ან ბუკლეტად ჩაითვლება.

8. წიგნი, რომელშიც საავტორო ტექსტი 5 გვერდზე ნაკლებია, ჩაითვლება ავტორის სტატიად. გარდა იმ შემთხვევისა თუ ამ ტექსტის ავტორი თავად ალბომის ან ბუკლეტის შემდგენელია.

9. აკადემიური პერსონალის გამოსავლენად ჩატარებული კონკურსის დროს, ფაკულტეტის საბჭოზე მხარდაჭერილი წიგნი, რომელიც სტამბაში დასაბეჭდადაა ჩაშვებული, ავტორს წიგნთა რაოდენობაში ეთვლება

საგამომცემლო საქმიანობის პრიორიტეტები, რომელიც საუნივერსიტეტო პრიორიტეტებთანაა მოყვანილი შესაბამისობაში.

სასწავლო - საუნივერსიტეტო ლიტერატურის სახეები

1. სახელმძღვანელო - სახელოვნებო მეცნიერების, კონკრეტული დარგის, ცოდნის მწყობრი სისტემის – დისციპლინის - ძირითადი სასწავლო წიგნი, დაწერილი სათანადოდ აპრობირებული პროგრამის შესაბამისად, მაღალ მეცნიერულ და მეთოდოლოგიურ დონეზე.

2. ლექციების კურსი - კონკრეტული დისციპლინის თეორიული ან პრაქტიკული კურსის გადმოცემა, დაწერილი სათანადოდ დამტკიცებული და აპრობირებული პროგრამის შესაბამისად მაღალ მეცნიერულ და მეთოდოლოგიურ დონეზე.

3. დამხმარე სახელმძღვანელო - მოცემული დისციპლინის ცალკეული ნაწილის, «ნაწილების» გაღრმავებული შესწავლისათვის;

სასწავლო წიგნი - ქრესტომათია, ტექსტები და სხვა.

სასწავლო წიგნი - თეორიული ცოდნის განმტკიცებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის განკუთვნილი.

კრებულები: ამოცანების, მაგალითების, სავარჯიშოების, ტესტების, პრაქტიკული სამუშაო აღწერილობებით, პროექტირების სავარჯიშოებით;

4. საცნობარო ლიტერატურა - ენის სასწავლო ლექსიკონები, განმარტებითი და ენციკლოპედიური ლექსიკონები, საკითხავი მასალა, ალბომები, ცხრილები და ა.შ.

5. ყველა ამ ტიპის გამოცემათა თარგმანები უცხოური ენიდან; სხვა ქვეყანებში აპრობირებული სახელმძღვანელოები.

6. საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტურანტურის პროგრამები, კურიკულუმები, სასწავლო დისციპლინების სილაბუსები და ამ ტიპის სხვა მასალები, დადგენილი წესით შემუშავების შემდეგ, გამოიცემა დაკვეთის წესით, ფაკულტეტების «უნივერსიტეტის» მიერ, მათი საერთო დაფინანსების ფარგლებში, ხოლო კრებითი გამოცემები - საუნივერსიტეტო დაფინანსების ფარგლებში;

ყველა ამ გამოცემის მიმართ წაყენებული იქნება საუნივერსიტეტო მოთხოვნები სამეცნიერო აკადემიური გამოცემისათვის. თითოეული სახელმძღვანელო აპრობაციას გადის უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოებზე და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე, რომლის დადგენილების მიღების შემდეგ წიგნი დასაბეჭდად გადაეცემა უნივერსიტეტის გამომცემლობას.

ავტორთა ყველა სხვა შრომა ან ნარკვევების კრებული, რომლებიც არ შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს, ვერ ჩაითვლება სახელმძღვანელოდ;

II სასწავლო ლიტერატურის მიმართ წაყენებული მოთხოვნები.

1. უნდა წარმოადგენდეს განათლების მიღების და ცოდნის ძირითად წყაროს კონკრეტულ სასწავლო დისციპლინაში;

2. უნდა იძლეოდეს სტუდენტთა მიერ ცოდნის დამოუკიდებლად ათვისების შესაძლებლობას;

3. უნდა წარმოადგენდეს ცოდნის სისტემას და არა მის ერთობლიობას;

4. მასალა ისე უნდა იყოს გადმოცემული, რომ გათვალისწინებულ იქნას ცოდნის ათვისების პედაგოგიური და ფსიქოლოგიური თავისებურებანი;

5. უზრუნველყოფილი იყოს მოცემული დისციპლინის სწავლების მოტივაცია;

6. წარმოჩენილი უნდა იყოს პრობლემური საკითხები და მეცნიერების სათანადო დარგის განვითარების პერსპექტივები;

7. გათვალისწინებული უნდა იყოს მონათესავე დისციპლინათა არსებულ სახელმძღვანელოებში - ლექციების კურსებში, მეგზურებში, სარეკომენდაციო-მეთოდოლოგიურ ლიტერატურაში - გადმოცემული დასკვნები და ტერმინოლოგიები;

8. გათვალისწინებული უნდა იყოს მოცემული დისციპლინის როლი და ადგილი ბაკალავრის ან მაგისტრის მომზადების მთელ სისტემაში;

9. დისციპლინის მოთხოვნილებისამებრ, შეძლებისდაგვარად, მაღალ დონეზე უნდა იყოს შესრულებული საილუსტრაციო მასალა;

10. სახელმძღვანელოს (ლექციების კურსის) მოცულობა დისციპლინის ადგილისა და დროის შესაბამისი უნდა იყოს და შეეფარდებოდეს კრედიტების იმ რაოდენობას, რომელიც მოცემული კურსის შესასწავლადაა გამოყოფილი. შესაძლებელია სახელმძღვანელო იმგვარად აიგოს, რომ მან მოიცვას ერთსა და იმავე დისციპლინაში კრედიტების სხვა და სხვა რაოდენობისათვის გათვალისწინებული კურსები;

11. საპროგრამო მასალა უნდა დაიყოს მეთოდოლოგიურად გამართლებულ სქრუქტურულ ელემენტებად: ნაწილებად, თავებად, პარგრაფებად (ლექციებად);

12. ძირითადი ტექსტობრივი მასალა და საცნობარო - თანმხლები აპარატი, სასურველია დალაგდეს შემდეგი თანამიმდევრობით: სარჩევი - წინასიტყვაობა - მეთოდური რეკომენდაციები - ძირითადი ტექსტი - დასკვნა - დამატება - საძიებელი - ანოტირებული და სათანადოდ კლასიფიცირებული რჩეული ბიბლიოგრაფია, სავალდებულო და დამატებითი ლიტერატურის გამოყოფით, ინტერნეტ რესურსების მითითებით;

III სასწავლო ლიტერატურის წარმოდგენის, განხილვისა და გამოცემის წესები

1. ავტორმა ან ავტორთა კოლექტივმა, სასწავლო ლიტერატურის გამოცემასთან დაკავშირებით, საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭოში უნდა წარადგინოს.

1.1. პროექტის აღწერა. დამტკიცებულ კურიკულუმებთან და სასწავლო პროგრამებთან მიმართების ანალიზი;

1.2. პროექტის სარჩევი;

1.2. შედარებითი ანალიზი ანალოგიურ, მათ შორის საზღვარგარეთულ, გამოცემებთან;

1.3. მეთოდური მითითებანი, სავარაუდო აუდიო, ვიდეო და სხვა დამატებითი მასალის მითითებით;

1.4. ერთ-ერთი ძირითადი თავი (შესავალის, საგნის განსაზღვრის, მისი ისტორიული განვითარების და მეთოდის გარდა);

1.5. მარკეტინგული შეფასება (ნუსხა სასწავლო დაწესებულებებისა და დარგების - ვისთვისაც არის განკუთვნილი; დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოებების და დაწესებულებების ნუსხა და სხვა);

1.7. სასურველი რეცენზენტები (3-5, სახელი და გვარი, მისამართები);

1.8. არასასურველი რეცენზენტები (სახელი და გვარი)

(ან შესაძლებელია 1.7 და 1.8 მაგივრად სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის - სამეცნიერო საბჭოს აპრობაცია და ოქმის ამონაწერი);

1.9. CV, პუბლიკაციების საერთო რაოდენობა, ათამდე რჩეულის მითითებით;

2. წარმოდგენილი მასალები გადაეცემა შესაბამის პროფილური ფაკულტეტის საბჭოს (ან კვლევითი ინსტიტუტის ინტერდისციპლინარულ საბჭოს), რომელიც მისაღებად ჩათვლილ მასალებს, გადასცემს შესაბამისი დარგის ექსპერტებს, წინასწარი ფარული რეცენზირებისათვის;

3. გამომცემლობა, ფაკულტეტის საბჭოდან ან კვლევითი ინსტიტუტიდან, გამოყოფს ორ ფარულ რეცენზენტს, მათ შორის ერთს 1.7 პუექტიდან, მაგრამ არცერთს 1.8 პუნქტიდან. არაუგვიანეს ორი თვისა რეცენზიების განხილვის შემდეგ (თუ ორივე დადებითია), მასალები გადაეცემა საგამომცემლო საბჭოს. თუ ერთია დადებითი, ხოლო მეორე უარყოფითი, გაიგზავნება დამატებით რეცენზიაზე, მაგრამ არა 1.7 ან 1.8 პუნქტში მითითებულ პირთან. დადებითი დამატებითი რეცენზიის შემთხვევაში, მასალები შემდგომი მსვლელობისათვის გადაეცემა უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს. უარყოფითი დამატებითი რეცენზიის, ან ორი უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაში _ საფაკულტეტო საგამომცემლო საბჭოს უარყოფითი დასკვნის დასამტკიცებლად. დადებითი რეცენზიების შემთხვევაში საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭო იხილავს გამოცემის საკითხს. ავტორებს უფლება აქვთ გაეცნონ უარყოფითი რეცენზიების ასლებს, რეცენზენტების გვარების მითითების გარეშე. დადებით რეცენზიებში გამოთქმული შენიშვნები, ამავე ფორმით უნდა გაეცნოთ ავტორებს, მათი შემდგომი გათვალისწინების მიზნით.

4. საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას რეკომენდირებული ლიტერატურისათვის გრიფის მინიჭებისა და მისი გამოცემის თაობაზე. დადებითი რეცენზიის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ავტორებთან დადგენილი ფორმით კონტრაქტის დადების თაობაზე, სადაც გამოცემის ფინანსურ მხარეც განსაზღვრება.

5. ავტორებმა, დათქმულ დროში, უნდა წარუდგინონ ლიტერატურა საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭოს, რომელიც ორგანიზებას უკეთებს საბოლოო რეცენზირებას (წინასწარი რეცენზირების პროცესის ანალოგიურად) და გამოყოფს მეცნიერ -რედაქტორს. მეცნიერ-რედაქტორის შენიშვნების გათვალისწინებით ლიტერატურა კვლავ განიხილება საბჭოზე და დადებითი შეფასების შემთხვევაში გადასცემს საუნივერსიტეტო გამომცემლობას დასაბეჭდად.

6. სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭო, ან აბრუნებს, ან თავად აგზავნის ლიტერატურას დამატებითი რეცენზირებისათვის.

7. წინასწარი და საბოლოო რეცენზირების დალუქულ მასალებს გადასცემენ უნივერსიტეტის არქივს.

8. სასწავლო ლიტერატურა უნივერსიტეტის გრიფით შეიძლება გამოიცეს ავტორების და ან სპონსორების ხარჯზე, მხოლოდ 1.5. პუნქტის აუცილებელი დაცვით.

*«სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანის» დაარსების წელი და სახელწოდება ყველა ნომერში უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე. კრებულის ბოლოში დაერთოს რეზიუმეები და ავტორთა მცირე ბიოგრაფიები ინგლისურ ენაზე; ასევე მცირე ინფორმაციები უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტის შესახებ.

კრებულის ღირებულება უნდა განისაზღვროს საბაზრო მოთხოვნებისა და თვითღირებულების გათვალისწინებით.

ავტორებს უნდა ეცნობოთ, რომ კრებულში გამოსაქვეყნებული მასალა (თუ, ეს არ არის სპეციალური გამოშვება, დაკვეთილი პუბლიკაცია ან თარგმანი, უნივერსიტეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებული), უნდა მოიცავდეს:

- არა უმეტეს 30 000 ნიშანს. (დაახლოებით 15 თაბახი ნაბეჭდი გვერდი, შრიფტის დასახელება «აკად ნუსხური», ზომა -- 12, ინტერვალი – 1,5;

- ბარდება მხოლოდ ელექტრონული ვერსია, შესაძლებელია გამოგზავნილ იქნას ელ. ფოსტით გამომცემლობის შესაბამის მისამართზე: kentavri_t@yahoo.com

- მასალების ჩაბარების ბოლო ვადა დადგინდეს 1 თვით ადრე ყოველი ნომრის გამოსვლამდე.

- შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მომუშავე აკად. პირს, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით, უფლება აქვს წელიწადში უფასოდ დაბეჭდოს, არა უმეტეს 15 თაბახი  ნაბეჭდი გვერდის მოცულობის, უკვე რეცენზირებული და აპრობირებული «წლიური შრომის» ნაწილი.

- ავტორებს, რომლებსაც სურთ არაგეგმიური ნაშრომების დაბეჭდვა, დაჭირდებათ საგამომცემლო საბჭოს, ან ფაკულტეტის, ან აკადემიური საბჭოს რეკომენდაცია, რასაც გამომცემლობა ახორციელებს არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, უნივერსიტეტის პრიორიტეტების გათვალისწინებით;

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0960119
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-07-26
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია