ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

თბილისის მე-10 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება. მე-10 საიუბილეო ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და თბილისის მერია.

31 მაისს, 20:00 საათზე ფესტივალის ოფიციალური გახსნის საღამო გაიმართება. DJ-ს მიერ სპეციალურად შექმნილი კინომუსიკის სეტის ფონზე წარმოდგენილი იქნება ფესტივალის სიახლეები; გაიმართება ცნობილი ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის სტუდენტური/სადიპლომო ნაშრომის „ვაგონეტი“ ჩვენება.

4 ივნისს, 20:00 საათზე, ფესტივალის დასკვნით საღამოს მუსიკალურად გააფორმებს თბილისის მერიის ბიგ-ბენდი. დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები. ასევე გაიცემა ჟიურის სპეციალური პრიზი და დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომლებიც მსოფლიო კინოსკოლებში ისწავლება: რეჟისურა, ოპერატორის ნამუშევარი, მონტაჟი და ხმა.

სელექციის შედეგად ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში მოხვდა 19 ქვეყნის კინოსკოლის 38 ფილმი, მათ შორისაა - აშშ, გერმანია, არგენტინა, იტალია, ჩინეთი, საფრანგეთი, ფინეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, ესპანეთი, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, ბელგია და საქართველო.

2017 წლის ფესტივალის ჟიურის წევრები არიან ინდოელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პედაგოგი აშვინ მალიქი; ისრაელის კინოინდუსტრიის აქტიური წევრი, პროდიუსერი ეითან ევანი; ლიტველი პროდიუსერი რამუნას პავილინსკასი; ირანელი კინემატოგრაფსტი, კარნამეს ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ბორდის წევრი ალირეზა სოლტანიში; თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი ნინო კასრაძე.

ფესტივალის პროგრამა, ასევე მოიცავს ჟიურის წევრების მასტერკლასებს სხვადასხვა თემაზე: “რასა“ - მიდგომა კინემატიკურ თხრობასთან; როგორ განვავითაროთ წარმატებები?; როგორ შევქმნათ ფილმის რიმეიქი; მსახიობის მუშაობა კამერასთან და რეჟისორთან; ურთიერთობა პროდიუსერებს და დამწყებ რეჟისორებს შორის. მასტერკლასების გარდა, თეატრალური უნივერსიტეტის კინო კლუბში ნაჩვენები იქნება ყველა საკონკურსო ფილმი, ინგლისური სუბტიტრებით. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია (მის: აღნაშებლის გამზ. 40).

2017 წელს ფესტივალს ჰყავს საპატიო სტუმარი - იერჟი რუდჟინსკი, პოლონელი ოპერატორი, რომელიც გახლავთ ლოძის კინოსკოლის პროფესორი. მას აქტიური შემოქმედებითი პროცესები აკავშირებს ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორიც არიან კშიშტოფ კისლიოვსკი, ანჯეი ვაიდა და სხვა. პოლონელი ოპერატორი 3 დღიან ვორქშოფს ჩაატარებს ქართველ სტუდენტებთან: ფერთან და კამერასთან მუშაობის მეთოდოლოგიისა და სხვა თემების შესახებ.

წელს, ფესტივალს დაესწრება საკონკურსო პროგრამის 10-მდე უცხოური ფილმის ავტორი და გადამღები ჯგუფის წევრი, რაც ხელს შეუწყობს ქართველი და უცხოელი სტუდენტების, მომავალი კოლეგების გაცნობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას.

ფესტივალის პროგრამაში, ასევე სხვა კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი: 1 ივნისს - ვლადიმერ სულაქველიძის გამოფენა და ფილმის „ფრანი“ ჩვენება გაიმართება; ბავშვთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტი უმასპინძლებს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს; დაგეგმილია ფოლკ-ჯაზის საღამო და მომავალი ოპერატორების ფოტო გამოფენა.

საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ 1980-იან წლებში დაარსდა. იგი მოიაზრებოდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე „თავისუფალ სივრცედ“, ფესტივალმა მრავალი სახელგანთქმული რეჟისორი დააჯილდოვა მათი სტუდენტობის პერიოდში. 2007 წელს, აღდგენილი ფესტივალი, მრავალწლიანი ისტორიითა და განახალებული სახით ჩაერთო კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის მსოფლიო პროცესში. მან უკვე დაიმკვიდრა თავი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის.

ფესტივალის პარტნიორები არიან: “გორგია“, „ყავა პელე“, „ბორჯომი“, „პეპსი“, შპს „აბიტარე“,ტელეკონპანიები „Music Box” და„ARTAREA“, ჟურნალი“კულტურა+“, გაზეთი „Georgia Today”, რადიო „ფორტუნა“, სარეკლამო კომპანია „ალმა”, On.ge.

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2655635
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-04-11
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია