ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
დრამის ფაკულტეტი
ფოტოგალერეა

2018 წლის 6 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანი, რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი იმყოფებოდა პოლონეთში, ვროცლავის თეატრალური აკადემიის მიწვევით, სადაც ჩაატარა მასტერკლასები დრამის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. 

იხ. ფოტოგალერეა

იხ. ვიდეო: "შენ ხარ ვენახი" - ვროცლავის თეატრალური აკადემიის სტუდენტების შესრულებით

==================================================

2016 წლის 11 - 15 ოქტომბერს, ,,დრამისა და კინოს მსახიობის“ პროგრამული კონცენტრაციის II კურსის სტუდენტებმა (ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი ავთანდილ ვარსიმაშვილი) ფინეთში, ქ. ჰელსინკში წარმოადგინეს რეჟისორ იარი იუტინენის (ფინეთი) სპექტაკლი ,,გაყინული სურათები“ (ქრისტიან სმედსი)

იხ. ფოტოგალერეა

==================================================

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანი, რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი სტუდენტებთან ერთად ლონდონში, საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე - 2012 (International Student Drama Festival 2012) იმყოფებოდა, სადაც წარმოადგინეს ტორნტონ უაილდერის სპექტაკლი „ჩვენი ქალაქი“, რომელიც ფესტივალის პროგრამის ყველაზე ღირსშესანიშნავ მოვლენად აღიარეს.

კრიტიკოსი ენდრიუ ჰეიდონი, „გარდიანს“ წარმოდგენილი სპექტაკლით მიღებულ შთაბეჭდილებას უზიარებს: „ძნელია წარმოიდგინო ამ პიესის უკეთესი ან უფრო დინამიური დადგმა. ყოველი სცენა გათამაშებულია მსუბუქად, უშეცდომოდ, არცერთი ეპიზოდი არ არის დაუმუშავებელი და გაუაზრებელი. ყველა მსახიობმა ზუსტად იცის, თუ რას აკეთებს სცენაზე. სპექტაკლი ძალზე დინამიურად ვითარდება და იმავდროულად არსებობს სილაღისა და მხიარულების განცდა. მსახიობთა შესრულება გასაოცარია.

შთამბეჭდავი იყო ბრწყინვალე რეჟისორული ნამუშევარი. ჩვენ, ინგლისელები, ძალზე ვიხიბლებით, როდესაც „ტრადიციული დადგმის“ მოლოდინში ვნახულობთ განსხვავებული კულტურის პრიზმაში გადაწყვეტილ სპექტაკლს.

მომაჯადოებელია ჟანრობრივ-პაროდიული პოპური, რომელიც იმავდროულად ღრმა და სერიოზულ განცდას ჰბადებს. უსიტყვო ეპიზოდების დროსაც კი მსახიობები ემოციის გადმოცემას საოცარი ქარიზმატულობითა და სრულყოფილებით ახერხებდნენ. სპექტაკლი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ შეუძლებელია რამის დამატება. ეს იყო სიცოცხლის განცდით აღსავსე ყველაზე განუმეორებელი საღამო, რაც კი ოდესმე თეატრში გამიტარებია. ამგვარი საღამოები გვაფიქრებინებს, რომ მშვიდობიანი თანაარსებობა ამქვეყნად მართლა შესაძლებელია“.

იხ. ფოტოგარელეა

===================================================

Stitching Europe 2nd European drama schools workshop

2016 წლის ოქტომბერში, ლოძის (პოლონეთი) კინოსკოლის სამსახიობო ფაკულტეტმა ჩაატარა ევროპის თეატრალური სკოლების რიგით მე-2 კონფერენცია Stitching Europe.

კონფერენციაზე მიწვეულ იქნა დრამის ფაკულტეტის დეკანი გიორგი შალუტაშვილი, რომელმაც წაიკითხა მოხსენება მსახიობის აღზრდის მეთოდოლოგიაზე და ჩაატარა მასტერკლასები ლოძის კინოსკოლის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. კონფერენციაზე მიწვეულები იყვნენ: მიშაელ კელერი - ერნსტ ბუშის სახელობის სკოლა (ბერლინი, გერმანია); კაროლ როზენფელდი - HB სტუდიოს პროგრამების დირექტორი (ნიუ-იორკი, აშშ); დრაგანა ვარაგიჩი - ბელგრადის ხელოვნების ინსტიტუტი (სერბეთი); ჯეკ გარფეინი - ჰოლივუდის მსახიობი, რეჟისორი და პედაგოგი, სემუელ ბეკეტისა და როი თეატრების დამფუძნებელი.

იხ. ფოტოგარელეა

 

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
1139416
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2018-07-16
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია