KINOLUMIERE.GE                                                                                                           თ ვ ა ლ ს ა ზ რ ი ს ი  
 
მაია ლევანიძე 
"მოდური"  ცხოვრება _ "მოდური" კინო   
   


XX საუკუნის 80-90-იან წლებში საქართველოში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე ქართულ ყოფაში შეინიშნება საზოგადოების მსოფლმხედველობის გარკვეული სახეცვლილებები _ ყალიბდება ახალი ეტალონები თუ იდეალები, მორალურ-ზნეობრივი კატეგორიები, როგორც ტოტალიტარულ აზროვნებაზე დაყრდნობით, ისე ეროვნული და დასავლური აზროვნების გავლენით. ღირებულებათა გადაფასების პროცესში სულ უფრო მკვეთრად ვლინდება გარკვეული ტენდენციები საზოგადოებაში, ასევე ყოფასა და ხელოვნებაშიც (ანუ ისინი ურთიერთგავლენის პროცესში იბადებიან, ყალიბდებიან). ამ ტენდენციებს პირობითად შესაძლებელია "მოდური" ვუწოდოთ. თვით ტერმინში _ "მოდური" თავისთავად ვგულისხმობ საყოველთაოდ აღიარებულს, აპრობირებულს, პოპულარულს.
"ხელოვნების, პოლიტიკის, რელიგიის და ფილოსოფიის მსგავსად ლიტერატურასაც ჰყავს თავისი მოდის კანონმდებლები, ვისზედაც გამუდმებით ლაპარაკობს პუბლიკა და ვისაც შეუძლია მიიპყროს საზოგადოების ყურადღება, ცხადია, ამა თუ იმ დროიდან ამა თუ იმ დრომდე, არსებობენ მოდური მღვდლები, მოდური ფილოსოფოსები, მოდური ადვოკატები, მოდური ექიმები, მოდური მწერლები, მოდა იპყრობს ყველასა და ყველაფერს... _ ამ ლიტერატუტულ ფრაგმენში, კნუტ ჰამსუნის ესედან, "მოდური ლიტერატურა" , რომ მოვიხმეთ, მკვეთრად ვლინდება უნიჭო, თუნდაც საშუალო ნიჭის ხელოვანის აზროვნების დიაპაზონის სიმწირე, მისი წარმავლობა. მედროვე ხელოვანისადმი დროის უმოწყალო დამოკიდებულება. ამავე დროს საუკუნის დასაწყისში წარმოთქმული ეს ფრაზა სულ უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე ქართული ყოფისა და კულტურისათვის.
ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო მკვეთრად იკვეთება მოდური სასაუბრო კილო, ჩაცმის, ურთიერთობის, ცხოვრების ერთგვაროვანი სტილი, იქმნება კლუბები, თეატრები, კინოთეატრები, საგამოფენო დარბაზები და ა.შ., რომელთა საერთო დონეც საზოგადოებაში ხშირად განისაზღვრება მათთან "მოდური ადამიანების" ურთიერთობთ. ანუ ტრადიციულად საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ მკვიდრდება ცხოვრების ახალი სტილი, სტერეოტიპები, დოგმები. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ჩნდება ფსევდოინდივიდუალიზმი, თავისი მახასიათებელი ნიშნებით, ელემენტებით, ცალკეული ატრიბუტებით. მოდური ტენდენციები ზოგადად ქმნიან რეალობის სიმულაციურ გარემოს, სადაც გარეგნულ `კეთილდღეობაში ერთგვარად იგნორირდება, იმალება ქვეყანაში მიმდინარე რთული სოციალურ-პოლიტიკური პროცესები. რეალური ფაქტები და მოვლენები კულუარული დისკუსიების ობიექტებს ვერ სცილდება და მხოლოდ ვიწრო წრის განხილვის საგნად იქცევა. მისწრაფება _ ჩაჯდე მოდური ტენდენციის საზღვრებში _ ხელოვანს უკარგავს რეალური პროცესების აღბეჭვდის სრულ შესაძლებლობასა თუ უნარს.
ფაქტობრივად საზოგადოებაში იკარგება საგნის, მისი არსის, ან მოვლენის გლობალური ანალიზისა და ღრმად წვდომის სურვილი ან უნარი. საზოგადოება კრიტიკის გარეშე მზად იღებს კარგად შეფუთულ, მოწოდებულ, რეკლამირებულ, ნებისმიერი ხარისხის "პროდუქციას". ამ სტატიაში არ მაქვს პრეტენზია, სრულად გავაანალიზო საზოგადოებაში არსებული მოვლენები, თუმცაღა ვფიქრობ, რომ, სწორედ ისინი ახდენენ გარკვეულ გავლენას ქართული კულტურის განვითარებაზე.
ქართული კინო, როგორც საერთო კულტურული სივრცის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, არ შეიძლება დარჩენილიყო ზემოხსენებული პროცესების მიღმა. თუ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ქართული კინო ცდილობდა გარკვეული ორიენტირები აეღო დასავლური კინემატოგრაფისკენ, 90-იან წლებში ძირითადი ორიენტირები საქართველოსკენ შემოტრიალდა, კონკრეტულად, უახლეს ქართულ კინოზე მეტ ზეგავლენას ახდენდა წინა თაობის გამოცდილება, მათი შემოქმედებითი სტილი და ფორმისეული ძიებები.
ქართულ კინოში 60-70-იან წლებში ასე პოპულარული, მეტად მიღებული იგავურ-მეტაფორული პირობითი ფორმა დღეს ხელოვანის ინტელექტუალობის, ინდივიდუალიზმის ერთგარ ნიშნად იქცა. თუ ადრეულ პერიოდში იგი ხელოვანს საშუალებას აძლევდა რეალურ პროცესებზე, მწვავე სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემაზე ესაუბრა, დღეს ეს ფორმა დარჩა ფორმად ანუ შენარჩუნებულია მისი მხოლოდ ვიზუალური ნიშნები. ფორმა ნიველირდება, იცლება ღრმა შინაარსისგან, ხდება გაუთვითცნობიერებულად მიბაძვა. რაც, მას ერთგვარ `მოდურ ტენდენციად აქცევს. დღეს თავისუფალ სივრცეში, როცა აღარ არსებობს ოფიციალური, იდეოლოგიზებული ცენზურა, `შეფარვითი თხრობის აუცილებლობა, აღნიშნული ფორმების პედალირება გაუმართლებლად და მიუღებლად მეჩვენება. ამგვარად, 60-70 იანი წლების კინოესთეტიკისადმი პირდაპირი მიბაძვით, 90-იან წლებში ჩამოყალიბდა ტენდენცია, როცა გამოსახულება უფრო რთულია თავისი სტრუქტურით, ვიდრე იდეურ-თემატური ასპექტებით. "ფერწერული" ტენდენციის რადიკალური გამოხატულებაა ნანა ჯანელიძის ფილმი იავნანა, რომელსაც საფუძვლად დაედო იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა იავნანამ რა ჰქმნა. მოტივი, სიუჟეტი, სტილიზებული კადრის ფერწერულობა, "დაწყობილი" გარემო, მკაცრი კომპოზიციური ფორმა, ფერთა მდიდარი გამა უჩვეულო, არატიპურ გარემოს ქმნის. ხშირად მოძრაობა ეწირება ფორმას. კადრის ესთეტიზაციის, მისი ხელოვნურად გაზრდის, საერთო კოლორიტის შექმნის ტენდენცია თვითმიზნური ხდება.
90-იან წლებში იკვეთება დასავლური ყოფისთვის დამახასიათებელი ნიშნების და ქართულ რეალობაზე მათი მორგების ტენდენცია. იგივე ტენდენცია შეინიშნება ნანა ჯორჯაძის ფილმში შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი, სადაც ხდება რეალური სამყაროს `შეფუთვა, შელამაზება `უცხო ყოფისათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკით, ელემენტებით და ა. შ., ანუ `მოდური გამოსახულება, ფორმა, სტილი უკვე მზა ფორმაა, რომელზედაც ხელოვნურად იწყება რამე პრობლემის მორგება. ამა თუ იმ ფილმში დასმული მარტივი, გნებავთ, ერთმნიშვნელოვანი პრობლემატიკა, ერთი შეხედვით, რთულ გამომსახველობით რიგში, თავისთავად ქმნის სწორხაზოვან მეტაფორასა და სიმბოლიკას. ფაქტობრივად, დამუშავებული და ბუნდივანი თემა ვეღარ მოიცავს რამდენიმე სააზროვნო პლასტს, შრეს, შესაძლებელია, თვით ხელოვნებაშიც კი ვერ ბადებდეს სააზროვნო იმპულსებს.
90-იან წლებში საქართველოში მიმდინარე პროცესები ნაკლებად აღინიშნებოდა დადებითი ძვრებით. რთულმა სოციალურ-პოლიტიკურმა მდგომარეობამ წარმოქმნა მეტად ხელსაყრელი საფუძველი პიროვნების უარყოფითი თვისებების გამოსავლენად. აქედან გამომდინარე, აქტუალური ხდება ხელოვნების ნებისმიერი დარგისთვის მორალურ-ზნეობრივი საკითხების კვლევა. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში, სადაც რეალური ცხოვრება დიდი აქტივობით გამოირჩევა, რთულია მოხდეს მოვლენების ღრმა და საფუძვლიანი ანალიზი, თუნდაც ახლო წარსულის შეფასება, მაგრამ, ჩემი აზრით, აუცილებელი და სასურველია იგი ავტორების მიერ მაინც იყოს გააზრებული.
კახა მელითაურისა და თინა მენაბდის ფილმი როგორც ლურჯა ცხენები არის ის შემთხვევა, როცა ავტორები ქაოსურ ფორმაში აქცევენ ისეთ ზოგადსაკაცობრიო თემებს, როგორიცაა ნიჰილიზმი, ძალადობა და ა.შ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფილმების ავტორები იმდენად ვერ ითავისებენ, ვერ პოულობენ ინდივიდუალურ, თვითმყოფად ფორმას, რომ შეგნებულად ქმნიან სუმბურს, ფილმში მოცემული მთელი რიგი სიმბოლოები სწორხაზოვანი და მარტივია, ანუ "მასშტაბური" თემები მარტივ ნიშნებამდეა დაყვანილი.
არსებობს საპირისპირო ტენდენციაც, როცა შესაძლებელია თემის გააზრება უფრო გლობალურად. ზოგჯერ შეიძლება იგი გასცდეს პირად თუ ეროვნული პრობლემების ჩარჩოებს, მაგრამ იკეტება ავტორის მიერ დადგენილ საზღვრებში და იძენს "მოდური" ტენდენციის შეფერილობას.
ომის თემა თავისთავსდ იტევს მორალურ_ზნეობრივი პრობლემების, სოციალურ-პოლიტიკური ასპექტების მრავალფეროვან სპექტრს. აფხაზეთის თუ სამაჩაბლოს მიწაზე წარმოებული ომები, შიდა სამოქალაქო დაპირისპირებები თავისთავად მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქართველი ერის აზროვნების საერთო ღირებულებების ჩამოყალიბებაზე. ამ თვალსაზრისით საქართველოში უფრო რთულად მიმდინარეობდა ომის შემდგომი პროცესები, ვიდრე თვით ომი. მისი შედეგების გააზრება და თუნდაც სისტემატური ანალიზი არასაკმარისი აღმოჩნდა ათწლიან ინტერვალშიც კი. ფაქტობრივად, ხელოვნების ვერც ერთმა დარგმა ვერ მოახერხა მიმდინარე პროცესების რეალისტური, ობიექტური სახის შექმნა. მაგალითად, მიხო ბორაშვილის ფილმი ცარიელი სივრცე ანდა მერაბ თავაძის ხვეული კიბე, რომლებიც აფხაზეთთან დაკავშირებულ მეტად მტკივნეულ და მნიშვნელოვან თემებს ეძღვნება, ვერ ასახავხ დასმულ პრობლემატიკას, ვერ გასცდა პირად ლოკალურ პრობლემებს.
ერთ-ერთ ინტერვიუში სტილისტ-მოდელიორი ჟან პოლ გოტიე წერდა: "მე ვიმოსები მე ვახდენ თვითრეალიზებას, მე ვიმოსები _ მე ვიცავ ჩემს აზრს, მე ვიმოსები _ ვიშორებ საბურველს. მაჩოებს, პედოფილებს, უნისექსუალებს ყველას თავისი სამოსი აქვს. მე მსურს ვიყო ისეთი, როგორიც ვარ, მე მინდა ვიყო ისეთი, ვინც მსურს გავხდე. მე გამოვხატავ სამყაროს ჩემეულ ხედვას. სტილისტის ეს განაცხადი, რომელიც ერთგვარი მანიფესტის შეფერილობასაც იღებს, გამოხატავს `მოდისადმი დამოკიდებულებას. თუმცაღა, ის უფრო მეტად ადამიანებს, საზოგადოებას მოუწოდებს შინაგანი თავისუფლებისკენ, თვითგამოხატვისკენ. თითოეულ ჩვენთაგანს მოუწოდებს დაარღვიოს შინაგანი დადგენილი ნორმები, ტაბუები, საერთო ერთფეროვნება და ა. შ. ანუ, უფრო კონკრეტულად, ჟან პოლ გოტიე ინდივიდუალური სტილის (უფრო ფართო გაგებით) აღმოჩენის, შემუშავების საუკეთესო საშუალებდ მიიჩნევს მოდას, რაც, სამწუხაროდ ჩვენში არ არსებობს; არ არსებობს ჭეშმარიტი ინდივიდის, საკუთარი სტილისტური ნიშნის აუცილებლობა. იქნებ ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არსებული ტენდენციების, საერთო უგემოვნების და ერთიანი მოთხოვნილებების ჩამოყალიბების ფონზე ხელოვნებაშიც გაჩნდა ფორმის, ინდივიდუალური სტილის ნიველირებისა და საბოლოო ჯამში მისი არარსებობის ტენდენცია.

 
URL:index.htm   კინოLUMIERE #1                           BACK/ /NEXT