KINOLUMIERE.GE

 

                                                

  შ ე დ ე ვ რ ი
 

 

 

 

 

მანანა ლეკბორაშვილი: "გაჩეჩილი" შედევრი _ მიხეილ კალატოზიშვილის მიფრინავენ წეროები

 
     
 

საბჭოთა კინოს ისტორიაში არაერთი ქართველ ხელოვანს დაუტოვებია წარუშლელი კვალი და მათ შორისაა მიხეილ ლაკატოზიშვილი ფილმებით მიფრინავენ წეროები, გაუგზავნელი წერილი, მე _ კუბა.. და სხვ. წინემდებარე წერილი სწორედ მიხეილ კალატოზიშვილის რუსულ პერიოდს ეძღვნება, კერძოდ ფილმს მიფრინავენ წეროები (და არა მის ქართულ შემოქმედებას, რაც ცალკე კვლევის საგანია). წეროების გამორჩეული მნიშვნელობის შესახებ თვით რუსი მკვლევარები წერდნენ: მაგალითად: სემიონ ფრეილიხი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ დროს, როცა კალატოზოვმა (მიხეილ კალატოზისვილს რუსეთში კალატოზოვად მოიხსენიებენ დღესაც) მიფრინავენ წეროები გადაიღო, ჯერ არ იყო გადაღებული არც ჩუხრაის ბალადა ჯარისკაცზე, არც ფელინის 8 1/2, და არც ტარკოვსკის ივანეს ბავშვობა... აღნიშნავს, რა "ჯიმ შვანთესა" (საქართველოში 1930 წელს გადაღებულ ფილმს) და "წეროების" კავშირს მკვლევარი წერს, რომ "სამყარომ სწორედ წეროებით გაიცნო კინოოპერატორი ურუსევსკი და მისი "სუბიექტური კამერა", და ამით კინემატოგრაფმა გაიხსენა "თავისი საგვარეულო". პოეზიამ შთაბერა ეკრანს, რომელმაც კვლავ შეიძინა მონტაჟის ანალიტიკური უნარი, პორტრეტის გამომსახველობა, რაკურსის ძალა, უცებ ყველამ გაიხსენა, რომ სწორედ ფილმის რეჟისორმა კალატოზოვმა, წარსულში ოპერატორმა და რეჟისორმა შექმნა ოდესღაც "მარილი სვანეთს", მონტაჟურ-პოეტური კინოს "მარგალიტი".

_ რედაქციისაგან



ხშირად შედევრს განსაზღვრავენ, როგორც მხატვრულად სრულყოფილ ნაწარმოებს, რომელსაც ვერც ვერაფერს მიუმატებ და ვერც ვერაფერს მოაკლებ. მაგრამ უნაკლო სრულყოფილებას ხშირად თავისი უარყოფითი მხარეც აქვს - დაფასება და თავაზიანი პატივისცემა, რომელიც ხშირად გულგრილობასთან უფროა ახლო. საბედნიეროდ, ადამიანთა მოკვდავ მოდგმას იშვიათად თუ ხელეწიფება აბსოლუტური სრულყოფილების შექმნა და, ალბათ, ამიტომაც განაგრძობენ შედევრები აქტიურ ცხოვრებას.
კინემატოგრაფის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ და ამასთან სიცოცხლით სავსე შედევრად ალბათ მიხეილ კალატოზიშვილის მიფრინავენ წეროები შეიძლება მივიჩნიოთ. ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან ორმოცდაათ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ფილმს დღესაც უყურებენ, უყურებენ და კამათობენ სიუჟეტზე, დრამატურგიაზე, შესრულებაზე, დამაჯერებლობა-არადამაჯერებლობაზე...

* მიფრინავენ წეროები ერთადერთი საბჭოთა ფილმია, რომელმაც 1958 წელს კანის ფესტივალის მთავარი ჯილდო "ოქროს პალმის რტო დაიმსახურა.

თუმცა დღეს კამათს ის სიმწვავე აღარ აქვს _ შეიცვალა დრო, შეიცვალა მენტალიტეტი. მაშინ კი ფილმის საბჭოთა ეკრანზე გამოსვლას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. დისკუსიებს სიმწვავეს ჰმატებდა უცნაური მოვლენა: ჩვეულებრივ მაყურებელი ორ ბანაკად იყოფა მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ამ ფილმმა კი ფრონტის ხაზი თითოეული მაყურებლის არსებაზე გაატარა.
თაობებისთვის, რომლებიც გაზრდილი იყვნენ კონსტანტინე სიმონოვის ლექსზე `მელოდე, პათოსით, რომ არ არსებობს ფრონტზე წასული ჯარისკაცისთვის ერთგულებაზე მაღალი ღირებულება მიუღებელი აღმოჩნდა ფილმის მთავარ გმირად იმ ქალის გამოყვანა, რომელმაც, ნებითით თუ უნებლიეთ, მაგრამ ვერ უერთგულა თავის სიყვარულს, უღალატა სამშობლოსთვის მებრძოლ ჯარისკაცს. მაგრამ, მეორე მხრივ, მაყურებელი ვერ ახერხებდა მორეოდა თავის გულს. შეუძლებელი იყო არ გეთანაგრძნო ვერონიკასთვის ტატიანა სამოილოვას შესრულებით, როცა მფრინავი, მსრბოლელი, მოალერსე კამერა მისი თითოეული გამოხედვის, მოძრაობის, გულის ფეთქვის თანაზიარს გხდიდა.

* ფილმის გმირს, ვერონიკას, ნიკიტა ხრუშჩოვმა (იმხანად საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა და სახელმწიფო ლიდერმა) `გაჩეჩილი კახპა უწოდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მას ფილმი არ მოეწონა, ჩათვალა, რომ ხალხს მაინც უნდა ენახა იგი.

მაშინვე კრიტიკის სამიზნე გახდა ვერონიკას საქციელის ალოგიკურობა. მაყურებლისთვის ფსიქოლოგიურად არადამაჯერებელი აღმოჩნდა ღალატის თუ წუთიერი სისუსტის სცენა გადაწყვეტილი რომანტიკული მელოდრამის "საუკეთესო" ტრადიციებში სირენების კივილი, ბომბების აფეთქების აუტანელი გრუხუნი, ჩაბნელებული ქალაქი და ფანჯრებიდან შემოჭრილი აფეთქებათა ათინათები, ჩამსხვრეული ფანჯრები და აფრიალებული ფარდები, მარკის ისტერიკული პასაჟები როიალზე და შემდეგ მისი ნაბიჯები პარკეტზე გაფენილ შუშის ნამსხვრევებზე, დღეს უკვე სახელგანთქმული თვრამეტი `არა თვრამეტივე სილის თანხლებით და მარკის მკლავებს უღონოდ მინდობილი ვერონიკა.
კიდევ უფრო გაუგებარი აღმოჩნდა ამ წუთიერი სისუსტის, ღალატის თუ ძალადობის დაფიქსირება ვერონიკა ცოლად მიჰყვება მარკს, თუმცა შავებით მოსილი, ფერმკრთალი და ტუჩჩაკვნეტილი ვერონიკა სულაც არ ჰგავს ბედნიერ საპატარძლოს. მაგრამ განა ყოველთვის ლოგიკურია ცხოვრება? ხშირად ხომ საკუთარი საქციელის მოტივიც ვერ გაგვირკვევია, მაშ როგორ გავუგოთ თუ გავკიცხოთ სხვა?

ბორისი _ ალექსეი ბატალოვი

 

 

                       ვერონიკა _ ტატიანა სამოილოვა                                                                                               

                                             

 



* გადაღებების დროს ტატიანა სამოილოვა ავად იყო პროგრესირებადი ტუბერკულოზით. მას სუნთქვა უჭირდა, ყოველ სამ საათში ინიექციას უკეთებდნენ. გადაღებების დამთავრებისთანავე სამოილოვა საავადმყოფოში მოხვდა. მას ფილტვზე გაუკეთეს ოპერაცია და პლევრა დაუზიანეს.

აშკარად მელოდრამატული გადაწყვეტები ფილმს ლიტერატურული პირველწყაროდან ვიქტორ როზოვის პიესიდან "მარად ცოცხალნი ერგო მემკვიდრეობად. თუმცა კალატოზიშვილი ექსპრესიული რეჟისურით ახერხებს მოარჯულოს როზოვისეული მელოდრამატიზმი. მისი რწმენით, "სცენარი სხვაა, კინო _ სხვა. თუ მის შემოქმედებას გადავხედავთ, დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ მისთვის მნიშვნელობა არც ჰქონდა სცენარს; პირიქით, თითქოს სიამოვნებდა კიდეც გამოწვევის მიღება.
და აქაც, ის მძაფრი მონტაჟური შეჯახებით აფეთქებს ზემოხსენებული სცენის განწყობას: მარკის ფეხსაცმელს პარკეტზე ჯარისკაცის უხეში ჩექმები ენაცვლება, ტალახს რომ ზელს ჯიუტად. ეს ბორისია (ალექსეი ბატალოვი), ვერონიკას საქმრო. ამას მოსდევს ბორისის დაღუპვის სცენა _ ვერონიკას სულიერი სიკვდილი მის ფიზიკურ სიკვდილს ეჯაჭვება და მათი საერთო ოცნება მხოლოდ სიკვდილისწინა ზმანებაში შეისხამს ხორცს.
ან ეპიზოდი, რომელიც თავისი თეატრალურობით თითქოს სრულიად `სხვა ოპერიდანაა: ევაკუაცია. ციმბირი. "ლხინი ჟამიანობისას" _ იმდროინდელი ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, `ზურგის ვირთხები ლენინგრადელი მომღერლის, მარკის საყვარლის დაბადების დღეს იხდიან. ნაპატივები საზოგადოება, სავსე სუფრა, ნოსტალგია ომამდელ კეთილდღეობაზე, მთვრალი მუსიკა და ამ სტერეოტიპულად მეშჩანურ გარემოში ბორისის ნაჩუქარი სათამაშო ციყვის ძიებაში ქარტეხილივით შემოჭრილი ვერონიკა. სცენის განწყობა რადიკალურად იცვლება მხოლოდ ვერონიკას მეტყველი პორტრეტები და კადრსმიღმა ხმა ეს ბორისია, უბრალო და სიყვარულით გამთბარი სიტყვები, დაბადების დღის დაგვიანებული მილოცვა, მხოლოდ დღეს მიღწეული ადრესატამდე, შეიძლება ვერონიკასთვის ყველაზე მძიმე წუთებში. მელოდრამისთვის ტრადიციულ სიტუაციას გამჭვირვალე, უშუალო ლირიზმი ცვლის; მათი შეჯახების შედეგად კი იბადება განცდა მელოდრამატული? დრამატული? ეს თითოეული მაყურებლის განწყობაზეა დამოკიდებული.
და, კაცმა რომ თქვას, დღემდე ხომ ვერავინ შეძლო ერთხელ და სამუდამოდ დაედგინა, სად გადის ზღვარი მელოდრამასა და დრამას შორის, ან მელოდრამატიზმის რა პროცენტია დასაშვები, რომ ხელოვნების ნიმუში მასების გულის გადასაყოლებელ სანახაობად არ იქცეს? ხელოვნების თითოეული ნაწარმოები ხომ ამ კითხვას ხელახლა სვამს და თავადვე უპასუხებს მას.

* კანის ფესტივალის შეკვეთით გადაღებულ ალმანახში `თითოეულს თავისი კინო (ჩჰაცუნ სონ ჩინემა) ცნობილი ფრანგი კინორეჟისორი კლოდ ლელუში აღიარებს, რომ სწორედ მიხეილ კალატოზიშვილის ფილმმა მიფრნავენ წეროები გადააწყვეტინა რეჟისორობა. როგორც თავად ლელუში იხსენებს, ის მაშინ 19 წლის იყო და ოპერატორად მუშაობდა, ტურისტულ ჯგუფთან ერთად მოსკოვში კანადის ტელევიზიის დავალებით ჩავიდა მავზოლეუმში ლენინისა და სტალინის კადრების გადასაღებად. იგი შემთხვევით მოხვდა ფილმის გადაღებებზე და ამ შემთხვევამ მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. Lლელუშის მიხედვით, პარიზში დაბრუნების შემდეგ სწორედ მან დარეკა კანის დირექციაში და მისი დაჟინებითი რეკომენდაციის შემდეგ მოხვდა ფილმი მათი ყურადღების სფეროში.

ფილმი უჩვეულო იყო არა მხოლოდ მთავარი გმირით. საბჭოთა კინოსთვის უჩვეულო იყო ომის ამგვარი ასახვაც. ომი, რომელიც კი არ აერთიანებს ადამიანებს და ერთიან მუშტად კრავს საერთო საღვთო საქმისთვის, არამედ ერთმანეთისგან თიშავს და ანგრევს მათ ცხოვრებას. ომი, როგორც სტიქიური უბედურება, როგორც ფატუმი, რომელიც თითქოს ფილმის პერიფერიაზეა გადაწეული, მაგრამ განსაზღვრავს ყველაფერს.
ნიშანდობლივია ვერონიკას პირველივე რეაქცია, როდესაც ის ბორისის ფრონტზე მოხალისედ წასვლის შესახებ შეიტყობს: "და მერე მე?" ეს გულუბრყვილო ფრაზა საკმაოდ სერიოზული ტენდენციის მაჩვენებელია _ სასწორის პინაზე ქვეყნის წინაშე უწმინდესი მოვალეობის საპირისპიროდ დადებულია 17 წლის მიამიტი გოგონას ბედი და მისი უფლება პირად ბედნიერებაზე. შემთხვევითი არ იყო, რომ პიესისგან განსხვავებით (რომლის მოქმედებაც ომის გამოცხადებისთანავე იწყება), მიხეილ კალატოზიშვილი ესოდენ დიდ დროს უთმობს ვერონიკას და ბორისის ურთიერთობას.
მოსკოვის ქუჩები, სანაპირო გარიჟრაჟზე, ივნისის ნათელი დილა. შეყვარებული წყვილი. არც განსაკუთრებული მოქმედება, არც დიალოგი, მაგრამ ამ ორის განწყობით გამსჭვალულია მთელი გარემო. ის განფენილია გამჭვირვალე კადრში, ღრუბლებში, რაკურსებში, ტონალურ გადასვლებში, წვეთებით და სინათლის ათინათებით აციმციმებულ ჰაეროვან სივრცეში. ქრესტომათიად ქცეული სცენა. იმავე სივრცეს შემდეგ კიდევ ვიხილავთ უკვე ომის დაწყების შემდეგ _ უცნაურად პირქუშს, მავთულხლართებით გაუცხოებულს, მკვეთრ შუქ-ჩრდილებში ჩაძირულს.
ახლა კი ისევ შეყვარებულები, რომლებიც ვერა და ვერ დაშორებიან ერთმანეთს და კამერა, რომელიც მათთან ერთად ჩურჩულებს, იმალება, თითქოს მათ სუნთქვას არის აყოლილი. ამ სადარბაზოსაც ისევ ვიხილავთ, ცეცხლის ალში გახვეულს, ვერონიკას არბენაც თავისი სახლის კიბეებზე ამჯერად სულ სხვა რიტმით სუნთქავს თავსდატეხილი უბედურების შეგრძნებით. და ბინა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ოჯახური სითბოთი სუნთქავდა და ცხოვრებაში საიმედო საყრდენის სახეს ქმნიდა, უკვე აღარ არსებობს. კარს მიღმა მოსკოვის პანორამა გადაშლილა. მხოლოდ ჭერზე აბსურდულად შერჩენილა ჭაღი და კედელზე ჯიუტად წიკწიკებს, არა _ ნაბათს სცემს საათი. კიდევ ერთი ქრესტომათიული კადრი.
უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ უზრუნველი, სუფთა, სიყვარულით და მომავალზე ოცნებებით გამსჭვალული სამყაროს დაუძინებელ მტრად გვევლინება ომი. ამ განცდის სიმბოლოდ შეიძლება აღვიქვათ ვერონიკას და ბორისის ფატალურად არშემდგარი გაცილების ეპიზოდის ბოლო კადრი მოხალისეთა კოლონა უკვე დაიძრა, გისოსებს მიღმა დარჩენილი ვერონიკას ხმა უძლურია გაარღვიოს ხალხის მასის გუგუნი. მისი ბოლო ცდა უფრო სასოწარკვეთილების ჟესტია და ჯარისკაცის გულგრილი, უხეში ჩექმის ქვეშ ითელება ვერონიკას ნახელავი ნამცხვარი მშვიდობიანი ყოფის სიმბოლო.
სწორედ ამ შეპირისპირებებში, ზუსტად მიგნებულ დეტალებში, შთამბეჭდავ სახე-მეტაფორებშია რეჟისურის სიძლიერე. ისინი ყოველთვის მძაფრია, ხშირად შოკისებურიც, მაგრამ არასდროს არაორგანული.
ცივი ომის პირობებში რკინის ფარდის გაღმიდან წამოსული ასეთი მოულოდნელი გზავნილი ახლობელი და მიმზიდველი აღმოჩნდა დასავლური სამყაროსთვისაც. კიდევ უფრო უცნაურად ჩანდა დასავლური თვალისთვის საბჭოთა კინო _ პროპაგანდისტული დატვირთვისგან სრულიად თავისუფალი. უფრო მეტიც, ბორისის გაცილების სცენაში ქარხნიდან მოსულ კომკავშირელ გოგონებს ბორისის მამა აშკარა ირონიით აწყვეტინებს სტერეოტიპული პატრიოტიზმით აღსავსე ტექსტს. დასავლეთისთვის მოულოდნელად დადებითი თუ უარყოფითი გმირების მკაფიო ეტალონების ნაცვლად ეკრანზე სრულიად ადამიანური ადამიანები გამოჩნდნენ.

* კანის ფესტივალზე ფილმის სახელწოდება თარგმნილი იყო როგორც Qუანდ პასსენტ ლეს ციგოგნეს (სიტყვა-სიტყვით `როცა აისტები გადაიფრენენ), რადგანაც "წეროები" გრუე ფრანგულ სლენგზე `მეძავს ნიშნავს, ხოლო სიტყვის `ფრენა ვოლერ -ის ერთ-ერთი მნიშვნელობა "ქურდობაც" არის.

* ფილმმა 1958 წელს ფრანგულ გაქირავებაში საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავა 5,4 მილიონი მაყურებლით. ამ შედეგის მიხედვით ის 90-იან წლებამდე საფრანგეთში 100 ყველაზე პოპულარული ფილმის სიაში რჩებოდა.


მაგრამ, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორი, მხოლოდ მოულოდნელობის ეფექტს მივაწეროთ ფილმის წარმატება. ფილმმა მთელი თავისი ძლიერი თუ სუსტი მხარეებით, სიახლით თუ ტრადიციით, ერთიანობაში, განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა კანის კინოსანახაობაში გაწვრთნილ საზოგადოებაზე. პრემიერაზე ფილმის ფინალური კადრების შემდეგ ხანგრძლივი პაუზა ჩამოწვა. საბჭოთა დელეგაციისთვის ეს საკმაოდ მძიმე გაურკვევლობის წუთები იყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დარბაზი უბრალოდ ტიროდა.
თუმცა ცრემლი არ შეიძლება ჩაითვალოს მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური ღირებულების კრიტერიუმად, მაგრამ, ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, ვის ადგება თვალზე ცრემლი და რატომ.

* ტატიანა სამოილოვას შესახებ ფრანს სუარი წერდა: "ის ერთდროულად ჰგავს ოდრი ჰეპბერნს და ავა გარდნერს. მაგრამ მას აქვს კიდევ ერთი პლუსი: ის არ იმჩნევს თავის სილამაზეს.
* კანში ფილმის წარმატების შემდეგ ტატიანა სამოილოვას ამერიკელებმა მაშინვე შესთავაზეს ანა კარენინას როლი, სადაც მისი პარტნიორი ჟერარ ფილიპი უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს პროექტი არ განხორციელდა საბჭოთა კავშირიდან უარის გამო.


ფილმში სამი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ერთიან ორგანიზმად იქცა: ფეთქებადი და მგრძნობიარე რეჟისურა, მსახიობთა ორგანულობა და ერთ-ერთ მთავარ მოქმედ გმირად ქცეული კამერა.
საერთო აღფრთოვანების საგნად იქცა ფილმის ფორმა, მისი ვიზუალური მხარე. სერგეი ურუსევსკი სამუდამოდ ჩაიწერა უდიდეს ოპერატორთა რიცხვში. ტერმინი და მეთოდი `სუბიექტური კამერა მყარად დამკვიდრდა კინომეტყველების არსენალში. მართლაც, მსოფლიო კინოს საგანძურში არცთუ ბევრია ფილმი, რომელშიც ამდენი შედევრად აღიარებული სცენა თუ კადრი მოიძებნებოდეს. რამდენიმე მათგანი უკვე ზემოთ დასახელდა. ამას დამატებული ბორისის სიკვდილის სახელგანთქმული სცენა დატრიალებული არყის ხეებით და წამში განფენილი არშემდგარი ბედნიერებით, ვერონიკას სასოწარკვეთილი გარბენი ხიდზე, როცა კამერა თითქოს ერწყმის გმირს, მისი თვალი, მისი სუნთქვა, მისი სხეული ხდება...
მათზე მთელი ტრაქტატებია დაწერილი. მათ დღემდე დაწვრილებით არჩევენ, აანალიზებენ, სწავლობენ ყველა კინოსკოლაში. მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად მხოლოდ საოპერატორო ხელოვნების კუთხით. ურუსევსკი მართლაც გენიალური ოპერატორი იყო, რომელიც ღირებული კადრის გულისთვის მზად იყო ცეცხლში შევარდნილიყო პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით (და მან ეს კალატოზიშვილთან ერთად გადაღებულ შემდგომ ფილმებშიც გაუგზავნელი წერილები და მე კუბა! დაამტკიცა), მაგრამ საოპერატორო ნამუშევრის გამოცალკევება, მისი საერთო რეჟისორული კონცეფციის გარეშე განხილვა არღვევს ფილმის მთლიანობას.

* კანში ფილმის პრემიერას არ ესწრებოდა მიხეილ კალატოზიშვილი. ერთი ვერსიით, ის არ გაუშვეს ფესტივალზე და გულის ინფარქტით საავადმყოფოში მოხვდა. მეორე ვერსიით კი, სწორედ ინფარქტის გამო ვერ მოხვდა ფესტივალზე.

მიხეილ კალატოზიშვილი იმ ტიპის რეჟისორებს მიეკუთვნება, რომლებიც ვიზუალური ხატებით აზროვნებენ. მისთვის ფორმა თავად შინაარსია. ამიტომ მისი ფილმიც ვერ იტანს ასეთ დანაწევრებას. და ეს სრულიად მარტივად შეიძლება დამტკიცდეს:
ძნელია აწონო და გაზომო ფილმის პირდაპირი თუ არაპირდაპირი გავლენა მსოფლიო კინოს განვითარებაზე, მაგრამ ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ მისი კვალი უცებ დაეტყო ეკრანს: დაბზრიალდა ხეები თუ შენობები, ჩვეული გახდა გმირებს ადევნებული კამერა... ჩვეულებრივ, ხერხების ასეთი ტირაჟირება უცბად აძველებს ხერხსაც და ფილმსაც, და წლების შემდეგ თავად ორიგინალი ტოვებს მეორადის შთაბეჭდილებას.
მიფრინავენ წეროების შემთხვევაში ასე არ ხდება. თითოეული სცენა ინარჩუნებს თავისი ზემოქმედების სიმძლავრეს, რადგან ვიზუალური მიგნებები არასდროს არ არის თავისთავადი, თვითმიზნური. ის მუშაობს შინაარსზე და თავად ხდება შინაარსი და მიზანი მაყურებელთან რაც შეიძლება სრულად და ფაქიზად მიიტანოს ერთი კონკრეტული ადამიანის სულის მოძრაობა, ადამანური გრძნობები კი არასოდეს ძველდება.

URL:index.htm   კინოLUMIERE #1                           BACK/ /NEXT