- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
2019 წლის 15-19 მარტს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები: ემერიტუსი უჩა დვალიშვილი, ასოც. პროფ. ეკატერინე გელიაშვილი, უფრ. მასწავლებელი ალეკო გელაშვილი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მიწვევით, იმყოფებოდნენ ქ.ბათუმში, II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე „ქორეოგრაფიული ფოლკლორი - ისტორია და თანამედროვეობა“.
კონფერენცია, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ინიცირებითა და ორგანიზებით განხორციელდა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების პროცესის ხელშეწყობას, კულტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინური კვლევების მასშტაბების გაფართოებასა და ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის გადარჩენის ამოცანათა გადაჭრას.
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავჯდომარემ, ემერიტუსმა რეზო ჭანიშვილმა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, მათ შორის: გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ცეკვის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა - ალკის რაფტისმა (Alkis Raftis); ევროპული ფესტივალების ასოციაციის EAFF-ის პრეზიდენტმა - კალოიან ნიკოლოვმა (Kaloyan Nikolov); ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - დესისლავა ივანოვამ (Desislava Ivanova); საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა - ტიჰომირ ტოდოროვმა (Tihomir Todorov); იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭოს ვანაძორის სექციის პრეზიდენტმა და ანა სარის ხელოვნების საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელმა - ანაჰიტ სარიბეკიანმა (Anahit Saribekyan); მაკფოლკისა და ფოლკლორული ფესტივალების ასოციაციის სამხატვრო დირექტორმა მაკედონიიდან - კრუმე ბრჟანოვმა (Krume Brzanov) და მენეჯერმა დეიან ბრჟანოვმა (Dejan Brzanov); ფოლკლორული ფესტივალების პორტალის მენეჯერმა მაკედონიიდან - იგორ ტრაიკოვსკიმ (Igor Trajkovski); ასევე მეცნიერებმა და ქორეოგრაფებმა ლატვიიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და საქართველოდან (საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი _ მარინა თაქთაქიშვილი; აჭარის ა.რ. დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი _ ზაურ ლაზიშვილი; აჭარის ა.რ. დამსახურებული არტისტი, ბათუმის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ჩვენი უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების კურსდამთავრებული _ მირანდა ბაღდადიშვილი).
საკონფერენციო პროგრამა სამუშაო შეხვედრებთან (სესიებთან) ერთად დატვირთული იყო სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიებებით, რომელიც აქტიურად გააშუქეს ადგილობრივმა მედია საშუალებებმა.
პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა სხვადასხვა ორგანიზაციამ: იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭო UNESCO International Dance Council (CID); ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია-EAFF; ააიპ კულტურის ინსტიტუტი; კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გაზეთ „საქართველოს ქორეოგრაფიის“ რედაქცია; ვეტერან ქორეოგრაფთა საქველმოქმედო, ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი; აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,არსიანი“; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პრაქტიკოს-ქორეოგრაფთა და ქორეოგრაფიის მკვლევართა საერთაშორისო ფორუმმა ძალზე საინტერესო სამეცნიერო-შემოქმედებით ატმოსფეროში ჩაიარა - პრობლემების ანალიზით, სამომავლო გეგმებისა და პერსპექტივების დასახვით.