ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
ღონისძიებები

სტარტაპების კონკურსი და წარმატებული სტუდენტები - ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის CONNECT 2022 წლის ფინალური ღონისძიება

12 დეკემბერს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო ტრენინგების მონაწილე სტუდენტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება და სტარტაპების კონკურსი. აღნიშნული ტრენინგები 17 ოქტომბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის CONNECT ფარგლებში განხორციელდა.

ტრენინგების ფარგლებში სტუდენტებმა შეიძინეს ახალი ცოდნა-გამოცდილება სახელოვნებო-შემოქმედებითი, დიგიტალური უნარებისა და აქსელერაციის მიმართულებით. მათ წინ წამოსწიეს ახალი ბიზნეს იდეები და საკონკურსო ჟიურის წინაშე წარმოადგინეს სტარტაპები (ხელმძღვანელი ასოც. პროფ. დოდო ჭუმბურიძე).

ჟიურის წევრები გახლდნენ ერაზმუს + პროექტის მენეჯმენტის ჯგუფის წევრები და პედაგოგები: ნატო გენგიური (პროექტის მენეჯერი, აკადემიური ნაწილის ხელმძღვანელი), ნანა ლეწვერიძე (პროექტის კოორდინატორი) და პედაგოგები: თათა თავდიშვილი, თიკო ქათამაშვილი, რევაზ ჭიჭინაძე, თამთა თურმანიძე, ქეთევან ოჩხიკიძე.

სტარტაპების კონკურსში გაიმარჯვა ოთხმა მონაწილემ: ლიზი ხუნდაძემ, მარიამ ცხვედაძემ, ნინო კვირიკაშვილმა და ნიკოლოზ მაჩაბელმა, ხოლო ელენე თაბაგარის და მარიამ ხაჩიძის სტარტაპები სიგელით აღინიშნა. ყველა მათგანი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.

სტუდენტებს წარმატება მიულოცეს სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანმა ზვიად დოლიძემ, პროექტის ხელმძღვანელმა და ღონისძიების ორგანიზატორმა ნატო გენგიურმა, პროექტის კოორდინატორმა ნანა ლეწვერიძემ, პროექტში ჩართულმა პედაგოგებმა.

ტრენინგების მეორე ეტაპი, რომელიც ასევე სტარტაპების კონკურსით დასრულდება, დაიწყება 2023 წლის გაზაფხულზე.

იხილეთ ფოტოები

 

2022 წლის ზაფხულში, ERASMUS+ პროექტის CONNECT-ის ფარგლებში, გაგრძელდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგების ვიზიტები უცხოეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში.

ERASMUS+ პროექტის CONNECT-ის ფარგლებში, 2022 წლის 13 - 18 ივნისს, ჩვენი პედაგოგი თათა თავდიშვილი იმყოფებოდა ფინეთში, ლაპენრანტას უნივერსიტეტში LUT University (Lahti University of Technology).

პროექტის ფარგლებში მესამე ვიზიტი კი 4 - 9 ივლისს შედგა. ასოცირებული პროფესორი რევაზ ჭიჭინაძე გაემგზავრა ლატვიაში, ქალაქ რიგაში, უნივერსიტეტში - RISEBA University of Applied Sciences.

ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის პედაგოგებმა თათა თავდიშვილმა და რევაზ ჭიჭინაძემ მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახის ტრენინგებში, მასტერკლასებსა და ვორქშოპებში, სტარტაპ ეკოსისტემის შექმნის, დიზაინ აზროვნებისა და მარკეტინგის სტრატეგიის მიმართულებით. მომწვევი მხარის ინიციატივით გაეცნენ სხვადასხვა ინსტიტუციის გამოცდილებას სტარტაპების წარმართვისა და განვითარების მხრივ, მოინახულეს უნივერსიტეტის CoWorking სივრცეები (სატელევიზიო სასწავლო სტუდია, არტ განყოფილების სივრცე RISEBA-სა და LUT University-ში), აგრეთვე ჰქონდათ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები სტარტაპერებთან, სადაც გაეცნენ მათ გამოცდილებას.

იხილეთ ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა

 

2022 წლის 4-9 აპრილს, ერასმუს+ პროეტის CONNECT-ის („Connecting Universities Industry through Smart Enterpreneurial Cooperation and Competitive Intelligence of Students in Moldova, Georgia and Armenia“) ფარგლებში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგები - ასოცირებული პროფესორი დოდო ჭუმბურიძე, ასისტენტ-პროფესორი თამთა თურმანიძე და ასისტენტი ქეთევან ოჩხიკიძე ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქ სოფიაში. მათ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ტრენინგში - „Entrepreneurial Ecosystems“, რომელიც Anthology Management-ის მიერ განხორციელდა.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მათ მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე ტრენინგში, მასტერკლასსა და სამუშაო შეხვედრაში საფინანსო დაგეგმარების, კომუნიკაციების მართვისა და ინვესტირების შესაძლებლობის მიმართულებით, ასევე, მოხდა სტარტაპების წარდგენა, გაიმართა ჯგუფური სამუშაოები, საინტერესო დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში, ზემოთ აღნიშნული თემატიკის ირგვლივ.

მომწვევი მხარის ინიციატივით, ისინი გაეცნენ ბულგარეთის სხვადასხვა ინსტიტუციის გამოცდილებას სტარტაპების წარმართვისა და განვითარების საქმეში, მოინახულეს CoWorking სივრცეები. ჰქონდათ გაცნობითი ხასიათის ვიზიტები ეროვნულ და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტსა და სოფიის უნივერსიტეტში, სადაც გაეცნენ მათ გამოცდილებას კულტურული ტურიზმის წარმოების მიმართულებით.

ვიზიტის განმავლობაში, ჩვენი პედაგოგები აქტიურად იყვნენ ჩართულნი აქტივობებში სწავლების პროცესის ყველა ეტაპზე და თითოეულ მონაწილეს Startup Acceleration მოდულის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

იხილეთ ფოტოები

 

ერაზმუს+ CONNECT პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ონლაინ ტრენინგებში ტაფუ-ს პედაგოგების მონაწილეობის ამსახველი ფოტოები

 

CONNECT მენეჯმენტის გუნდის სამუშაო შეხვედრა ერევანში


2021 წლის 07 - 13 ნოემბერს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნატო გენგიური და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საერთაშორისო პროგრამების სამსახურის გაცვლითი პროგრამების სპეციალისტი თეა ვაწაძე იმყოფებოდნენ ERASMUS + ინსტიტუციური განვითარების პროექტის CONNECT (CBHE ERASMUS+, Connecting universities and enterprises through Smart Entrepreneurship activities in Moldova, Georgia and Armenia) მენეჯმენტის გუნდის სამუშაო შეხვედრებზე ერევანში, რომელიც ბრუსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

იხილეთ ფოტოები

 
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2311853
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-01-27
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია