KINOLUMIERE.GE                                                                                                                      პ რ ე მ ი ე რ ა  
 

                 

ქართული კინოს კრიზისის დროს პროფესიონალებიც და მაყურებლებიც შევეჩვიეთ იმ აზრს, რომ ქართული კინო სინამდვილის მსხვერპლია. ვფიქრობ, ძალზე სახიფათოა დიდ ხანს ამ ამპლუაში დარჩენა... მსხვერპლმა ინდივიდად ქცევის გზაზე შესაძლოა არასახარბიელო გარდაქმნების ფაზები გაიაროს, კერძოდ _ ჭირვეული ბავშვის, თუ გნებავთ მოძალადის, მონსტრის... მხოლოდ იმიტომ რომ არსებობს და რა სახითაც არ უნდა მოგვევლინოს იგი _ მაყურებელმა მხოლოდ აპლოდისმენტებით უნდა დააჯილდოვოს.
ჩვენ უკიდურესობების მომხრეები არ ვართ. მიგვაჩნია, რომ მხარდაჭერა სიმართლის თქმას ნიშნავს უპირველესად და დითირამბები ან გამანადგურებელი კრიტიკა შორსაა ამ განწყობისგან.
ჟურნალი
"კინო Lumière"- მიესალმება საქართველოში გადაღებულ ყველა ახალ ფილმს, მათ შემქმნელ კოლექტივს და ეცდება ყოველ ახალ ფილმს დაუთმოს არა ერთი პუბლიკაცია, რათა დააჩქაროს ერთ დროს მსოფლიოში აღიარებული მისი თვითმყოფადობა.

ახალ ნამუშევარზე დიტო ცინცაძეს და გიორგი ნაკაშიძეს ,"კინო Lumière" თხოვნით, ესაუბრა კინომცოდნე ქეთი მაჭავარიანი.

         

 გუკა რჩეულიშვილი:

   
    იმოქმედო სწორი დაგეგმარების გზით...    



კომპანია  "სანგუკოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი,  გუკა რჩეულიშვილი   პრემიერის რუბრიკაში   წარმოდგენილი ფილმის მ ს პროდიუსერია. გულწრფელი თავის დამოკიდებულებებში, გუკა რჩეულიშვილი, საინტერესო მოსაუბრეც აღმოჩნდა. ჟურნალი "კინო Lumière"  გთავაზობთ მასთან საურბის ჩანაწერს.

"კინო Lumière" _ რამ დაგაინტერესათ კინოში, საიდან მოხვედით, თქვენი დღევანდელი მუშაობის შესახებ რას ეტყვით "კინო Lumière"-ის  მკითხველს.
გუკა რჩეულიშვილი _ კინო ყოველთვის მიყვარდა და მაინტერესებდა, ერთ დროს მინდოდა კიდეც მესწავლა კინორეჟისორის სპეციალობაზე, მაგრამ მაინც ისტორიული ვარჩიე...
კინოში მუშაობა ლევან კორინთელმა (კინოპროდიუსერმა) შემომთავაზა. ეს წინადადება შეეხებოდა კინოთეატრ "ამირანს", მე შევედი მის თანადაფინანსებაში, რომელსაც იქამდე ლევან თუთბერიძე და ლევან კორინთელი განაგებდმენ და ვფიქრობ, ამ წლებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის.
ლევან კორინთელთან ერთად ვიყავი ერთ-ერთი პროდიუსერი ფილმისა გაქცევა ყარაბაღში. სწორედ იქ გავიცანი და შემიყვარდა ნუცა, ნუცა კუხიანიძე, და, როცა დავქორწინდით, მე და ნუცამ გადავწყვიტეთ ჩვენი სტუდია შეგვექმნა და ასე ჩამოყალიბდა `სანგუკო~, სადაც ჩვენთან ერთად ჩვენი მეგობრები _ სანდრო და კოტე თაყაიშვილები არინ.
"კინო Lumière" _ ვინ არის თქვენში `პირველი ვიოლინო~.
გ.რ. _ ნუცას ძალიან დიდი როლი აქვს. სტუდია მთლიანად მასზე დგას, მე ძირითადად გარე საქმეებს განვაგებ.
"კინო Lumière" _ პროდიუსერს დიდი გავლენის სფერო აქვს დასავლეთში, ჩვენთან როგორ არის საქმე ამ მხრივ?
გ.რ._ ვფიქრობ, რომ ჩვენს საქმეში ფხიზლად უნდა იყო. აუცილებლად უნდა იცოდე, რას მოითხოვს შენგან საზოგადოება და შენ რას სთავაზობ მას. მაგრამ უნდა შეგეძლოს ოპონირებაც, არ უნდა შეგეშინდეს დამკვიდრებული ნორმების წინააღმდეგ წასვლა. ამიტომ, ცხადია, არა თუ ვკითხულობ სცენარს, არამედ ვერევი კიდეც შიდა სასცენარო საქმეებში... ჩემთვის მთავარია რაღაც მნიშვნელოვანი უთხრას ჩვენმა ფილმმა კინომაყურებელს.
"კინო Lumière" _ ვხედავ, რომ თქვენთვის პროდიუსერობა უპირველესად ზნეობრივი საქმეა. როდის წყდება მაინც საკითხი იმის შესახებ უნდა გადაიღოთ თუ არა ესა თუ ის ფილმი~?
გ.რ._ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მხოლოდ შემოსავალზე და მოგებაზე იფიქრო. მთავარია სათქმელი, შემოქმედება მაინც ერთეულთა ხვედრია და არ არის მიბმული კომერციაზე. თუ მე სიამოვნებას განვიცდი სცენარის კითხვისას, მაშინვე, შინაგანი განწყობით წყდება ჩემთვის ეს საკითხი. მე ყოველთვის კმაყოფილი ვარ, როცა ეს პირველი განცდა მიმართლდება.
`ლ~_სტუდიის ნამუშევრები...
გ.რ. _ სუბორდინაცია, კაცი საელჩოდან, რეკლამები, მოკლემეტრაჟიანი ფილმები...
"კინო Lumière" _ რომელ ფილმს გამოყოფდით?
გ.რ. _ მაინც სუბორდინაციას, როგორც ვთქვი, კინოში უნდა გქონდეს სათქმელი, მიმაჩნია, რომ სუბორდინაციაში სათქმელი იყო და ძალიან მნიშვნელოვანიც.
"კინო Lumière" _ ჩვენში მოქმედ საპროდიუსერო საქმიანობაზე რას ფიქრობთ?
გ.რ. _ დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია, ისედაც გვიჭირს ფილმწარმოება და თუ ის, მცირედიც კი, რაც გადავიღეთ, არ აღელვებს ჩვენს ხალხს, მაშინ უაზრობაა...
"კინო Lumière" _ მედიატორის გზა ოსკარისაკენ, როგორი იყო, ვინ და როგორ შეარჩია, გასაგზავნად?
გ.რ. _ კომისიის შემადგენლობაში იყვნენ ბატონები: ელდარ შენგელაია, რობერტ სტურუა... და კიდევ რამდენიმე ხელოვანი. მართალია, ჩვენ ვერ გავედით, მაგრამ იქ არჩეულ რამდენიმე ფილმში, ნამდვილად ვიცი, რომ ერთი იმდენად საინტერესოა, რომ აღარ მწყდება გული რომ არ გავედით... იმედი მაქვს საუკეთესო გაიმარჯვებს.
"კინო Lumière" _ სასიამოვნოა, როცა ასეთ ობიექტურობას ინარჩუნებს ადამიანი საკუთარი შემოქმედების მიმართ. ხომ არ გგონიათ, რომ მედიატორზე მეტად მკვლელობა უფრო ამართლებდა, როგორც ფილმის სახელწოდება.
გ.რ. _ შეიძლება, მაგრამ მკვლელობას აგრესიული მუხტი მოაქვს ყურში, მე არ მინდა რომ, რაც უნდა მტკივნეული იყოს თემა შინაგანი აგრესია გთგუნავდეს.
"კინო Lumière" _ როგორც ჩანს, თქვენ ბევრი რამ ისწავლეთ თქვენს პროფესიაში
გ.რ. _ ვისწავლე ის, რომ ძალიან ცოტას ნიშნავს ფილმის გადაღება, აქ არ მთავრდება ყველაფერი. ფილმის რეალიზაცია ასევე ძალიან დიდ ძალისხმევას საჭიროებს, იმ მწირი შესაძლებლობების ფონზე, რაც ჩვენ გვაქვს, კინოთეატრების ქსელი მაქვს მხედველობაში, მაინც შეიძლება გარკვეული თანხის რეალიზაცია. ასე, რომ მუდმივად უნდა იმოქმედო სწორი დაგეგმარების გზით, ასე ვფიქრობ და, რაც მთავარია ნიჭიერი კოლექტივის შემოკრებით, ვინც ჩვენი თანამოაზრეა.
"კინო Lumière"  _ ხომ არ გგონიათ, რომ პროდიუსერთა გილდიაა ჩამოსაყალიბებელი ან იქნებ ნაადრევია?
გ.რ. _ არა, ამ საქმეზე ნამდვილად გვიფიქრია მე და ჩემს კოლეგებს და, ვფიქრობ, რომ ასეც იქნება.
"კინო Lumière" _ მომავალ კადრებზე რას იტყვით?
გ.რ. _ პროდიუსერის საქმინობას სწავლა სჭირდება და საქმის გასავითარებლად, ვფიქრობ, საპროდიუსერო სკოლა გავხსნა. ეს მომავალში. მაგალითად, აშშ-ში და ევროპაში განსხვავებული კინოსწავლებაა. ამერიკაში უფრო პრაქტიკაზე დგას იგი, ევროპაში _ ჯერ სწავლა და შემდეგ პრაქტიკა, მე მინდა ეს ორი გამოცდილება შევაერთო...

 
           პრემიერა    
    დიტო ცინცაძე : მედიატორი – თანამედროვე სამყაროს მკაცრი რეალობა

 

   


 

მკვლელობა, გამოძიება, თვითმხილველები და Eგამომძიებელები, შემსრულებლები და დამკვეთები ერთი, თითქოს არარეალური მანიპულატორის მიერ არიან მართულნი. დიტო ცინცაძის ფილმი მკველელების, მეძავების ნარკოტიკების გამყიდველების სამყაროა.


ქეთი მაჭავარიანი _ თქვენს ახალ ფილმში ბევრი კონფლიქტური სიტუაციაა, ძირითადი დრამატურგიული ჯაჭვი კონფლიქტების რიგზეა აგებული – კრიმინალური, ოჯახური, სამსახურეობრივი, საერთაშორისო ტერორისტული... და მთელი ფილმის განმავლობაში ძნელია იპოვო შუამავალი ორ დაპირისპრებულ მხარეს შორის – ალბათ, იმიტომ, რომ აქ კლასიკური კონფრონტაციის ორი პოლუსიდან ერთი დაფარულია და მისტიკურ საფარველშია გახვეული.
დიტო ცინცაძე: მე მგონი მედიატორი  უკეთ ასახავს იმას, რაზეც ფილმი მოგვითხრობს. ადამიანები, რომლებიც ჩაბმულები არიან რაღაც მოვლენებში, ერთგვარი შუამავლებიც კი არიან... ყიდულობენ, ყიდიან, კლავენ და ასე შემდეგ! თუმცა, არც ერთმა არ იცის, თუ რას ან ვის ემსახურება. თავისი კონკრეტული გასაკეთებელი აქვთ, დაახლოებით ისე, როგორც ჭადრაკში, ფიგურები ერთ თამაშში მოძრაობენ და ხშირად ერთმანეთის არსებობა არც კი იციან...
ქ.მ._ მედიატორის სამყარო სასტიკია, აქ არ დარჩა ადგილი ემოციებისათვის, ხანდახან წარსულის ეპიზოდები თუ გამოიწვევენ ხანმოკლე პაუზას მექანიკური პერსონაჟების სპექტაკლში.
დ. ც.  _ სისასტიკე ცხოვრების წესი გახდა! თუ სასტიკი არ ხარ, წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდები...
ქ.მ._ სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ასეა. … რასაკვირველია, ეს მოვლენა დღევანდელი სამყაროს გამომხატველია!
დ. ც. ყველა იდეა იბადება დღევანდელ რეალობასთან შეხების დროს...ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ.
ქ.მ._ მედიატორის მოქმედების განვითარების ადგილი არაკონკრეტულია, სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა გზები ერთ გარკვეულ წერტილში იკვეთება.
დ. ც. _ საქართველო, თბილისი უცნაური მოვლენების ასპარეზი გახდა. თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ, რომ რაღაც ხდება ჩვენს თავს, თუმცა არავინ ზუსტად არ იცის, რას ემსახურება ეს თამაში. მაგრამ, რადგანაც ასეთი თამაშები დიდი ხანია მთელ სამყაროს მოედო და გლობალური სახე მიიღო, რასაკვირველია, ეს ისტორია განზოგადოებული და პირობითი ხდება. მე მაინც ქართული რეალობის ასახვა მინდოდა.
ქ.მ. _ ქართული თუ გლობალური მოვლენების ასახვისათვის რეჟისორმა დიდი ინტერნაციონალური სამსახიობო ანსამბლი შექმნა – ვიქტორია ისაკოვას, იუენ ბრემნერის, ბუხჰარტ კლაუსნერის, დინა კორზუნის, ნუცა კუხიანიძის, მერაბ ნინიძის, ლევან დობორჯგინიძის, დათო იაშვილის, ნატო მურვანიძის და გიორგი ნაკაშიძის მონაწილეობით.

P.S. კინოსტუდია `სანგუკო” ფილმის წარმატებული პრემიერის შემდეგ ფილმის საფესტივალო მოგზაურობას გეგმავს. დიტო ცინცაძემ კი კინოსტუდია  "დამოუკიდებელ კინოპროექტში" ახლახან დაასრულა დოკუმენტური ფილმი თავისი პედაგოგის _ ელდარ შენგელაიას შესახებ, რომელსაც მალე იხილავს მაყურებელი. ამჟამად დიტო ცინცაძე ბერლინში ორ პროექტზე მუშაობს.

 
             გიორგი ნაკაშიძე: პროფესია _ გამომძიებელი    



ქეთი მაჭავარიანი _ ფილმში მედიატორი გიორგი ნაკაშიძის გმირი – გამომძიებელი, უამრავ ჩახლართულ ისტორიაში თითქოს რაღაცას ეძებს, მაგრამ საბოლოოდ თვითონვე იხლართება საკუთარი უსუსურობისა და ინფანტილური კომპლექსების ბადეში.
გიორგი ნაკაშიძე: ჩემი გმირის დანიშნულება რა არის? ის გამომძიებელია, მთელი სიტუაციის დამაკავშირებელი – ორი პარალელური ხაზი მიდის – ამბავი, რომელიც მოხდა და ამბისაგან დამოუკიდებელი გამომძიებლის ისტორია, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს სწორად აფასებს, ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ ვერაფრის აზრზე ვერ მოდის – ჩემთვის ამ ორი წერტილის დაკავშირება იყო მთავარი – ჩემმა ქართველმა კომისარმა "მეგრემ” საქმის გამოძიება ყველა წესის დაცვით დაიწყო. მნიშვნელოვანი ჩემთვის გმირის შექმნის პროცესი იყო – მისი განვითარება დასაწყისიდან ფინალამდე – ჩემი გამომძიებელი ბოლოს დაინგრა, მე შევეცადე მაყურებლის თვალწინ ამეწყო ის და ბოლოს დავამსხვრიე. ადამიანები ხშირად გარკვეულ ნიღაბს ატარებენ, მის უკან კი სრულიად სხვა სახეს მალავენ, ხშირად ბევრად უფრო ადამიანურს... მე შევეცადე გამომძიებლის სტერეოტიპის მიღმა მეჩვენებინა იგი სხვადასხვა სიტუაციაში – ხელქვეითებთან, ნარკოტიკების გამყიდველთან, მეძავთან თუ საყვარელ ქალთან. მაყურებელმა ნებისმიერ გმირთან უნდა მოახდინოს საკუთარი იდენტიფიცირება.
დიტოსთან ზღვარზე და რევერსის შემდეგ მესამე ფილმზე ვიმუშავე. მე ვცდილობ რეჟისორის შექმნილ სამყაროში ჩემი გმირის მდგომარეობა ვიპოვო და ჩვენი ენერგეტიკის თანხვედრა მოვახდინო...

P.S.გიორგი ნაკაშიძე კინორეჟისორ დათო ჯანელიძის ჯაყოს ხიზნებში  ჯაყოს საკუთარ ინტერპრეტაცია შემოგვთავაზ.

 
URL:index.htm   კინოLUMIERE #1                           BACK/ /NEXT