- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
მასტერკლასები თბილისის მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალზე
2013 წლის 2-დან 8 დეკემბრის ჩათვლით მეთოთხმეტედ გაიმართება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი. გარდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კინოპროგრამის ჩვენებისა, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია აგრეთვე მასტრეკლასები, რომლებსაც სპეციალურად მოწვეული უცხოელი კინოპროფესიონალები ჩაატარებენ სტუდენტებისთვის, კინომოყვარულებისა და დაინტერესებული პირებისთვის. მაიკლ ჰოფმანი, ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, ავტორი ფილმებისა “გამბიტი”, “უკანასკნელი სადგური” და “ერთი მშვენიერი დღე”, ჩაატარებს მასტერკლასს ახალგაზრდა რეჟისორებისა და სცენარისტებისთვის. პირველი სესია ვორქშოპის სახით გაიმართება, დასწრება ყველასთვის თავისუფალი იქნება. მეორე სესიისთვის კი შეირჩევა 5 სცენარი და საუკეთესო სცენარების ავტორები მაიკლ ჰოფმანთან ინდივიდუალურ კონსულტაციებს გაივლიან. 2 დეკემბერი, კინოთეატრი ამირანი, დარბაზი 2, 13:30 ანდრაშ ნაგი, წარმატებული უნგრელი ოპერატორი, გამართავს მასტერკლასს რეჟისორისა და ოპერატორის თანამშრომლობის საკითხზე. 2 დეკემბერი, კინოთეატრი ამირანი, დარბაზი 3, 16:00 ულრიხ ზაიდლი _ ავსტრიელი რეჟისორი. მან სახელი გაითქვა დოკუმენტური ფილმებით, რომლებსაც არაერთი კინოფესტივალის პრიზი აქვს მიღებული. ზაიდლის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ძაღლური სიცხე” ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის დიდი პრიზით აღინიშნა. იგივე პრიზი მიიღო წელს მისი ცნობილი “სამოთხის ტრილოგიის” მეორე ფილმმა “სამოთხე: რწმენა”. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ულრიხ ზაიდლი კინორეჟისორებისთვის ჩაატარებს მასტერკლასს. 5 დეკემბერი, კინოთეატრი ამირანი, დარბაზი 2, 16:00
კატრიელ შორი, ებრაელი პროდიუსერი, ისრაელის კინოფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჩაატარებს მასტერკლასს სახელწოდებით “იდეიდან პოსტერამდე”, რომელშიც განხილული იქნება კინოს შექმნის პროცესი, როგორც კოლექტიური ხელოვნების ფორმა, პროდიუსერისა და რეჟისორის როლი ამ პროცესში, პარტნიორობა და დიალოგი მათ შორის. 5 დეკემბერი, კინოთეატრი რუსთაველი, დარბაზი 2, 11:30
ნიკ ბრუმფილდი – ბრიტანელი კინოდოკუმენტალისტი. მისი მასტერკლასის მთავარი თემაა “დოკუმენტური კინოს რეჟისურა და არაპროფესიონალ მსახიობებთან მუშაობის თავისებურებანი”. ნიკ ბრუმფილდი აუდიტორიას აჩვენებს ნაწყვეტებს საკუთარი ფილმიდან, რომელიც ჯერ დაუსრულებელია და მის მონტაჟზე რეჟისორი ამერიკაში, ლოს ანჯელესში მუშაობს. 6 დეკემბერი, კინოთეატრი რუსთაველი. დარბაზი 2, 12:00
ლასლო რაიკი, უნგრელი არქიტექტორი და კინოს მხატვარი ¬_ მის ნამუშევრებს შორის არის ბელა ტარის, იშტვან საბოს, საბოლჩ ჰაიდუს, მარტა მესაროშის ფილმები _ ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე “ქალაქის სივრცე, როგორც მანკიერი წრე _ ვიზუალური დიზაინი”, ბელა ტარის ფილმის “კაცი ლონდონიდან” მიხედვით. 7 დეკემბერი, კინოთეატრი რუსთაველი, დარბაზი 2, 11:00
იუნის მარტინსი – კომპოზიტორი, პიანისტი და ხმის რეჟისორი. 1997 წლიდან წერს მუსიკას უხმო ფილმებისთვის და თვითონვე უწევს აკომპანირებას ჩვენების დროს. მასტერკლასი ძალიან საინტერესო იქნება როგორც მუსიკოსებისთვის, ასევე კინოპროფესიონალებისთვისაც. 7 დეკემბერი, ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, 14:00
მასტერკლასს ჩაატარებს აგრეთვე რობინ კამპილო _ ფრანგი სცენარისტი, მემონტაჟე და რეჟისორი. ის განსაკუთრებით ცნობილია, როგორც ლორან კანტეს ფილმების სცენარის თანაავტორი და მემონტაჟე. როგორც რეჟისორს გადაღებული აქვს ორი წარმატებული მხატვრული ფილმი. ერთი მათგანი, 2013 წლის ფილმი `ბიჭები აღმოსავლეთიდან" კინოფესტივალის პროგრამაშია წარმოდგენილი. 8 დეკემბერი, კინოთეატრი ამირანი, დარბაზი 3, 16:00
http://www.tbilisifilmfestival.ge/
უკან