ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
თეატრისა და კინოს მუზეუმი

თეატრის მიმართულება

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის “თეატრისა და კინოს მუზეუმი“ დაარსდა 2009 წელს თეატრისა და კინოს მედიის კაბინეტის ბაზაზე (მუზეუმის გამგე კინომცოდნე, პროფესორი პაატა იაკაშვილი, თეატრის მუზეუმის სპეციალისტი, თეატრმცოდნე მანანა ამაშუკელი).

1970 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში დაარსდა „ინტერნაციონალური მეგობრობის კაბინეტი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა თეატრმცოდნე, პროფესორი ნადეჟდა შალუტაშვილი. კაბინეტში ეწყობოდა საინტერესო შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან, როგორც ქართველ, ასევე საბჭოთა კავშირის (აზერბაიჯანის, ბელორუსიის, სომხეთის, უკრაინის, რუსეთის) თითქმის ყველა რესპუბლიკის ცნობილ რეჟისორებთან, მსახიობებთან, პოეტებთან, მწერლებთან.

1977 წელს ინსტიტუტში მოეწყო შეხვედრა ლენინგრადის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორ გიორგი ტოვსტონოგოვთან და მსახიობებთან: ევგენი ლებედევთან, თამარა მაკაროვასთან, მარია კოვალისთან, იური მედვედევთან. მსახიობმა ევგენი ლებედევმა ჩაატარა მასტერკლასი (ფოტომასალა დაცულია მუზეუმში).

1977 წელს მეგობრობის კაბინეტის გამგის მოადგილედ დაინიშნა თეატრმცოდნე მანანა ამაშუკელი და შეითავსა მუზეუმის ფუნქცია. ამ დროიდან დაიწყო მასალების მოძიება და შეგროვება საკავშირო მასშტაბით (ფოტოები, რეცენზიები, პროგრამები, აფიშები, რომლებიც ახლაც დაცულია აღნიშნულ მუზეუმში).

1979 წელს კაბინეტის მოწვევით, რუსმა მსახიობებმა ალექსეი ბატალოვმა და მიხეილ კაზაკოვმა ჩაატარეს მასტერკლასები (ფოტოები დაცულია მუზეუმში).

1980 წელს შეხვედრა მოეწყო რუს მსახიობ ევგენი ევსტიგნეევთან (1926-1992) (სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1974) თეატრალური მოღვაწეობისთვის).

1980 წელს პირველად გამოჩენილმა გერმანელმა რეჟისორმა პიტერ ბრუკმა მასტერკლასი ჩაატარა ინსტიტუტის სტუდენტებისთვის (ფოტომასალა დაცულია მუზეუმში). ამავე წელს შეხვედრა მოეწყო საბჭოთა კავშირისა და ლიტვის სახალხო არტისტ დონატას ბანიონისთან (1924-2014) (ფოტო მასალა დაცულია მუზეუმში).

წლების განმავლობაში, მუზეუმის ხელშეწყობით ეწყობოდა ინსტიტუტის პედაგოგების, გამოჩენილი ქართული თეატრის რეჟისორების, მსახიობების, თეატრმცოდნეების საიუბილეო და შემოქმედებითი საღამოები (რემ შაფთოშვილი, ალექსანდრე მიქელაძე, ზინა კვერენჩხილაძე, თამილა ლასხიშვილი, ნათელა ურუშაძე, ნადია შალუტაშვილი (ფოტო მასალა დაცულია მუზეუმში).

1990-იან წლებში თეატრალურ ინსტიტუტში დაარსდა „თეატრალური კაბინეტი“ (ხელმძღვანელი თეატრმცოდნე ლია გაბრიაძე), რომელიც აგროვებდა და ამუშავებდა თეატრალურ ინსტიტუტში ბოლო წლებში დადგმული სპექტაკლების შემოქმედებით მასალებს 2005 წლამდე (აფიშები, პროგრამები, ფოტომასალა დაცულია მუზეუმში).

2009 წლიდან დაარსდა „თეატრისა და კინოს მუზეუმი“, გრძელდება ძველი და ახალი თეატრალური შემოქმედებითი მასალების მოძიება, რათა სტუდენტებს, პედაგოგებსა და ქართული თეატრით დაინტერესებულ პროფესიონალებს მიეცეთ საშუალება, უკეთ გაეცნონ უნივერსიტეტის თეატრალურ შემოქმედებას.

თეატრის მუზეუმში დაცულია 1939 წლიდან დღემდე ჩატარებული სპექტაკლების (დრამატული, მუსიკალური და პანტომიმა) ამსახველი მასალები:

რეპერტუარი, ფოტოები: 3562 ცალი;

ესკიზები, მაკეტები: 233 ცალი (მხატვრები: დიმიტრი თავაძე, ფარნა ლაპიაშვილი, ბორის ლოკტინი, გივი ცერაძე, ოთარ ჭიაურელი, აჯიმამედოვი, აივენგო ჭელიძე, ირაკლი კაკაბაძე, თინა ჰეინე, სამეული: ალექსანდრე სლოვინსკი, ოლეგ ქოჩაკიძე, იური ჩიკვაიძე);

სამეცნიერო შრომები: 800 ცალი (პედაგოგებისა და სტუდენტების 1951 წლიდან);

სოციალური კვლევები: 70 ცალი;

ფოტოალბომებში განთავსებულია წლების მიხედვით ინსტიტუტში ინტერნაციონალური ჯგუფების მიერ დადგმული სპექტაკლების ფოტომასალა: 600 ცალი; (ინტერნაციონალური ჯგუფები: აფხაზების, დაღესტნელების, ინგუშების, ოსების, რუსების, სომხების, ჩეჩნების); (ჯგუფის ხელმძღვანელები: აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ალექსანდრე (საშა) მიქელაძე, რემ შაფთოშვილი, ალექსანდრე რუბინი);

აფიშები, პროგრამები: 1500 ცალი (ინსტიტუტში დადგმული სპექტაკლებისა - (1950-1960), შესრულებულია ხელით, შემდგომში სტამბაში დაბეჭდილი);

2009 წლიდან გაკეთდა კარტოთეკა წლების მიხედვით (თეატრალური ინსტიტუტის, თეატრისა და კინოს ინსტიტუტის, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში დადგმული სპექტაკლების და მასში მონაწილე სტუდენტთა მიერ შესრულებული როლების);

რეცენზიები ჟურნალ-გაზეთებიდან ინსტიტუტში დადგმულ სპექტაკლებზე (დაცულია ალბომებში); (ჟურნალ-გაზეთებიდან: ,,თეატრალური მოამბე”, „საბჭოთა ხელოვნება”; ,,თბილისი”, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „ვეჩერნი თბილისი’).

მუზეუმში ეტაპობრივად შემოდის უნივერსიტეტის პროფესორ-პედაგოგების საარქივო მასალები (გარდაცვალების შემდგომ).

მუზეუმის არქივში ინახება:

თეატრმცოდნე, პროფესორ ეთერ გუგუშვილის ნაწილობრივი არქივი (ინსტიტუტის ყოფილი რექტორი, ნაშრომები თეატრის შესახებ);

თეატრმცოდნე ევგენია (ჟენია) ქართლელის პირადი არქივი;

ცეკვის პედაგოგის ნატო კანდელაკის პირადი არქივი;

თეატრმცოდნე, პროფესორ მაია გოშაძის პირადი არქივი;

არქივები: რეჟისორების: გივი სარჩიმელიძის, გაიოზ (გიზო) ჟორდანიას, ლევან (რეზო) მირცხულავას, შალვა (მუმუშა) გაწერელიას, ნანა დემეტრაშვილის, მიხეილ თუმანიშვილის დამატებითი არქივი, თეიმურაზ აბაშიძის); სასცენო მოძრაობის პედაგოგის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, პროფესორ შოთა სხირტლაძის (1939-2017) პირადი არქივი. მეტყველების პედაგოგის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, თამილა ლასხიშვილის (1936-2014) პირადი არქივი.

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის მუზეუმის საარქივო მასალების გამოყენებით, უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრმა“ გამოსცა:

რეჟისორ, პროფესორ მიხეილ თუმანიშვილის წიგნი „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ (2008) (რედაქტორი გიორგი მარგველაშვილი); რეჟისორ, პროფესორ, თეიმურაზ აბაშიძის ორი წიგნი; ,,მუსიკალური თეატრის აღზრდის საკითხისათვის” (2010), ,,ქართული მიუზიკლი” (2016); თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ თამარ ქუთათელაძის ორი წიგნი; ,,შალვა გაწერელიას რეჟისორული ჩანაწერები” (2016), ,,შალვა გაწერელიას თეატრი” (2017);

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის მუზეუმის ხელშეწყობითა და დახმარებით გამოსაცემად მომზადებულია თეატრმცოდნე ლამარა ღონღაძის წიგნი უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით;

თეატრის მუზეუმი პერიოდულად ცვლის საგამოფენო ფოტომასალებს (უნივერსიტეტში დადგმული საკურსო და სადიპლომო სპექტაკლებიდან ნაწყვეტები, შესრულებული როლები, ჯგუფური ფოტოები);

2016 წლის 28 დეკემბერს უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის 40 წლისთავის იუბილეზე მუზეუმიდან მიწოდებულ იქნა სამუზეუმო არქივის ფოტოები (კინომცოდნეების: ოლღა (ლალა) თაბუკაშვილის, ნათია ამირეჯიბის, ირა კუჭუხიძის, გიორგი დოლიძის; რეჟისორების: თენგიზ აბულაძის, ლანა ღოღობერიძის, რევაზ ჩხეიძის, ოთარ იოსელიანის, ელდარ შენგელაიას, გიორგი შენგელაიას, ნანა მჭედლიძის, გოდერძი ჩოხელის);

თეატრის მუზეუმი დახმარებას უწევს როგორც შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებს საბაკალავო, სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომების დაცვისათვის საჭირო მასალის მოძიებაში.

თეატრის მუზეუმი გეგმავს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდაცვლილი პედაგოგების, პროფესორების გახსენების საღამოების ჩატარებას: გივი სარჩიმელიძის (ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1978) (1929-2017), გაიოზ (გიზო) ჟორდანიას (საქართველოს დამსახურებული არტისტი) (1934-2016), შალვა (მუმუშა) გაწერელიას (საქართველოს სახალხო არტისტი) (1931-2012), ლევან (რეზო) მირცხულავას (1934 -2013), თამილა ლასხიშვილის (საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967) (1936-2014);

კინოს მიმართულება

კინოს ისტორიის კაბინეტი შეიქმნა 1977 წელს მაშინდელი თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო კინოსტუდიასთან (გამგე - პაატა იაკაშვილი). კაბინეტის მიზნებიდან გამომდინარე, მიმდინარეობდა სათანადო მასალების შეგროვება ჩვენი კინოფაკულტეტის სტუდენტებისა და პედაგოგების შემოქმედების შესახებ, ასევე ხდებოდა მსოფლიო კინოს ისტორიისა და თეორიის, აგრეთვე სწავლების მეთოდოლოგიის საკითხების შესახებ ყველა ხელმისაწვდომი მასალის მოპოვება. გარდა ამისა, კაბინეტში მიმდინარეობდა სამთარგმნელო სამუშაოც, რაც საშუალებას გვაძლევდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და პოლონური ენებიდან გვეთარგმნა ჩვენთვის სხვაგვარად ხელმიუწვდომელი ისტორიული, თეორიული და კრიტიკული ხასიათის მასალა.

კინოს ისტორიის კაბინეტში იშვა სტუდენტთა და ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა რესპუბლიკური ფესტივალის, „ამირანის“, ჩატარების იდეა და ის მისი თანამშრომლების აქტიური მონაწილეობით განხორციელდა 1978, 1980, 1982, 1984, 1986 წლებში (იდეის ავტორი და ფესტივალის უცვლელი გენერალური დირექტორი - პაატა იაკაშვილი). ამ ფესტივალმა ხელი შეუწყო ჩვენი კინოფაკულტეტის აღიარებას სსრკ-ს კინოსკოლებს შორის. ამავე დროს, ეს ფესტივალი იყო შემოქმედებითად იმდენად თავისუფალი, რომ მასში მონაწილეობის უფლება გააჩნდათ ავტორებს, რომელთა ფილმების გატანა სსრკ-ს სხვა სტუდენტურ და ახალგაზრდულ ფესტივალებზე არ ხდებოდა.

კინოს ისტორიის კაბინეტი მჭიდროდ თანამშრომლობდა თბილისის კინოს სახლთან.

ზემოხსენებული კინოფესტივალი ტარდებოდა კინოს სახლის დიდ დარბაზში. ამას გარდა, იქვე ხდებოდა კვარტალურად კინოფაკულტეტის ფილმების საინფორმაციო ჩვენება მაყურებლისათვის.

1988 წელს, კინოს ისტორიის კაბინეტი გადმოდის უშუალოდ თეატრალურ ინსტიტუტში და ხდება მისი ერთ-ერთი სამსახური.

2007 წელს თეატრისა და კინოს კაბინეტები გაერთიანდა და დაემატა მედია, ხოლო 2009 წელს გადაკეთდა თეატრისა და კინოს მუზეუმად.

სადღეისოდ ჩვენს მუზეუმში 16 ათასამდე ექსპონატია და ეს რაოდენობა ინტენსიურად იზრდება.

2009 წლიდან დღემდე მუზეუმი ახორციელებს ფრიად ამბიციურ გეგმას: 1939 წლიდან მოყოლებული, დღემდე ჩვენი უნივერსიტეტის ყველა მეტ-ნაკლებად რეალიზებულ ყოფილ სტუდენტზე და პედაგოგზე შეიქმნას შემოქმედებითი დოსიე, სადაც თავს მოიყრის ამ პიროვნებების შემოქმედების ამსახველი სცენარები და რეჟისორული ექსპლიკაციები, ბიოგრაფიები, ფოტოები, აფიშები, პროგრამები, ინტერვიუები და რეცენზიები, სპექტაკლების ან ფილმების, ქორეოგრაფიული წარმოდგენების ფირზე არსებული ან ელექტროვერსიები; ერთი სიტყვით, ყველა შესაძლებელი ვიზუალური და წერილობითი მასალა, რაც სრულ წარმოდგენას შეგვიქმნის ამ პიროვნების მოღვაწეობის ხასიათსა და მასშტაბზე. ამ გეგმას მოჰყვა მრავალი ასეული დოკუმენტის შემოსვლა მუზეუმში.

2011 წელს ჩვენი უნივერსიტეტის მუზეუმს შემოუერთდა კერძო პირის, ქალბატონ ლალი გორგასლიძის “კინოს ისტორიის მუზეუმი“.

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
1096996
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2018-05-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია