ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი

მაგისტრატურა

სილაბუსების ანოტაციები

მხატვრული კინორეჟისურის  ოსტატობა

კურსი მაგისტრანტს აცნობს კინორეჟისორის პროფესიის განსაკუთრებულ ასპექტებს. კინორეჟისორის ხელოვნება ინდივიდუალური საქმიანობაა და ამდენად მასში დიდი ყურადღება ეთმობა მომავალ კინორეჟისორთა პიროვნული თვითმყოფადობის ჩამოყალიბებას. პროგრამის ძირითადი საკითხებია - კინორეჟისურის საფუძვლები, რეჟისორის მუშაობა განსხვავებული სახეობის და ჟანრების ფილმებზე, მუშაობის ძირითადი ეტაპები, რეჟისორის მუშაობა დოკუმენტურ და მხატვრულ კინოში.

აღნიშნული კურსი მაგისტრანტს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას კინორეჟისორის სპეციალობის შესახებ, მას ეცოდინება ფილმის გადასაღებად  აუცილებელი კომპონენტები. ისინი შეძლებენ:

  • კინოფილმის გადაღების ძირითად სამუშაო მეთოდებში გარკვევას.
  • ფილმზე მუშაობის დაწყების წინ მასალის რეჟისორულ ანალიზს.
  • მასალის დრამატურგიულ, საერთო დინამიკის ორგანიზებას.
  • საეკრანო დროისა და სივრცის შექმნას
  • მასალის აუდიო-ვიზუალური ორგანიზაციას
  • ფილმზე მუშაობის დასაწყისის ეტაპების გაძღოლას..
  • ფილმის სარეჟისორო ექსპლიკაციას
  • სარეჟისორო სცენარის დაწერას
  • მოსამზადებელი პერიოდის ორგანიზაციას
  • გადასაღები პერიოდის დაგეგმარებას
  • გაეცნობიან მონტაჟის საფუძვლებს და ტონირებას.
  • კადრიდან მონტაჟური ხედვის განვითარებას
  • ერთკადრიან ვიდეოეტიუდებს
  • სარეკლამო რგოლებს და სხვ.

განვლილი მასალის პრაქტიკული განხორციელების დამადასტურებლად, ყოველი სემესტრის ბოლოს სტუდენტები წარმოადგენენ 5 - 10 წუთიან ფილმებს. ხოლო კურსის დასრულების შემდეგ სადიპლომო ფილმს.

ალექსანდრე რეხვიაშვილი

მხატვრული კინორეჟისურის  ოსტატობა

სასწავლო კურსის მიზანიაფილმის შექმნის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესწავლა, ფილმის, როგორც შემადგენელ ნაწილებად დაშლა, ისე აწყობა კინოენის იმ ელემენტების მეშვეობით და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს. მაგისტრანტმა უნდა შესძლოს წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი ნააზრევი როგორც სცენარის, ისე ესსეს სახით.

მეორე სემესტრში - აუდიოვიზუალური ხელოვნების ნაირსახეობების გაცნობა მათი სპეციფიურობის განსაზღვრა; პირველი ფილმი-ჩანახატის გადაღება.

მესამე სემესტრში (პრაქტიკული რეჟისურა)-  მოკლემეტრჟიანი გათამაშებული (ან დოკუმენტური) ფილმის გადაღება.

სასწავლო კურსის ფორმატს წარმოადგენს ლექცია, სამუშაო ჯგუფი, პრაქტიკული სამუშაო, დავალების ინდივიდუალური შესრულება, პრეზენტაცია.

კინოს კლასიკის საუკეთესო ნიმუშების გაცნობისა და ანალიზის შედეგად, ხელოვნების სხვადასხვა დარგის (მხატვრობა, მუსიკა, ლიტერატურა, თეატრი და სხვა) საუკეთესო მაგალითებზე დაყრდნობით, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიის შესწავლით, ათვისებულ მასალაზე დაფუძნებით და საკუთარი მოკლე ფილმების შექმნით, მაგისტრანტი გამოიმუშავებს იმ უნარს და პროფესიონალიზმს, რაც აუცილებელია ამ დარგში მოღვაწე ხელოვანის, მეცნიერისა და პედაგოგისათვის.

სწავლის დამთავრებისას მაგისტრს გამომუშავებული აქვს გათამაშებული კინოფილმის დამდგმელი რეჟისორის პროფესიული უნარ-ჩვევები მის მიერ საკურსო ფილმების და სამაგისტრო ნაშრომის შესრულების პროცესში; ამასთანავე, მას აქვს პედაგოგიური მუშაობის  და სამეცნიერო კვლევითი ნაშრომის (ანალიტიკური ესსე) შექმნის გამოცდილება.

მერაბ კოკოჩაშვილი

დოკუმენტური კინორეჟისურის ოსტატობა

სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტები, რომლებიც კარგად გაერკვევიან თანამედროვე საზოგადოების განვითარების სოციალურ და კულტურულ პროცესებში, კარგად ექნებათ გააზრებული კინოხელოვნების და დოკუმენტური კინოს საუკუნოვანი გამოცდილება და ამ პროცესების ანალიზის შედეგად, პროფესიულ-მეთოდოლოგიური მიდგომით შეძლებენ უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს.

სტუდენტები დაეუფლებიან (გაიღრმავებენ) ეკრანული ნაწარმოების შექმნის თეორიულ პრინციპებს და პრაქტიკულ მეთოდებს-ეკრანული ნაწარმოების, იდეის და თემის დრამატურგიულ, ვიზუალურ და ხმოვან სტრუქტურას. ეკრანული ნაწარმოების ფორმისა დასტილის განსაზღვრას და შესაბამისი სახვითი საშუალებების პრაქტიკულ გამოყენებას.

თეორიული მასალის ასათვისებლად და პრაქტიკული უნარჩვევების გამოსამუშავებლად ზეპირსიტყვიერ მეთოდთან ერთად გამოყენებული იქნება, წიგნზე მუშაობის, სტუდიური, პრაქტიკული, შემთხვევისა და ანალიზიზის, დემონსტრირების და ინტერაქტიური მეთოდები. რაც გულისხმობს: შესაბამის თემაზე მითითებული ლიტერატურის დამუშავებას, შემოქმედებითი ხედვის და გააზრების წერილობით წარმოდგენას; შეთავაზებული სიტუაციის ანალიზსა და ინტერპრეტაციას;  საილუსტრაციო მასალის (ფილმის, ფილმის მასალის) ანალიზსა და დისკუსიას.

მაგისტრანტები გაეცნობიან საქართველოში მოქმედ კინო და ტელე წარმოების ტექნიკასა და ტექნოლოგიებს. მასტერკლასებზე მოწვეული იქნებიან ქართველი რეჟისორები და კინო-ტელეწარმოების სპეციალისტები.

ყოველი სემესტრის ბოლოს სტუდენტები წარმოადგენენ პრაქტიკულ ნამუშევარს. 

ვაჟა ზუბაშვილი

დოკუმენტური კინოს რეჟისურა

საგნის მიზანია მსოფლიო დოკუმენტურ კინოში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესების შესწავლა და გაანალიზება; ახალი, ციფრული ტექნოლოგიების ათვისების ფონზე კამოკვეთილი ტენდენციებისა და მიღწევების გაცნობა და ათვისება.

სატელევიზიო ფორმატის სპეციფიკის გაცნობა, იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტური კინო XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე იქცა მსოფლიო ტელე-ეთერის ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტად და კინოთეატრიდან  ტელევიზიაში ,,გადასახლდა“.    

დისციპლინის სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდები:

ინტენსიური სალექციო მეთოდი, ვიზუალური პრეზენტაცია, ვერბალური განმარტება, დისკუსია, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში. ანალიზის მეთოდით მოხდება დისციპლინის ცალკეული საკითხების დეტალური განხილვა.  დამოუკიდებელი მუშაობა წარიმართება დავალებებით, რომელიც მოითხოვს დამოუკიდებელ ანალიზს, და ვერბალურ წარდგენას. 

ოთარ  ლითანიშვილი

დოკუმენტური კინოს რეჟისურა

დოკუმენტური კინოფილმის პრაქტიკული რეჟისურა გულისხმობს დოკუმენტური ფილმის რეჟისორ-ოპერატორის აღზრდას, მის მიერ საავტორო დოკუმენტური  მოკლე ფილმის შექმნას.

სასწავლო კურსის ფორმატს წარმოადგენს ლექცია-პრაქტიკუმი (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება და მონტაჟი), პრეზენტაცია, ინდივიდუალური მუშაობა.

მაგისტრანტი ეცნობა გაუთამაშებული კინოფილმის რეჟისურის პროფესიის თავისებურებებს, პირადად ამზადებს პროექტს, აწარმოებს გადაღებებს როგორც რეჟისორ-ოპერატორი, იწერს ხმას და აკეთებს მონტაჟს, აგრეთვე - საკუთარი მუშაობის აღწერას პრეზენტაციისათვის.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მაგისტრანტი იქნება უნივერსალური კინემატოგრაფისტი-დოკუმენტალისტი, რომელიც შესძლებს დოკუმენტური ფილმის გადაღებას როგორც რეჟისორი და ოპერატორი. მაგისტრანტი შესძლებს მუშაობას დოკუმენტური ფილმების მწარმოებელ ტელე და კინოკომპანიებში, აგრეთვე, შესძლებს დამოუკიდებელი სტუდიის დაფუძნებას. 

დავით  გუჯაბიძე

ტელერეჟისურის ოსტატობა

პროგრამა დარგის თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, მაგისტრანტს შეასწავლის ლიტერატურული პირველწყაროს ან საავტორო პროექტის კადრის ენაზე გადატანის  კინემატოგრაფიულ კანონებს. საქმიანობის ეტაპობრივად დაყოფით.  სცენარში პროექტის მხატვრული გადაწყვეტის სახიერი და საწარმოო აღწერით, შემოქმედებითი პროცესის პროფესიულ დონეზე დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. თუ, როგორ მიიღწევა შინაარსობრივად და  ვიზუალურად კომპოზიციურად გამართული მოქმედების ეფექტურად განვითარება და მისი დაქვემდებარება გააზრებული კონცეფციისა და შემოქმედებითი ამოცანისადმი. 

ალექსანდრე ვახტანგოვი

მხატვრობა და მუსიკა ტელევიზიაში

მაგისტრანტი გაეცნობა ტელევიზიასა და ვიდეოწარმოებაში მხატვრული და მუსიკალური გაფორმების სპეციფიურ საშუალებებსა და ხერხებს. კურსი სტუდენტს გააცნობს რა ამოცანები დგას დამდგმელი მხატვრის, მხატვარ დეკორატორის, რეკვიზიტიტორის, მხატვარ პროგრამისტის, კოსტიუმების მხატვრის წინაშე. როგორ ირჩევა მუსიკალური ფონი, ხმაურები, ხმოვანი აქცენტები. ეტაპობრივად, პრაქტიკული და ტექნოლოგიური თვალსაზრისით,  რა შემადგენლობისა და სპეციალიზაციის ჯგუფი ემსახურება პროექტის მხატვრულ და მუსიკალურ გაფორმებას. რას გვირჩევენ პროფესიონალები, რა დატვირთვა აქვს მათ ნამუშევრებში მუსიკასა და მხატვრობას. 

ალექსანდრე  ვახტანგოვი

თანამედროვე კინო-ტელე ტექნოლოგიები

პროგრამა მიზანად ისახავს თანამედროვე კინო ტელე ტექნოლოგიების, კინო და ტელე აპარატურის, პავილიონისა და სტუდიის, მოძრავი ტელესადგურების, ახალი თაობის კინო და ვიდეო კამერების,  სამონტაჟო კომპლექტებისა და პროგრამების, სარედაქტორო, კადრირებისა და სცენარის დასაწერი კომპიუტერული უზრუნველყოფის ტექნიკური შესაძლებლობებისა და პარამეტრების შესწავლას, რაც საშუალებას მისცემს მაგისტრანტს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში ბევრად გაიადვილოს  ჩანაფიქრის მხატვრულად და შემოქმედებითად ორგანიზება, მეტი გამომსახველობითი ფორმები გამოიყენოს გადაღებისა და მონტაჟის დროს. 

ალექსანდრე  ვახტანგოვი

ვიდეოარტი

სივრცულ-ვიზუალური მხატვრობის ერთერთი აუცილებელი ელემენტი ტელევიზიაა. სტუდენტი გაეცნობა სახვით ხელოვნებაში ვიდეოტექნიკის, კომპიუტერული და სატელევიზიო გამომსახველობითი საშუალებით მხატვრული კონცეფციის გადმოცემის ფორმებსა და საშუალებებს, ასევე ამ ჟანრში შექმნილ  მსოფლიო შედევრებს. შეძლებს აღიქვას ის, როგორც მხატვრის ძიება ტრადიციულის,  ნაცნობის საზღვრებს მიღმა, ახალი, ტექნოლოგიური გამომსახველობითი  ხერხების სამყაროში. 

ალექსანდრე  ვახტანგოვი

კინო-ტელე დრამატურგიის ოსტატობა

სასწავლო კურსის მიზანია:

I ეტაპზე  კინოდრამატურგიის  ძირითადი ცნებების, პრინციპებისა და წესების გაცნობა, ტერმინოლოგიის ათვისება   -   დრამატული სიტუაცია, პერსონაჟები, პროტაგონისტი, ანტაგონისტი და ალტერნატიული ფაქტორი, მოტივაცია (ფარული და ხილული), მოტივაციიდან კონფლიქტამდე, კონფლიქტის ტიპები, ადამიანის ტემპერამენტის ტიპები და პერსონაჟის ხასიათი.

II ეტაპზე სასცენარო განაცხადის, სინოფსისის, გაფართოებული ლიბრეტოს (თრითმენტის) და სცენარის სტრუქტურისა და კომპოზიციის, სიუჟეტის კონსტრუირების მეთოდების შესწავლა და პრაქტიკული გამოყენება საკუთარ ნამუშევარში.

სასწავლო კურსის განხორციელების მეთოდებს წარმოადგენს: ლექცია, დისკუსია-დებატები, კინოფილმების ლიტერატურული საფუძვლის დრამატურგიული ანალიზი (ჯგუფური სამუშაო), საკუთარი წერითი ნაშრომის პრეზენტაცია, ლიტერატურული ტექსტის დრამატურგიული მოდელირება;

სწავლების I წლის ბოლოს მსმენელმა უნდა წარმოადგინოს 3 რეფერატი (მხატვრული ფილმის დრამატურგიული ანალიზი, 2-2 გვ.), 2 სასცენარო განაცხადი და მხატვრული ფილმის თრითმენტი;

III სემესტრის ბოლოს   -   ორიგინალური სცენარი მხატვრული ფილმისათვის;

IV სემესტრის ბოლოს  -   დოკუმენტური ფილმის სცენარი, სინოფსისი, ან გაფართოებული ლიბრეტო და, აგრეთვე, მხატვრული ფილმის სცენარი ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით/მოტივებზე.                                                                                                                

კონსტანტინე  ჯანდიერი

კინო-ტელე ოპერატორის ოსტატობა 

კინო დიდ როლს თამაშობს განათლების,  მოქალაქეობრივი აღზრდისა და გემოვნების ჩამოყალიბების საქმეში. მომავალში კინო თავის სიტყვას ქვეყნის ეკონომიკაშიც იტყვის, ისე, როგორც ეს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში ხდება. კინოოპერატორი კინოწარმოების ერთ–ერთი მთავარი ფიგურაა. მოცემული სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს კინოოპერატორის, როგორც პრაქტიკოსის, თეორეტიკოსისა და ორგანიზატორის აღზრდას.

მოცემული კურსის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან ფოტოგრაფიისა და  კინოოპერატორის ოსტატობის კურსებს. შეასრულებენ თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს.

 სამაგისტრო საფეხური უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას შემოქმედებითი პედაგოგიკის მნიშვნელოვანი ასპექტების ცოდნით.

სასწავლო  კურსის თეორიული ნაწილის გადმოცემა ხდება ლექციების სახით. სტუდენტები ასრულებენ თეორიულ, წერილობით  ნამუშევრებს ფოტოგრაფიისა და კინოს ისტორიიდან (ფოტოგრაფებზე და კინოოპერატორებზე). გარდა ამისა, სტუდენტები პრაქტიკული სამუშაოების საშუალებით ეუფლებიან ფოტოგრაფისა და  კინოოპერატორის ოსტატობას.

გიორგი ბერიძე

ოპერატორის ხელოვნება

კინო და ტელეფილმის დამდგმელი ოპერატორის ხელოვნების დისციპლინა მოიცავს გათამაშებული და დოკუმენტური ფილმის ვიზუალური გამოსახულების ავტორის (ოპტიკური მხატვრობის) ხელოვნების პრინციპების გაცნობას, ტექნიკისა და ხელოვნების შერწყმის პროცესის გაანალიზებას და პრაქტიკულად რეალიზებას სასწავლო სამუშაოების შესრულების სახით.

სასწავლო კურსის ფორმატს წარმოადგენს ლექცია, პრაქტიკუმი (ნატურაზე და გადასაღებ პავილიონში განათების ხელსაწყოებით გადაღება) და პრეზენტაციები სემინარზე, ინდივიდუალური მუშაობა.

მაგისტრანტი ეცნობა კინო და ტელეფილმის ოპერატორის, როგორც აუდიოვიზუალური ოპუსის  ვიზუალური კომპონენტის ავტორი-შემოქმედის პროფესიულ კომპეტენციებს, აწარმოებს გადაღებებს ნატურაზე, ინტერიერსა და პავილიონში გადამღები და გამნათებელი ხელსაწყოების გამოყენებით.

კურსის გავლის შედეგად მაგისტრანტი ფლობს დოკუმენტური და დადგმითი კინოს დამდგმელი ოპერატორის პროფესიის თავისებურებებს და აცნობიერებს ფილმის სახვითი გადაწყვეტის პრობლემებს.მაგისტრანტს შეუძლია  საკუთარი ჩანაფიქრის შესაბამისი ვიზუალური ფორმის შეთხზვა და რეალიზება კინოსაოპერატორო გადამღები  და გამნათებელი აპარატურის შერჩევით, სასურათე სიბრტყეზე კომპოზიციის, განათების, ფერის, და სხვა ვიზუალური აქცენტირების საშულებებით სურათის აგება და განწყობილების შექმნის პროცესში მონაწილეობა დამგმელ ოპერატორთან ერთად (ან   დამოუკიდებლად). 

დავით  გუჯაბიძე

მონტაჟის თეორია და პრაქტიკა

შეისწავლის გადაღებული მასალის დრამატურგიული და თემატური აწყობის თეორიულ და პრაქტიკულ ნიუანსებს. ძირითადი საწარმოო ფაზების განხილვით ვნახავთ, როგორ ერთიანდება თითოეული კადრი მცირე და დიდ ჯგუფში, მონტაჟურ ფრაზებსა და ეპიზოდებში, რომელთა დაკავშირებით იქმნება ეკრანული ნაწარმოების კომპუზიციური მთლიანობა; კადრებს შორის აზრობრივი, გამომსახველობითი, სივრცულ-მასშტაბური, დინამიური და ხმოვანი თანაფარდობა, რეჟისორული ჩანაფიქრის სახიერი ფორმა. 

ალექსანდრე  ვახტანგოვი

კინორეჟისურის საფუძვლები

კურსის მიზანია  მაგისტრანტისთვის კინორეჟისურის საფუძვლების გაცნობა,

ვიზუალური ხატებით აზროვნების ჩვევების გამომუშავება და მისი მომზადება  პროფესიონალ კინორეჟისორთან სამუშაოდ.

კურსი გათვლილია კინემატოგრაფიული სპეციალობების მაგისტრანტებისათვის (კინოსარეჟისორო სპეციალობის გარდა) და ითვალისწინებს ცალკეული კინემატოგრაფიული სპეციალობების პროფესიონალთა ინტერაქციის სპეციფიკას აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების შექმნის პროცესში.

მასში გათვალისწინებულია ხელოვნების ყველა ის სფერო, რომელიც განსაზღვრავს კინემატოგრაფიულ ნაწარმოებს როგორც სინთეზურ, პოლიფონიურ და, ამავე დროს, მკაფიოდ ინდივიდუალურ ხელოვნების ნიმუშს და მის შექმნის პროცესს. 

ლევან  კიტია

ხმის რეჟისურის ოსტატობა

სამაგისტრო პროგრამა გამიზნულია კინო-ტელე ინდუსტრიაში ისეთი აუდიო-საინჟინრო (ხმის რეჟისორების) კადრების მოსამზადებლად, რომელიც აკმაყოფილებს არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ აქვს საკუთარი ხელწერა და ქმნის მაღალი დონის შემოქმედებით კინო-ტელე პროდუქციას.

მაგისტრატურა მიზნად ისახავს ბაკალავრიატში მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სწავლის პროცესი მოიცავს როგორც მოცემული დარგის უახლესი მეცნიერული მიღწევების, ასევე ახალი ტექნოლოგიებისა და აუდიო ტერმინოლოგიის დაუფლებას, რაც საშუალებას მისცემს მაგისტრანტს პრაქტიკაში განახორციელოს მიღებული თეორიული ცოდნა. მაგისტრატურაში სწავლის შედეგად ყალიბდება მაღალი რანგის პროფესიონალი აუდიო ინჟინერი (ხმის რეჟისორი), რომელიც აღჭურვილია თეორიის ღრმა ცოდნით, აქვს უნარი სიღრმისეულად შეაფასოს აუდიო მასალა და მუდმივად იმყოფებოდეს ახლის ძიებაში.

მაგისტრატურის კურსდამთავრებული დაუფლებული იქნება მხატვრული, დუკუმენტური და ანიმაციური ფილმების ხმის რეჟისორისათვის აუცილებელ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, შეძლებს დამოუკიდებელ მუშაობას, მეცნიერული კვლევის წარმართვას, მიღებული ცოდნის სხვისთვის გადაცემასა და ოსტატის ასისტირებას.

მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, მაგისტრანტი გამოიმუშავებს სამეცნიერო კვლევის ჩვევასა და ანალიტიკურ აზროვნებას, შეძლებს უახლესი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას, ჩამოყალიბდება მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად და მრავალმხრივ ერუდირებულ პიროვნებად. 

                                                                                                                          მერაბ ურუშაძე

 

აუდიოვიზუალური ტექნოლოგიები

აუდიოვიზუალური ტექნოლოგიები ეს არის საგანი, რომელიც შეისწავლის აუდიო და ვიზუალური რიგების ურთიერთობებს ეკრანული ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებასა და აგებულებაში. ეს არის საგანი, რომელიც განსაზღვრავს კომპოზიციის დრამატურგიას, მის ფსიქოლოგიურ და სტილისტურ მონაცემებს.

არსებობს ეკრანული პროექტები რომელთა სტრუქტურა მოითხოვს აუდიო და ვიზუალური მეტყველების სინთეზს (და ასეთი მრავლად არის 60-ნი წლების შემდეგ) როგორც ტელე ასევე კინო პროექტებში. აუდიო და ვიზუალური რიგების სინთეზი და კონტრაპუნქტი ყალიბდება მხოლოდ ორივე რიგის პროცესის შესწავლით როგორც ჰორიზონტალური ხაზის მეტყველების ანალიზით ასევე ვერტიკალური ჟღერადობის კომპლექსური შესწავლით.

სტუდენტი შეისწავლის პლასტიკური ხაზების ურთიერთობის ტექნოლოგიებს როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად. ყოველივე დამყარებული იქნება აუდიო და ვიზუალური რიგების დაგეგმარებაზე, მათი მეტყველების სპეციფიკაზე და ანლიტიკური დიაგნოსტიკის სპეციფიკის განსაზღვრაზე.  

ელისაბედ  ერისთავი

კინო-ტელე მხატვრობა

კურსის მიზანია სტუდენტმა  მიიღოს ტელე-კინო მხატვრობის სიღრმისეული ცოდნა

კურსის ზოგადი შინაარსია:

კომპოზიციის ზოგადი კანონები მხატვრობაში, კადრირება და კომპოზიცია, ხედები კინემატოგრაფში, ზოგადად კონო მხატვრობის ისტორია , სცენარი და მხატვარი (ზოგადად), მხატვრის ფუნქცია საეკრანო ხელოვნებაში, კოსტიუმის მხატვარი(ზოგად), მსახიობი, როლი და მხატვარი, კოსტიუმი და ვარცხნილობა, სატელევიზიო სერიალი და მხატვარი, მსოფლიო კოსტიუმის ისტორია, სცენარი ინტერიერი და დიზაინი, ფერთა ფსიქოლოგია და ფერთა პალიტრა განათების პარტიტურა და შუქჩრდილთა თეორია მხატვრობაში .Pპრაქტიკული სამუშაო კოსტიუმი და მოძრაობა, სატელევიზიო სპექტაკლი და მხატვრის ფუნქცია და შესაძლებლობები, გრიმი, და მაკიაჟი--- საეკრანო ხელოვნებში. მსოფლიო გამოცდილება ტელე-კინო მხატვრობაში. პრაქტიკული სამუშაოები .

სწავლის შედეგად სტუდენტი დაეუფლება თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას კინოკადრირების შესახებ და ეცოდინება სადადგმო მხატვრობა. აგრეთვე სიღრმისეულად კოსტიუმის მხატვრობა. მას განუვითარდება კომპოზიციის კარგი გრძნობა. ექნება საფუძვლიანი ცოდნა მსოფლიო კოსტიუმის შესახებ. ეცოდინება საეკრანო გრიმი და მაკიაჟის ხელოვნება, აგრეთვე ზოგადად სტუდიური განათება და განათების პარტიტურა. იგი შეძლებს ჩამოყალიბდეს პროფესიონალ ტელე-კინო მხატვრად. 

ნინო  დონდოლაძე

მონტაჟის თეორია და პრაქტიკა

მონტაჟის თეორიული და პრაქტიკული რეალიზაციის პრინციპების შესწავლა, ავტორისეული ჩანაფიქრის გადატანა ეკრანზე კინოენის, მონტაჟის მეშვეობით და აუდიოვიზუალური სრულყოფის მიღწევა თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით. პროფესიის ღრმა ცოდნა სტუდენტს  აძლევს  ორიგინალური იდეების შემუშავების საშუალებას, დამოუკიდებლად ღებულობს გადაწყვეტილებებს, რაც ეხმარება იდეის ჩამოყალიბების საწყისი ეტაპიდან მის სრულყოფილებამდე. ისწავლება აუდიოვიზუალური ნაწარმოების მონტაჟის ანალიზი, რაც  ეხმარება საკუთარი ნაშრომის დახვეწასა და სრულყოფაში. სასწავლო კურსის ფორმატს წარმოადგენს ლექცია, პრაქტიკული სამუშაო, დავალების ინდივიდუალური შესრულება, პრეზენტაცია. 

გიორგი ხარებავა

ციფრული მონტაჟი

კურსის მიზანია, შევასწავლოთ სტუდენტებს მასალის ორგანიზაცია მონტაჟის განსახორციელებლად.

კურსი ითვალისწინებს სწავლების შემდეგ მეთოდებს: თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, საშინაო დავალებები, გამოკითხვა, დისკუსია-დებატები.

ლექციის თემები: მონტაჟურად გადაღების კანონები, გადაღებული მასალის სელექცია და შეტანა სამონტაჟო პროგრამაში, ინდივიდუალური ინტერფეისის აწყობა, აუდიო-ვიდეომასალის სინქრონიზაცია, აუდიო-ვიდეოეფექტების გამოყენება, მზა (დასრულებული მონტაჟი) პროდუქციის ექსპორტი სათანადო ფორმატებში, კონვერტაცია (ფორმატისა და რეზოლუციის შეცვლა).

დასკვნა: კურსის გავლის შედეგად სტუდენტი შეძლებს გადაღებული მასალის დამოუკიდებლად დამონტაჟებას და შესაბამისი ფორმით წარდგენას. იგი შეიძენს უნარ-ჩვევებს, თუ როგორ აწარმოოს მონტაჟური პროცესი სრულფასოვანი ნამუშევრის წარსადგენად.კომპიუტერული გრაფიკა და ფილმის დიზაინი: XX საუკუნის ნახევრიდან დღემდე კინო ინდუსტრიასა და ზოგადად ეკრანულ ხელოვნებაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი კომპიუტერულ გრაფიკას და დიზაინს უჭირავს, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების განვითარების შედეგად წარმოიქმნა. დღეს ნებისმიერი საეკრანო ნაწარმოები კომპიუტერული გრაფიკისა და, ზოგადად, დიზაინის გარეშე არ არსებობს. შედეგად, კინოტელეხელოვნების სპეციალისტებს ევაკებათ ამ საკითხების პროფესიულად ცოდნა, რასაც ნაწილობრივ (ტექნიკური უზრუნველყოფის თვალსაზრისით) ეს კურსი შეასწავლის. კურსის მიზანია, გაარკვიოს სტუდენტ კომპიუტერული გრაფიკის შესაძლებლობებსა და მისი გამოყენების საშუალებებში (როგორც ტექნიკურად, ასევე მატერიალურად). აგრეთვე, უზრუნველყოფილი იქნება დიზაინის გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება, დასმულ ამოცანასთან შესაბამისად.კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი ეუფლება დამოუკიდებელ პროფესიას.

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0957946
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-06-28
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია