- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
ექსპერიმენტული ვორქშოფი „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის - 21-ე საუკუნე“
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, 26 თებერვლიდან 22 აპრილის ჩათვლით განახორციელებს პროექტს, ექსპერიმენტულ ვორქშოფს სახელწოდებით „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის - 21-ე საუკუნე“, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განსხვავებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას სტუდენტებისთვის.
პროექტის ფარგლებში, სწავლება წარიმართება არაფორმალური განათლების ფორმატით. უპირველეს ყოვლისა, მოხდება პანელ-დისკუსიების ტრადიციის დანერგვა. უნივერსიტეტის კინოკლუბში გაიმართება პროექტის ფარგლებში არსებული სხვადასხვა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ფილმების ჩვენება, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტის განვითარებას, წაახალისებს აკადემიური დისკუსიისა და ფილმების უკეთესად აღქმის პროცესს, დაეხმარება არგუმენტირებულ მსჯელობასა და კრიტიკულ აზროვნებაში.
პროექტი ითვალისწინებს უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ სწავლებას, რაც გულისხმობს გასვლით ვორქშოფს როგორც გადასაღებ მოედნებზე, ასევე სტუდიებში, არქივებსა და ა.შ.
პროექტის უმთავრესი მიზანია ახალგაზრდა თაობებს შორის აქტიური და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა. ახალგაზრდა ტრენერები სტუდენტებს გააცნობენ კინოინდუსტრიაში მიმდინარე ყველა თანამედროვე ტენდენციასა თუ გამოწვევას, თანამედროვე კინოს უახლეს თეორიებს, ამასთან, გადასცემენ XXI საუკუნის კინემატოგრაფის შესახებ საერთაშორისო უნივერსიტეტებში აპრობირებულ სწავლების მოდელებისა და მეთოდების შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. შედეგად, სტუდენტები მიიღებენ შესაბამის ცოდნას კინოწარმოების სიახლეებზე, გაფართოვდება მათი თვალსაწიერი, მოხდება თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევებით განმტკიცება, დაეუფლებიან ინდივიდუალურ და გუნდურ მუშაობას, მოხდება კინოინდუსტრიის ჰოლისტიკური აღქმა ეროვნული ღირებულებებისა და ადგილობრივი კინოსკოლის ტრადიციების გათვალისწინებით.
ექსპერიმენტული ვორქშოფის ტრენერები არიან:
რეჟისორი, პროდიუსერი ქეთი მაჭავარიანი (კინოს პროდიუსინგი):
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, შემდეგ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში - ასპირანტურა კინომცოდნის სპეციალობით. ასპირანტურის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა იმავე უნივერსიტეტში სარეჟისორო ფაკულტეტზე.
გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ვიდეო რგოლი. ასევე არის რეჟისორი რამდენიმე დოკუმენტური ფილმისა.
2011 წელს გადაიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მარილივით თეთრი“.
არის ლაინ პროდიუსერი ლევან კოღუაშვილის ფილმებისა:
„ქუჩის დღეები” და „შემთხვევითი პაემნები”.
არის ერთ-ერთი დამფუძნებელი კომპანიისა „ვინეარდ ფილმზი”.
მუშაობს საერთაშორისო სარეკლამო და სატელევიზიო ბაზარზე.
ლექციებს კითხულობს 2008 წლიდან. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.
პრაქტიკოსი-პროდიუსერი, ასისტენტი თეკლა მაჭავარიანი (კინოს პროდიუსინგი):
2015 წლიდან თეკლა მაჭავარიანი კინო-წარმოებაში ჩაერთო როგორც დამოუკიდებელი პროდიუსერი და დაარსა „ნუში ფილმი“. კომპანია აწარმოებს შემოქმედებით დოკუმენტურ, სრულმეტრაჟიან და მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ საპროდიუსერო კომპანიებთან, მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ვორქშოფებში, ფიჩინგებსა და ინდუსტრიულ შეხვედრებში.
კინომცოდნე გიორგი რაზმაძე (კომუნიკაციის მოდელები თანამედროვე კინოში):
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისტეტის დოქტორანტი. იკვლევს ქართული კინომცოდნეობის ისტორიასა და კინოკრიტიკის ურთიერთობას ცენზურასთან. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, სადაც კინოს ისტორიას კითხულობს. ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა პერიოდულ გამოცემასთან. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო სტატია.
კინორეჟისორი ვახტანგ ჯაჯანიძე (თანამედროვე კინომეტყველების ფორმები):
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2009 წლიდან დღემდე უძღვება საგანმანათლებლო პროექტებს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოკლუბში. 2014 წლიდან დღემდე ასრულებს ასისტენტის მოვალეობებს დ. ჯანელიძის სახელოსნოში.
ფილმოგრაფია:
„მე“ - მხტ. 5 წთ (2010)
„სტუდენტური ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში“ - დოკ. 20 წთ (2011)
„მოკლე ფილმი ადამიანის უფლებების შესახებ“ – მხტვ. 3 წთ - (2012)
„ორშაბათიდან - ორშაბათამდე“ – დოკ. 29 წთ (2012)
„ერთხელ პარკში“ - მხტვ. 5 წთ - (2012)
„თბილისი გათენებიდან - დაღამებამდე“ – დოკ. 40 წთ - (2013)
„გამოსვლა“ - მხტვ. 15 წთ - (2015)
„ერთად“ - დოკ. 10 წთ - (2016)
კინორეჟისორი, პროდიუსერი ვალერიან კირკიტაძე (ვიზუალური თხრობა თანამედროვე კინოტექნოლოგიებით:
თეატრალური უნივერსტეტის ბაკალავრი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მაგისტრი. ნიუ-იორკში მუშაობდა ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა HBO, BET, Sony Pictures და სხვა. სწავლის დამთავრებისთანავე ჩამოვიდა საქართველოში და 2013 წელს დაარსა კომპანია Film Asylum, რომელიც აწარმოებს ფილმებს, რეკლამებს და კინოსაგანმანათლებლო პროექტებს.
დამდგმელი ოპერატორი სანდრო ვისოცკი (საოპერატორო ხელოვნება და კინოგამოსახულების დრამატურგია).
აღნიშნულ ვორქშოფზე დასწრება შეუძლიათ კინო-ტელე და სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტებს.
ვორქშოფის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
უკან