ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
დრამის ფაკულტეტი

მაგისტრატურა სილაბუსების ანოტაციები

რეჟისორის ოსტატობა  (დრამის)

კურსის მიზანია რეჟისორ - პედაგოგის აღზრდა, რომელსაც კურსის დამთავრების შემდეგ შეეძლება თვითონ აღზარდოს მომავალი მსახიობები და რეჟისორები,  სათავეში ჩაუდგეს თეატრალურ კოლექტივს,  დაუფლებული იქნება სპექტაკლის დადგმის ხელოვნებას, აქტიორთან მუშაობისა და მისი აღზრდის მეთოდოლოგიას.

პროფესიონალი რეჟისორის აღზრდის სასწავლო მეთოდოლოგია თავისი სტრუქტურით წარმოადგენს თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილების სინქრონულ პარალელში მიმდინარე პროცესს. მეცადინეობები ჩატარდება ჯგუფური და ინდივიდუალური ფორმით.

კურსის გავლის შემდეგ მაგისტრანტი შეძლებს სწორად შეაფასოს სცენიური ნაწარმოების მთლიანობისა და მისი შემადგენელი კომპონენტები. გააცნობიერებს თეატრალური ხელოვნების განმასხვავებელ ნიშნებს: ქმედითი სიტყვა, მოვლენა, კონფლიქტი, მოქმედება.  შესძლებს განასხვაოს სხვადასხვა თეატრალური სისტემები და სპექტაკლის ფორმები. გამოიმუშავებს პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

კურსის ათვისების შემდგომ სტუდენტს ეცოდინება რეჟისორის ოსტატობის, სასცენო კომპოზიციის, სპექტაკლის ჟანრისა (ოპერა, ბალეტი, დრამა) თუ სცენის ტექნიკური თავისებურებებიდან (წრე, ღია სივრცე, განსაკუთრებული ტექნიკური აღჭურვილობა ან მისი უქონლობა) გამომდინარე, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის თავისებურებანი. რეჟისორის მუშაობის მიმართულებები – მუშაობა მსახიობთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, ქორეოგრაფთან, ხმისა და განათების დიზაინერთან, ტექნიკურ პერსონალთან, სადადგმო ნაწილის გამგესთან.

მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნების ფორმები

თეორიისა და პრაქტიკის სინთეზი თანამედროვე მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნებისა და ზოგადად თეატრის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. დღევანდელი მსახიობი უპირველესად ანალიტიკოსია და ამის შედეგად – პრაქტიკოსი. სასწავლო კურსის პროგრამა ,,მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნების ფორმები’’ საშუალებას  იძლევა სამაგისტრო დონეზე განხორციელდეს თანამედროვე მსახიობის  საშემსრულებლო ხელოვნების არსის, ავტორისეული ნაწარმოებისა თუ პერსონაჟის სცენურ სახეში ტრანსფორმაციის პროცესის გააზრება, აგრეთვე ინტერპრეტაციულ-მამოდელირებელი საქმიანობის შესაწავლა. ,,მსახიობის საშემსრულებლო  ხელოვნების ფორმების’’ სამაგისტრო კურსის მიზანია მომზადდეს  მსახიობ-შემოქმედი, მსახიობ-პედაგოგი და  მსახიობ-მკვლევარი, რომელსაც ხელეწიფება გახდეს შემოქმედებითი პროცესის აქტიური თანამონაწილე, საკუთარი როლის ავტორი და რეჟისორი, საკუთარი შემოქმედებითი ბიოგრაფიის მმართველი. აღნიშნული სამაგისტრო კურსით მომზადდება ხელოვანი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნების ფორმათა (მსახიობის სიტყვა, ჟესტი, ნიღაბი და სხვა) ევოლუცია-დეგრადაციის პროცესის ძირითადი საფუძვლები, მისი ტენდენციები. მსახიობ-ანალიტიკოსის მომზადება მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ  უზრუნველყოს მაგისტრანტის წარმატებული პრაქტიკული მოღვაწეობის წინაპირობა, შეძლოს აქტიურად ჩაერთოს რეჟისორთან თანაშემოქმედებით პროცესში, თავადაც  წარმართოს დამოუკიდებელი შემოქმედებითი ძიებები, თავადაც განჭვრიტოს  სამსახიობო თუ ზოგადად თეატრალური ხელოვნების განვითარების პერსპექტივები.

მსახიობის ოსტატობა

აღნიშნული კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს საშუალება გამოავლინოს შემოქმედებითი უნარ-ჩვევები, მხატვრული აზროვნება, მაღალი გემოვნება და ინტელექტი, გამართული მეტყველების კულტურა, ლოგიკური აზროვნება, ემოცია, ორგანული და გააზრებული მოქმედება, ფანტაზიისა და შეთხზვის უნარი. კურსი მოიცავს თეორიულ ლექციებს, რეპეტიციებს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ მეცადინეობებს. თეორიული ლექციები დაეთმობა საუბრებს თეატრზე, მის მნიშვნელობას, თეატრის სინთეზურ ბუნებას, სტანისლავსკის სისტემის მნიშვნელობას სწავლების მეთოდოლოგიაში, მსახიობის ოსტატობის ელემენტებს. სტუდენტი შეისწავლის ღრმად ჩასწვდეს ლიტერატურულ მასალაში არსებულ პრობლემებს. მას შეეძლება როგორც სცენაზე, ასევე კინოსა თუ ტელევიზიაში ორგანული მოქმედება მაყურებელზე, შემოქმედებით ჯგუფზე; სტუდენტებზე ზემოქმედება და მისი დაინტერესება ნაწარმოების იდეით.

სასცენო სივრცის ათვისება

კურსის მიზანია ჩამოყალიბდეს მრავალმხრივ განათლებული, იდეალურად მომწიფებული ხელოვანი და პედაგოგ-მკვლევარი. მისი შემოქმედებითი და მოქალაქეობრივი პოზიცია უნდა ეფუძნებოდეს მაღალ ზნეობრივ კატეგორიებს. მაგისტრანტი დაეუფლება მსახიობ-პედაგოგისათვის აუცილებელ გამომსახველ ფორმებს – ხმის, მეტყველების, მიმიკის, პლასტიკის, რითმიკის, ტემპო-რიტმის სწორი და გააზრებული მართვის ხელოვნებას. იგი შეძლებს ორგანული მოქმედების განხორცილებას შეთხზულ გარემოში. აღნიშნული კურსით ჩამოყალიბდება ისეთი შემოქმედი, რომესაც შეეძლება მიღებული ცოდნის სწორი, გააზრებული მართვა და მისი გადაცემა. სიღრმისეულად გააცნობიერებს თუ როგორ იქმნება გმირის ლოგიკის, გმირის გემოვნების, გმირის ფიზიკური თუ სულიერი განცდების სცენური ქმედება საკუთარი, ინდივიდუალური გრძნობებისა და სხეულის. მაგისტრანტი გააღრმავებს ცოდნას გარდასახვის თეორიული თუ პრაქტიკულ  სფეროში, რომ შეძლოს შემოქმედებით კოლექტივთან წარმატებული მუშაობა, მაყურებელზე და სტუდენტზე გააზრებული შედეგიანი ზემოქმედება.

სასცენო მეტყველების თეორია და პრაქტიკა

კურსის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური პედაგოგები სასცენო მეტყველების  დარგში. მაგისტრანტები თეორიულად და პრაკტიკულად დაეუფლებიან  სწორი  მეტყველების ჩამოყალიბებისათვის  აუცილებელ საკითხებს,  ენათმეცნიერებისა  და ლოგოპედია-დეფექტოლოგიის საფუძვლებს. მათ   შეეძლებათ  მეტყველებაში   არსებულ   ნაკლოვანებათა დანახვა,  დარღვევების    გამოსწორება,  სწორი    ბგერის   დაყენება-კორექცია.   მეტყველების  

ტექნიკური და შემოქმედებითი მხარის წარმართვა.

დრამატურგის ოსტატობა

კურსის მიზანია მომავალ დრამატურგებს მისცეს მათთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, ორიგინალური პიესისა თუ ინსცენირების  შესაქმნელად.  კურსის გავლის შემდეგ  მაგისტრანტი  დაეუფლება დრამატული ნაწარმოების თეატრალური ანალიზის უნარს,  უკეთ ჩასწვდება პიესის მთავარ სათქმელს. პიესის კომპოზიციური აგებულების თავისებურებებს, ეპოქების მიხედვით დრამატურგიული ხასიათების განვითარების თავისებურებებს, პიესების ტოპოლოგიურ და ჟანრობრივ განსხვავებებს, დრამატურგიულ კონცეპტუალიზმს. ისწავლის ქვეტექსტის ამოკითხვას, სიტყვებზე მუშაობას, შეძლებს დრამატურგის გრძნობათა ბუნების გათავისებას, რაც მის მომავალ შემოქმედებაზეც უცილობლად აისახება.

რეჟისურის საფუძვლები

ამ კურსით სტუდენტი ეცნობა სპექტაკლის დადგმის ხელოვნებას; აქტიორთან მუშაობისა და მისი აღზრდის მეთოდოლოგიას; შესაძლებლობებს თუ როგორ შემოიკრიბოს თანამზრახველი კოლეგები და წარმართოს ისინი საკუთარი ნების მიხედვით; თუ როგორ შექმნას შემოქმედებითი, ძალდაუტენებელი თავისუფალი  ატმოსფერო; შეისწავლის როგორ გამოიმუშავდება დროთა განმავლობაში საკუთარი სარეპეტიციო მეთოდი; ჩამოაყალიბებს სადადგმო კონცეფციას და არ გახდება თავისივე ჩანაფიქრის მონა; ჯეროვნად შეაფასებს შენიშვნებს და გაითვალისწინებს  მათი სარგებლობის ხარისხს; პარალელურად ეცნობა ქართულ და საზღვარგარეთის პროზას, პოეზიას, დრამატურგიას; აუცილებელია ქართული და მსოფლიო კლსიკური თანამედროვე მუსიკის, მხატვრობის, არქიტექტურის, კინოს, ქანდაკების ხელოვნების, ბალეტის ნიმუშების ღრმა შესწავლა; შემოქმედებითი ფსიქოლოგიის პრინციპებში  გარკვევა; განწყობის თეორიის დებულებებში გარკვევა; ეცნობა მსოფლიოს  კულტურულ, სამეცნიერო და ტექნიკურ ღირებულებებს; ერკვევა პოლიტიკაში; მსოფლიო პოლიტიკური ისტორიის ძირითად ეტაპებსა და რელიგიურ  სისტემებში.  ყურადღება ექცევა ქართულ ენას, მის დიალექტებს; ქართულ ფოლკლორს/ლიტერატურა, მუსიკა, ქორეოგრაფია/ იმ ქვაკუთხედს, რომლიდანაც აღმოცენდება ეროვნული სანახაობა! შეისწავლიან წარსულის და თანამედროვე   რეჟისორებისა  და  პედაგოგების მოძღვრებათა შემოქმედებით-პედაგოგიური   სისტემების  გამოყენებას  და  გათვალისწინებას.  აღნიშნული  კურსი  ითვალისწინებს,  თეორიულ ლექციებს და სემინარებს, პრაქტიკული ვორქშოპებს,  მიმდინარე  სპექტაკლების,  მსოფლიო  გამოჩენილ  რეჟისორთა სპექტაკლების ვიდეოჩანაწერთა განხილვას.

ორატორული ხელოვნება

კურსი მიზნად ისახავს აღზარდოს მაღალკვალიფიციური პედაგოგები საორატორო ხელოვნების და მეტყველების კულტურის დარგში. არის მოღვაწეობის ისეთი სფეროები, სადაც სიტყვა ერთერთი მთავარი გამომსახველობითი საშუალებაა. ორატორული ხელოვნების ფლობა კი მათი პროფესიონალიზმის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მჭევრმეტყველება ის აუცილებელი გამომსახველობითი საშუალებაა, რომელმაც ხშირ შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვნად განსაზღვროს ამა თუ იმ პიროვნების კარიერა და პერსპექტივა.

სცენოგრაფიის ოსტატობა

სამაგისტრო  კურსი მიზნად ისახავს მოამზადოს მაღალკვალიფიცირებული მხატვარი-სცენოგრაფი, რომელიც შეძლებს სპექტაკლის გადაწყვიტას  დამდგმელ რეჟისორთან ერთად და ერთობლივი ჩანაფიქრის განხორციელებას პიესის თუ მუსიკალური ნაწარმოებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ფორმით.

წარმატებული პრაქტიკული სამუშაუების შემდეგ, რომელსაც მხატვარი-სცენოგრაფი უნივერსიტეტის სასწავლო სცენაზე, ასევე მაგისტრანტ-რეჟისორთან ან რეჟისორ-პედაგოგთან ერთად გაივლის (იგულისხმება სადიპლომო სპექტაკლი) მას გზა ეხსნება შემდგომი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

კომპიუტერული ანიმაცია (ვირტუალური კომპლექსური მაკეტი - მულტიმედია)

სტუდენტი გაეცნობა სამგანზომილებიანი (3D) კომპიუტერული გრაფიკის თეორიულ საფუძვლებს, განივითარებს სივრცულ აზროვნებას, გამოიმუშავებს სამგანზომილებიან პროგრამებთან მუშაობის მტკიცე პრაქტიკული უნარ-ჩვევების. შეისწავლება სამგანზომილებიანი მოდელირების სხვადასხვა მეთოდები. სამგანზომილებიან ობიექტებზე ტექსტურების დანიშვნა, ვირტუალურ განათებასთან მუშაობა და რენდერინგი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათების რთული ეფექტების შექმნას (Volumic light, Caustic, Global illumination, Final gathering).

ვოკალის ოსტატობა - თეორია და პრაქტიკა

ბევრი კურსდამთავრებული წარმატებით მოღვაწეობს მუსიკალურ თეატრში, საქართველოს ფილარმონიაში. მაგრამ მათ ვოკალის სწავლების და ვოკალის თეორიის სწავლების უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ. კურსის მიზანია ვოკალისტ-პედაგოგის მომზადება, ისინი გასწევენ როგორც პედაგოგიურ, ასევე შემოქმედებით და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. შეიძენენ დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევებს: მასალის მოძიებას, დამუშავებას, კლასიფიკაციას, სტუდენტის პროფესიული აღზრდის მეთოდიკას. პროგრამის ათვისების  შემდეგ მაგისტრანტი დაეუფლება   ვოკალური  ხელოვნების  ახალ   მიღწევებს  და   ბაკალავრიატში   მისი დანერგვის ხელოვნებას. გარდა პრაქტიკული საქმიანობისა და თეორიული მომზადებისა, მაგისტრანტი შეიძენს  მდიდარ  მეცნიერულ  ცოდნას,  რაც  უფრო სრულყოფს მისი, როგორც პედაგოგის  კვალიფიკაციას.

სცენოგრაფიის საფუძვლები

კურსის მიზანია მაგისტრანტმა შეისწავლოს სცენოგრაფიის ხელოვნების  და სამოსის ისტორიული რეტროსპექტივა და თანამედროვე ინტერპრეტაციის და სტილიზაციის საშუალებები და მაგალითები. სტუდენტები გაეცნობიან მხატვრული ესკიზებისა და მაკეტების შექმნის სტადიებს და შესრულების მეთოდებს, სცენის ტექნოლოგიურ აღჭურვილობას და სპექტაკლის განათების საშუალებებს. განიხილება სცენიური სივრცის რეჟისორული და მხატვრული ათვისების ძირითადი მიდგომები და პრინციპული განსხვავებები. აგრეთვე გაირჩევა თეატრალური დადგმების ჟანრული თავისებურებები და განსხვავებები, მათი ასახვა სცენოგრაფიულ გადაწყვეტილებებში.აგრეთვე, პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტებისათვის კონსულტაციების გაწევას სასწავლო დადგმების განხორციელებისას.

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0967342
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-10-20
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია