ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
დეკანი

ზვიად დოლიძე - ფაკულტეტის დეკანი, კინოისტორიკოსი, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩეულია 2017 წლის 8 ნოემბერს.

1980 წელს დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (კულტურის ისტორიის სპეციალობით) თემაზე: „ქართული კულტურის ისტორია: კინემატოგრაფიის განვითარება 1921-1938 წლებში” და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (კინოს, ტელევიზიისა და ეკრანის სხვა ხელოვნების სპეციალობით) თემაზე: „ვესტერნის ისტორიულ-სოციალური წანამძღვრები და განვითარების გზები“ და მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ხარისხი.

1992 წლიდან მუშაობს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. გაიარა ეტაპები უფროსი მასწავლებლიდან პროფესორამდე. იყო სატელევიზიო ხელოვნების კათედრის გამგე, საზღვარგარეთთან ურთიერთობის კოორდინატორი. კითხულობდა ლექციებს მსოფლიო ისტორიასა და საქართველოს ისტორიაში, ტელევიზიის ისტორიასა და ქართული კინოს ისტორიაში. ამჟამად ასწავლის მსოფლიო კინოს ისტორიას. არის კინოს ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი და ნაშრომების ხელმძღვანელი.

მიწვეული ლექტორის სტატუსით კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

იყო საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე, 40 სამეცნიერო სტატიის (დაბეჭდილია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ავტორი, რამდენიმე წიგნისა და ჟურნალის რედაქტორი, არის საქართველოს ეროვნული კინოაკადემიის (ყოფილი – კინემატოგრაფისტთა კავშირის) წევრი.

მისი ბიოგრაფია შეტანილია ცნობარებში: „ვინ ვინ არის საქართველოში 2001-2002“, „ვინ ვინ არის საქართველოში 2006“, „ვინ ვინ არის საქართველოში 2009“, „საქართველოს პარლამენტი. 1990-2006“, „საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები. 1992-2006“, „ქართული კინო. ენციკლოპედიური ლექსიკონი. 1896-2011“.

არის ერთი კინოსცენარისა და ექვსი წიგნის („ქართული კინო“, „ვესტერნი: ისტორია და ფილმი“, „აკირა კუროსავას კინოსამყარო“, „მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორია. უხმო კინო“, „მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორია. 1930-1960-იანი წლები“, „ქართული კინო. მოკლე ისტორია“) ავტორი, კრებულის „ქართველი ქალი კინორეჟისორების ძალა“ (გამოცემულია სამხრეთ კორეაში) თანაავტორი.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა თბილისის №1 ექსპერიმენტულ სკოლაში, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, კინოსტუდია „მემატიანეში“, ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, საქართველოს საისტორიო საზოგადოებაში, მცირე საგამომცემლო საწარმო „ტაო-91“-ში, ასევე, კერძო საავტორო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. იყო საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საპარლამენტო კომიტეტის წევრი. ავტორისა და წამყვანის რანგში უძღვებოდა პროგრამებს („კინოდოკუმენტალისტის თვალით“, „ილუზიონი“, „ძველი კინოკლასიკა“, „ოსკარი“ ჩვენს ეკრანზე“) საქართველოს სატელევიზიო კომპანიებში – „პირველი არხი“, „ევრიკა“, აჭარის ტელევიზია.

არის ასოციაცია „სინერამას“ აღმასრულებელი დირექტორი და აბაშის საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი.

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
1191787
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2018-09-20
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია