KINOLUMIERE.GE                                                                                                              თ ვ ა ლ ს ა ზ რ ი ს ი  
 
  ნინო დეკანოსიძე : აკა მორჩილაძის მოგზაურობა კინოში    


ქართულ ტელესივრცეში სერიალის ცნება თითქმის ოცი წლის ისტორიას ითვლის. თუმცა ე.წ. ეროვნული თემატიკის სურათებს არცთუ დიდი ხანია მაყურებელი მიეჩვია და შეძლებისდაგვარად მათი მხატვრული ღირსებების შესახებ დაიწყო მსჯელობა. ნაშრომი მიზნად არ ისახავს ეკრანიზაციის საკითხის თუნდაც ძალზე ზედაპირულ, ზოგად მიმოხილვას. ჩემი სურვილია შევეხო თანამედროვე ქართული კინოსა და ტელევიზიის ორ კონკრეტულ ნაწარმოებს, ვინაიდან აკა მორჩილაძის პროზამ საკმაოდ დიდი რეზონანსი მოიპოვა და ღრმა, საინტერესო ემოცია გამოიწვია მკითხველში. ის, რომ ქართველი რეჟისორი მისი პროზით დაინტერესდა, შემთხვევითი, ალბათ, არაა. ვგულისხმობ ლევან თუთბერიძის ნამუშევრებს _ გასეირნება ყარაბაღში (ლიტერატურული პირველწყაროა 1992 წელს გამოსული მწერლის რომანი მოგზაურობა ყარაბაღში) და სატელევიზიო სერიალს ქაღალდის ტყვია (ამავე სახელწოდების მოთხრობის მოტივების მიხედვით). სამწუხარო ფაქტია, რომ აკა მორჩილაძის ამ ორი მნიშვნელოვანი ნაწარმოების ეკრანიზაცია ერთგვარად გამარტივებულ და პრიმიტიულ სანახობადაც კი იქცა, განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა სატელევიზიო სერიალთან მიმართებაში. იმის მაგივრად, რომ პროზის ქვეტექსტებიდან ახალი ვიზუალური ხედვა წამოწეულიყო წინ, შეიძლება ითქვას, რომ თვრამეტი საღამოს განმავლობაში ქართველი ტელემაყურებელი იდეაშივე გაურკვეველ, უკვე მობეზებული ამერიკული ცუდი განგსტერული კინო-ტელე გმირების მეორად პროდუქტს შესცქეროდა.
ლევან თუთბერიძემ 2005 წელს აკა მორჩილაძის ერთ-ერთი პირველი, 1992 წელს გამოქვეყნებული რომანი მოგზაურობა ყარაბაღში გადაიღო და ნაწარმოებიდან, რომელშიც საკმაოდ რეალისტურად და დრამატულად აღიქმება მთელი თაობის სატკივარი, გამოვიდა მოგონილი, ზედაპირულ სინამდვილესთან დაახლოებული, ნახევრად კოლორიტული პერსონაჟებით სავსე ფილმი, რომელშიაც არც მთავარი გმირის ნამდვილი განცდა იგრძნობა და არც ის ძირითადი აქცენტი ჩანს, რასაც მწერალი საკუთარი შეგრძნებებით გადმოგვცემს.
გიო ტყვეა--მეგობრების, საზოგადოების მიერ დაკანონებული დოგმების უტყვად მორჩილი. საკუთარ ქალაქში, საკუთარი მამისა და თავისი თაობის ცრუ კანონების წინააღმდეგ დარჩენილი და აბსოლუტურად პასიური. ის გაუცნობიერებლად გაურბის ყოფას. გარემოებათა სასტიკი მონაცვლეობით კი ნამდვილ, რეალურ ტყვეობაში ხვდება, სადაც ისევე აკონტროლებენ, როგორც მანამდე, მთელი ცხოვრების მანძილზე. ოღონდ ყარაბაღში ის უკვე ფიზიკურადაც მარტოა, მეგობრებისა და მამის გარეშე დარჩენილი, სხვა ქვეყანაში და თანაც ნამდვილ ომში ჩაბმული. ყარაბაღისა და თბილისის გარემო თითქოს ერთმანეთს უპირისპირდება, სინამდვილეში კი ორივე იდენტურად ექცევა გიოს _ ორივე მოძალადეა თავისი სიყალბით, მოჩვენებითობითა და ხანდახან უხილავი, მაგრამ მძლავრი სისასტიკით. სხვის ომში მოხვედრილი გიო საკუთარ თავთან ომს წამოიწყებს, რადგან შეეშინდება მხატვარ ვალერასავით, შემთხვევით სამოგზაუროდ წასული, იქვე არ დარჩეს სამუდამოდ. ის ბრძოლას იწყებს იმ სიყვარულის სახელით, რომელიც ნამდვილი იყო და ვერ დაიცვა, იმის გამო, რომ მამათა და შვილთა ომში ვერც წააგო და არც გამარჯვებულია, იბრძვის საკუთარი ინდიფერენტულობის გამო, რადგან არ იყო ნარკომანი და "გასართობად წავიდა ნარკოტიკის საყიდლად. იმიტომ, რომ არც არაფერი და არც არავინ არ არის და ეშინია საკუთარი მამის, ან მამათა ამ ცრუ თაობის მსგავსი არ გახდეს მომავალში. ეს ომი საკუთარი თავის ძიების დასაწყისია.
გმირისეული სამყაროს ასეთი აღქმა ფილმში მხოლოდ სომხური სოფლის სცენებშია მეტწილად ნაჩვენები. მხოლოდ აქ არის დამაჯერებელი შექმნილი გარემო, გმირი და თავად მსახიობი ლევან დობორჯგინიძე.
რაც შეეხება წიგნის ფინალს, ის მეტად უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვიდრე ფილმის ბოლო ეპიზოდი. რომანში ტყვეობას თავდაღწეული გიო სიჩუმითა და აპათიით საკუთარ მამასთან ილუზორულ იდენტიფიკაციას ახდენს და შვილს წართმეულ სიყვარულს უბრუნებს. გიო თავისი სიჩუმით სომხეთში წამოწყებულ ბრძოლას იგებს სამყაროს პრიმიტიული წესების წინააღმდეგ და საკუათარ თავთან ბრძოლაშიც ზავდება. ხოლო ფილმის გმირი ფინალში საერთოდაც არ ჩანს. ამ ეპიზოდში გალიაში ჩასმული ჭრელი ჩიტი მანქანაზე შემოუსვამთ გოგლიკოს და ნარკომან არჩილა ყიფიანს,-ახლა ისინი მოგზაურობენ ყარაბაღში.
როგორც ჩანს, თანამედროვე პროზის ათვისება ადრე თუ გვიან ჩვეულ მოვლენად უნდა იქცეს ისევე, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც პროზისა და იდეის ეკრანზე ხორცშესხმა გარკვეულ ნორმას წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ტელეარხების ძირითად სპექტრს მძლავრი პრეტენზია აქვს არა მხოლოდ საინფორმაციო, არამდე სანახაობრივი დომინანტის შექმნაზე, ქართულ სერიალთა რაოდენობა განუსაზღვრელი იდეური და რიცხოვნული მიმართულებით იზრდება და, ალბათ, მომავალშიც გაიზრდება. მათი ნაწილი ანეგდოტი ან სკეტჩის დონეზე ართობს მაყურებელს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ არხების გარკვეულ ნაწილს სერიოზული ზეამბიცია მოსძალებია _ შექმნას სანახაობა, რომლიც გარდა იმისა, რომ კონკურენციას გაუწევს მსოფლიო მასშტაბით ცალსახად უკონკურენტო სერიალებს, ამავდროულად სერიოზული კინონაწარმოებს რანგშიც უნდა განიხილებოდეს.
ქაღალდის ტყვია რამდენიმე წლის წინ დაწერა მწერალმა და ეს მოთხრობა მაშინ სულ სხვა სათაურით გამოიცა. სერიალის სათაურიც თავდაპირველად სხვა იყო.
მაგრამ მთავარი ეს სულაც არაა...
ქაღალდის ტყვია არის ამბავი ერთი ნაღვლიანი პოეტისა, ერთიც გაქცეული ყოფილი ყაჩაღისა, ამბავი მათი სევდიანი და საოცარი მეგობრობისა, ცოტაც ამბავი სიყვარულისა და კიდევ პოეზიისა...
მაგრამ ვისზეა ამბავი ლევან თუთბერიძის ტელესერიალში, ამის გარკვევას ყველაზე მორჩილი ან კატეგორიულად გაბედული მაყურებელი თუ მოახერხებდა მხოლოდ, რადგან მათგან ერთ-ერთი მაინც შეძლებდა სამი კვირის განმავლობაში `თბილისქალაქური~ არა პირობითი, არამედ უხამსად დაკონკრეტებული ერთი `მაგარი~ უბნის გარემოს აღქმასა და ათვისებას. აკა მორჩილაძის მოთხრობილი ამბავი არათუ თბილისურ სინამდვილედ ვერ იქცა, არამედ პერსონაჟთა მთელი სისტემის რაობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. როგორც ჩანს, ფილმის ავტორმა გადაწყვიტა, რომ არ ჰყოფნიდა მწერლის მიერ მოთხრობის სახით შემოთავაზებული მხატვრული შტრიხები და პერსონაჟები ერთგვარი საგის პრინციპით შეიყვანა მოქმედებაში. იგულისხმება ბავშვობის მოგონებები ე.წ. `ფლეშბექის~ საშუალებით, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელია მაყურებელმა გაარჩიოს რომელი ნორჩი სახე ასახავს მომავალ განგსტერსა თუ პოეტს. ამასთან ერთად პერსონაჟთა რიცხვი ნელ-ნელა და უსასრულოდ იზრდება. პროზაულ ნაწარმოებში არსებულ გმირებს ემატებიან მწერლის სხვა მოთხრობების გმირები, ასევე გამოგონილები, ან ლიტერატურულ პირველწყაროსთან მიახლოებული, რატომღაც სახეცვლილი პერსონალიები _ ნახალოვკელები, ქუთაისელი ქურდი, ბევრი პოლიციელი, დაზვერვის თანამშრომლები, `უფროსები~, ჩეჩენი მებრძოლები, გატაცებული უცხოელი, მინისტრი და პრემიერ-მინისტრიც კი, რომელიც მთავარ გმირთა ბავშვობის მეგობარია. კლასელისა და უბნელის თემა საკმაოდ მძლავრად ფესვგადგმული და ურყევი ცნებაა მთელ სერიალში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სერიალის ერთ-ერთ ძირითად თემატურ ნიშანს წარმოადგენს. რადგან ერთ კლასში სწავლის ფაქტი გაურკვეველი მიზნით ხშირად დემონსტრირდება და თითქმის ყოველი პერსონაჟის მიერ ხაზგასმული უპირატესობით წარმოითქმება. როგორც ჩანს, ფილმის ავტორებმა ის მომხიბლავი ირონია ვერ შენიშნეს, რაც მწერალს ახასიათებს სწორედ ისეთი სნობური ცნებების მიმართ, როგორიცაა, მაგალითად მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მცხოვრებთა დაყოფა საცხოვრებელი ადგილმდებარეობის მიხედვით ქალაქელებად ან არაქალაქელებად, გაღმელებად და, შესაბამისად, გამოღმელებადაც. ამ პროვინციული ცნობიერების სინდრომს მწერალი აშარჟებს, ხოლო სწორედ ამ სინდრომის აღზევება და თაყვანისცემა კი მეტისმეტად ხშირად ფიგურირებს სურათში. საკმაოდ კომიკური და აზრობრივადაც სწორხაზოვანია ფილმის მთავარი მოქმედების ადგილი _ უბანი, სადაც ჰყავთ ერთი გიჟი, ერთი პოეტი, ერთი მეძავი, რამდენიმე ყაჩაღი, სასულიერო პირი და ისინი ისევ და ისევ ყველანი ერთმანეთის კლასელები არიან. ვფიქრობ, მაყურებელს იმის გრძნობა უჩნდება, რომ ერთი ბეწო სოფლის მაცხოვრებლებზეა ფილმი გადაღებული. განგსტერები ერთმანეთს `მამაოს~ ბინაში ხვდებიან, საკუთარ ბავშვობას იფიცებენ, მერე ვახოს ლანძღავენ, რომელმაც არ იცის, რომ მათ მაინც უყვართ, ან შეიძლება იცის, მაგრამ თავად ისეთ ამბებშია გაბმული, რომ ამისთანებისთვის არა სცხელა. მოკლედ, ვახოს მოკვლა კი უნდათ, მაგრამ თან ძალიან უყვართ. თავად ვახო, პროზაულ ნაწარმოებში მთავარი პერსონაა, ყველა დიდი და მცირე ამბავი მას უკავშირდება, ეს ამბები დახლართული კია, მაგრამ სევდიანად სასაცილო, ნაღველნარევად გასაღიმებელი და არამც და არამც უშინაარსო. სერიალის გმირი ვახო საკმაოდ პრიმიტიული და სხვა გარემოში მოხვედრილი ტიპია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მოთხრობის გმირთან, თითქოს მხოლოდ ფონია ან მოგონება. მიუხედავად ფილმის ხანგრძლივობისა და უამრავი გმირის უფუნქციობისა, მაყურებელი საერთოდ ვერ აღიქვამს მოთხრობის მეორე ან პირველი მთავარი გმირის _ გაქცეული ყაჩაღის _ აჰმედ კაიას იდუმალ პერსონას.
შეიძლებოდა ნაშრომში ვრცელი თეორიული ანალიზი მოგვეხდინა, თუნდაც სერიალის პრობლემებთან დაკავშირებით საზოგადოდ ან ეკრანიზაციასთან მიმართებაში, მაგრამ, ვინაიდან გასეირნება ყარაბაღში და ქაღალდის ტყვია გამონაკლისია ბოლო წლებში თანამედროვე პროზის ეკრანიზების თვალსაზრისით, ბუნებრივია ამ ფილმებზე ყურადღების შეჩერება. სერიალის ნეგატიურმა ხასიათმა კი შესაბამისი ირონიული ტონი წარმოშვა. მაგრამ თავისთავად ორივე მაგალითი ცხადყოფს საერთოდ თანამედროვე ეკრანიზაციისა და კინო - თუ ტელესერიალის არსის არასწორად გაგების ტენდენციას. სტატიაში მე შეგნებულად ავუარე გვერდი იმ მოზღვავებულ, გაუგებარ ფორმატში არსებულ მინისერიალებს, რომელთა დემონსტრირების იდეა უკვე გულისხმობს საშუალო სტატისტიკური მაყურებლის აზროვნების კოეფიციენტის მიმართ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას. ვფიქრობ, რომ ასე არ უნდა მომხდარიყო აკა მორჩილაძის პროზასთან დაკავშირებით, რადგან, მიუხედავად ყბადაღებული "მოდურობისა", მიმაჩნია, რომ მისი ნაწარმოებები ნამდვილად არ არის მოკლებული სწორედ იმ გრძნობადობასა და სიღრმეს, რომელიც მე, როგორც რიგით მკითხველს, საკმაოდ საფუძვლიანი დასკვნებისაკენ მიბიძგებს.
URL:index.htm   კინოLUMIERE #1                           BACK/   /NEXT