- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
მიხეილ გიორგაძე და მარიამ ჯაში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს ესტუმრნენ
13 აპრილს, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში განხორციელებული მასშტაბური სამუშაოები დაათვალიერეს, ასევე შეხვედრა გამართეს სტუდენტებთან და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან.
მიხეილ გიორგაძემ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი სიახლე გააჟღერა - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალი სასწავლო წლიდან, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს ექნება სრულიად ახალი ტელესტუდია და აღნიშნული სტუდიისთვის საჭირო შესაბამისი თანამედროვე ტექნიკა. ტელესტუდია სამივე სახელოვნებო უმაღლესის (თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია) სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ აღნიშნული ტექნიკითა და სივრცით.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის I კორპუსის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. აღდგა თეატრალური უნივერსიტეტის შენობის მთავარი შესასვლელის კიბე და ბაქნების დაზიანებული ადგილები, უკანა ფასადი, ეზოს შესასვლელები, სრულად გარემონტდა შენობის ინტერიერი და სასწავლო აუდიტორიები. რესტავრაცია ჩაუტარდა რუსთაველის თეატრის მე-3 დონეზე მდებარე აკაკი ხორავას სახელობის აუდიტორიის თანდართულ ორიენტალისტურ მოხატულობას. უნივერსიტეტის სასწავლო სცენა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური აპარატურით, ასევე, გარემონტდა მაყურებელთა დარბაზი. მთლიანად გამოიცვალა ელექტროგაყვანილობა, გათბობისა და გაგრილების სისტემები, დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, გამაგრდა სართულებსშორისი გადახურვა, ტექნიკურად გაიმართა შენობაზე დადგმული კოშკები და სველი წერტილები.
I კორპუსში ჩატარებული სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რეკონსტრუქცია ჩაუტარა და სრულად აღჭურვა ახალი თავისუფალი სივრცე -კაფეტერია-სამკითხველო; ასევე, კომპანია BEKO-მ, რბილი სკამებითა (200 ცალი) და სხვადასხვა სამომხმარებლო ელექტროტექნიკით (მტვერსასრუტი, ტელევიზორი, საშრობი, წყლის დისპენსერი, მაცივარი, სარეცხის მანქანა) აღჭურვა დ. ალექსიძის სახელობის განახლებული სასწავლო თეატრი. ასევე, სტუდენტების წახალისების, შემოქმედებითი აზროვნებისა და მათი პროფესიული განვითარების მიზნით, უნივერსიტეტში ჩაატარა ვიდეო კონკურსი და კონკურსში გამარჯვებული სარეჟისორო მიმართულების სტუდენტები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წელს დაიწყო მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იმ შენობებში, სადაც რამდენიმე ათეული წელია ინფრასტრუქტურული პრობლემები არ იყო მოგვარებული. ამ დროისათვის მიმდინარეობს რამდენიმე ათეული შენობის რეაბილიტაცია.