KINOLUMIERE.GE

 

                             პ ო რ ტ რ ე ტ ი

 

 

  ნათია კოპალეიშვილი: ნატო ვაჩნაძის ვაარსკვლავი  
             
     
 


სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ვთქვა, რომ თუ ქართულმა კინომ გაიმარჯვა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატო ვაჩნაძეა. მის სახეში ხომ ზეციური სიმშვიდე და ანგელოზის სისადავეა. სწორედ ასეთი თვალები აქვს ქართულ ფრესკებზე ღვთისმშობელს, რომელსაც წაშლია საღებავი და და რომლის თვალები დახვრეტილია მონღოლებისა და ოსმალთა თუ ლეკების ტყვიით~ - წერდა ტიციან ტაბიძე. ნატო ვაჩნაძეს სამსახიობო განათლება არ მიუღია. 1923 წელს, როდესაც რეჟისორი ვიქტორ ბარსკი ფილმ არსენა ყაჩაღის გარდასაღებად ემზადებოდა, ხოლო ამო ბეკ-ნაზაროვი _ მამის მკვლელის (ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.), ნატო მოგონებების წიგნში წერს, რომ გურჯაანში მას შაქრო ბერიშვილმა მიაგნო და შესთავაზა არსენა ყაჩაღში ნენოს როლის შესრულება. სინჯებში ვხედავთ თავსაფრიან, სრულიად პატარა გოგონას, რომელიც ქართული კინოს სამსახიობო სკოლის ტრადიციული, ნაციონალური სახე ხდება.
ამო ბეკ-ნაზაროვი კი ნატოს აღმოჩენის ფაქტს ისე აღწერს, თითქოს მან, თავისი სარეჟისორო დებიუტისათვის, ალექსანდრე ყაზბეგის რომანი მამის მკვლელი მოიძია, 1 ძალიან მოეწონა მოხევეთა ცხოვრების სურათები, ამასთანავე ის დრამატული კოლიზია, რომელიც დრამატული სიუჟეტის განვითარების პერსპექტივას იძლეოდა.
ბეკ-ნაზაროვი კარგად იცნობდა ქართველ მსახიობებს, მოსწონდა აკაკი ვასაძე. იცოდა ვასაძის სასცენო შემოქმედება. იაგოს მეტად საპასუხისმგებლო როლზე მან ცნობილი საოპერო მომღერალი ვანო სარაჯიშვილი მოიწვია. თუმცა, ცხადი იყო, რომ მასთან ყველაზე მეტად მოუწევდა მუშაობა რეჟისორს, საოპერო სცენის ესთეტიკისათვის დამახასიათებელი უტრირებული ჟესტების გამო.
შედარებით რთული იყო ქალის როლებზე მსახიობების შერჩევა. რეჟისორმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ჩუტა ერისთავი-ჟღენტისა, ცნობილი საზოგადო მოღვაწის გიორგი ერისთავის და. ჩუტა ერისთავი საოცარი მუყაითობით მოეკიდა როლს, რაც შეეხება მთავარ როლს აქ ყველაზე დიდხანს გაგრძელდა ძიება. უამრავი ახალგაზრდა ქალიშვილი გასინჯეს როლზე. Fფილმის ორგანიზატორი გერმანე გოგიტიძე, შეშფოთებული იყო, რადგან გადაღება არა და არ იწყებოდა. სრულიად მოულოდნელად, `დვარცოვზე~ მოსეირნე რეჟისორმა, ფოტოატელიეს სარეკლამო ფირნიშზე, შეამჩნია (როგორც ცნობილია, ეს იყო შიხმანის ფოტოატელიე) ულამაზესი გოგონა და იქვე გადაწყვიტა, რომ ზაქრო ბერიშვილი, ფილმის ადმინისტრატორი და ნუნუს მამის როლის შემსრულებელი გაეგზავნა ქალიშვილის მოსაძებნად, რომელიც თურმე გურჯაანში ცხოვრობდა. ამო-ბეკ ნაზაროვი ნატოსთან შეხვედრისთანავე მიხვდა, რომ იგი აღმოჩენა იყო. მეორე დღესვე დაიწყო გადაღებები.
ბეკ-ნაზაროვი იგონებს, როგორ სწავლობდა ნატოს სახეს სხვადასხვა რაკურსში, არჩევდა ჟესტებს, ხან წარბების შეჭმუხვნას სთხოვდა, ხანაც თვალების ფართოდ გახელას. ნატომ და რეჟისორმა მალე გაუგეს ერთმანეთს, იმდენად, რომ ბოლოს თავად სთავაზობდა, თურმე, წინადადებებს.
ფილმის გადაღება თვესა და თვრამეტ დღეში დასრულდა.
ასე დაიწყო ქართული მუნჯი კინოს ვარსკვკლავის, ნატო ვაჩნაძის ბრწყინვალე კინოკარიერა.
,,რა ცოტა რამაა საჭირო იმისათვის, რომ მსახიობი გახდე. გარეგნობა, ახალგაზრდობა. მაყურებელმა რატომღაც უმალ მიგიღო, შენმა თვალებმა, ცრემლებმა ააღელვა, ღიმილმა მოხიბლა. რამდენი შემთხვევითობაა... რამდენმა ვარსკვლავმა ჩაიქროლა ეკრანზე და გაქრა. იმისათვის, რომ შემორჩე, საჭიროა ბედნიერი მენატურედან შრომისმოყვარე მსახიობის გზა გაიარო _ ასე მკაცრად განიხილავდა თავის შემოქმედებით ბიოგრაფიას ნატო ვაჩნაძე. მით უფრო საოცარია, რომ ეს სიტყვები ქართული კინოს ლეგენდას ეკუთვნის, 2.
ნატომ ერთდროულად ამო ბეკ-ნაზაროვის მამის მკვლელსა და ვიქტორ ბარსკის არსენა ყაჩაღში მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე თვის შემდეგ ნატო გაიცნო არა მხოლოდ საქართველომ, არამედ მთელმა საბჭოთა კავშირმა. ნატოს ფოტოები გავრცელდა ჟურნალებში. მისი მონაწილეობით ფილმებმა სეზონი დაიპყრო.
რეჟისორის მოგონებების წიგნში განსაკუთრებითაა აღნიშნული, რომ მამის მკვლელით მაყურებელი აღფრთოვანდა. და რაც მთავარია, მოსკოვში ფილმის გამოსვლას თან სდევდა ნატო ვაჩნაძის დიდი რეკლამა. ამო ბეკ-ნაზაროვი წერს, რომ მან იცოდა, თუ როგორ `აკეთებდნენ~ ეკრანის ფავორიტებს და გადაწყვიტა, იმავე გზით წარედგინა ეკრანის დედოფალი ნატო ვაჩნაძე.აფიშები ამცნობდა საზოგადოებას: `ნატა ვაჩნაძე ქართველი ვერა ხოლოდნაია~. რეკლამამ გაამართლა მოსკოვმა ერთხმად აღიარა მსახიობი.
მართალია, ნატო ჯერ არ ფლობდა რთული სამსახიობო რესურსების მთელ არსენალს, მაგრამ მომნუსხველად ლამაზი იყო, საუცხოო, ეგზოტიკური გარეგნობის და, თანაც, საკმაოდ ნიჭიერი. ახლა უკვე საჭირო იყო, არ გაჩერებულიყო `სარეკლამო~ მანქანა. ამიტომ ამო ბეკ-ნაზაროვი იხსენებს, იგი, როგორც ,,სახკინმრეწვის სამხატვრო ხელმძღვანელი, მოითხოვს, რომ ნატო მიიწვიონ არსენა ყაჩაღში, რომელსაც იღებდა ვიქტორ ბარსკი.
აი, ასე გვაწვდის ამო ბეკ-ნაზაროვი ნატოს ,,დაბადების ისტორიას. როგორც ჩანს, მას განსაკუთრებით სურდა, საზოგადოების ცნობიერებაში ნატოს აღმოჩენის საკუთარი პრიორიტეტი გამოეკვეთა. საქმე ის იყო, რომ ადრე გადაღებულ მამის მკვლელს, საეკრანო ჩვენებით არსენა ყაჩაღმა გაუსწრო და აღმოჩნდა, რომ ნატოს დებიუტი არსენა ყაჩაღში შედგა. თავად ნატო,Yთავის მოგონებების წიგნში, წერს, რომ პირველი კინოსინჯი ვლადიმერ ბარსკისთან შედგა. ამ სინჯის შემდეგ, იგი წაიყვანეს კინოსტუდიაში, სადაც გაიცნო სტუდიის ხელმძღვანელი ამო ბეკ-ნაზაროვი. ამას თვით მსახიობი წერს. რაც შეეხება ფილმების რიგითობას, ნატოს ხელშეკრულება ორ ფილმზე დაუდეს. მამის მკვლელში ნატო ვაჩნაძემ ნუნუს როლი განასახიერა. ფილმი მოგვითხრობს ამბავს ქალიშვილისა, იძულებით რომ მიათხოვეს ადამიანს, რომელიც მას არ უყვარდა. ნატოს ამ როლში დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა ყაზბეგის სიტყვა ემოციურად და გამოხატვის მომცველობით გაემართლებინა.
ასევე რთული იყო არსენა ყაჩაღში განსახიერებული ნენო, უფრო სწორად, უუფლებო, ჩაგრული და მორჩილი გოგონა, თუმცა კი, შინაგანი სიამაყით აღსავსე. ვიქტორ ბარსკის, არსენა ყაჩაღის დამდგმელ რეჟისორს შეეძლო მსახიობის მხატვრული სახის შექმნა, მაგრამ სამწუხარო ის იყო, რომ სახე შტამპად იქცეოდა ხოლმე. Aამიტომ, დროდადრო, ფილმიდან ფილმში გადადიოდა ნატოს მიერ ერთხელ მიგნებული სახასიათო ნიშან-თვისებები.
ამო ბეკ-ნაზაროვი სრულიად გულწრფელად აღიარებს, რომ ნატოს მსახიობად ჩამოყალიბებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ივანე პერესტიანს _ სამი სიცოცხლისა და ტარიელ მკლავაძის საქმის დამდგმელ რეჟისორს, რომელსაც უკვე იმ დროს, ბევრი საინტერესო ფილმი შეექმნა...
იმხანად, ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული პრაქტიკაში გადაღების წინ რეპეტიციები. მსახიობთან მუშაობას შედარებით იოლი ხასიათი ჰქონდა. გადაღების წინ, პავილიონში რეჟისორი ეპიზოდის შინაარსს ჰყვებოდა, რასაც თან სდევდა რეპეტიცია, უფრო `მონახაზის დამუშავება~. ასეთ დროს მსახიობი მთლიანად უნდა მინდობოდა რეჟისორს.
ნატო ვაჩნაძე ასე მოგვითხრობს თავისი მუშაობის პირველ ნაბიჯებზე:
`ბარსკის თავის ბინაზე კერძო სტუდია ჰქონდა, სადაც დამწყებ მსახიობთ ასწავლიდა. თავისთან მიმიხმო და რამდენიმე ლექცია მომცა შესასწავლად. როგორც შემდეგ გავიგე, ის გვასწავლიდა ყოველგვარი მეცნიერული მომზადების გარეშე, ეყრდნობოდა რა ხელოვნების ბურჟუაზიულ თეორიას, კერძოდ დელსარტის მოძღვრებას მოძრაობის შესახებ. დელსარტს მიაჩნდა, რომ არსებობს ადამიანის მდგომარეობის ერთხელ და სამუდამოდ მოცემული, განსაზღვრული `გამოხატვის კანონები~. ყოველი ასეთი მდგომარეობისათვის არსებობს გამოხატვის განსაზღვრული, უცვლელი ფორმა. ამიტომ აქტიორის ამოცანაა, გამონახოს სასურველი გარეგანი ფორმა და უკვე შემდეგ, მასში მოაქციოს შესაფერი ფსიქოლოგიური მოძრაობა~.3
პერესტიანი, რომელიც ნატოს `ტარიელ მკლავაძის საქმეში~ იღებდა, არ კმაყოფილდებოდა ვერა ხოლოდნაიასადმი მიმსგავსებული მიმოხვრით. განცდის ასახვის ნაცვლად, იგი მოითხოვდა გრძნობის შინაგან განცდას და ამასვე მოითხოვდა ნატო ვაჩნაძისგან. ნატო იმდენად დაიძაბა, რომ ბეკ-ნაზაროვი იგონებს, ნატო ერთ ხანს უარზე იყო პერესტიანთან ემუშავაო. Mმაგრამ, საბოლოოდ, დავითანხმე და მართალიც ვიყავი, რადგან ეს ამბავი `სამი სიცოცხლის შემდეგ მოხდაო. ამ ფილმის შემდეგ, ნატოს მხოლოდ გარეგნობას კი არ შეუქებდი, არამედ იგი სრულფასოვანი პროფესიონალი კინომსახიობიც გახდა.4
Pპარალელურად, სტუდია ემზადებოდა ნინო ნაკაშიძის რომანის ვინ არის დამნაშავე (უაილდ ვესტის მხედრები) გადასაღებად. `მე არ მინდა, ნატო მხოლოდ პოპულარობით შევაფასო~ _ განმარტავს თავის გადაწყვეტილებას ალექსანდრე წუწუნავა _ ,,ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მისი სახიდან და თვალებიდან გამოიყურებოდა ქართველი ქალის სხივი. როცა დავიწყე ფილმი, უფრო მაინტერესებდა ნატო ვაჩნაძის ამ თვისებათა გამოაშკარავება, ვინემ თეატრის დამშვენება ნატოს ცნობილი სახით." 5 ფილმი ალექსანდრე წუწუნავას უნდა გადაეღო. მე და გერმანე გოგიტიძე დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდით დიდი პავილონის დადგმის შესახებ. პირონეს მიერ შექმნილ პატარა პავილონში უკვე გვიჭირდა დატევა, მაგრამ ,,სახკინმრეწვის აქციონერები, კავკასიის სხვადასხვა დაწესებულებები არ ჩქარობდნენ თავთავისი წილის დადებას.
ნათელას შემოსავალს მთლიანად ნატო ვაჩნაძეს უმადლიდა ამო ბეკ-ნაზაროვი. მოსკოვში დაესტამბათ 50 000 ფოტო ნატოს გამოსახულებით და წარწერით: ,,არ დაგავიწყდეთ, შეიძინოთ ბილეთები ფილმზე ნათელა, რომელიც მსოფლიო ბოევიკების დონისაა, აქ თქვენ ნახავთ ეკრანის დედოფალს ნატო ვაჩნაძეს.~6 ივანე პერესტიანი იწვევს ნატო ვაჩნაძეს ტარიელ მკლავაძის საქმეში (იმპროვიზაციით გადაღებული ფილმი) მონაწილეობის მისაღებად, ესმას როლში, ალექსანდრე წუწუნავა - `სამ სიცოცხლეში~ დესპინეს როლზე. Aამგვარად, მსახიობი კვლავ ორ ფილმზე მუშაობს. როგორც ნატო იგონებს, დღის პირველ ნახევარში იგი ესმა იყო, ხოლო მეორეში დესპინე.
განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა ესმას სახე ფილმიდან სამი სიცოცხლე, რომელიც გიორგი წერეთლის რომანის მიხედვით იყო გადაღებული. გმირის სულიერი განცდის გახსნაში ნატოს დაეხმარება პირველწყარო.როგორც იმხანად წერდნენ, პერესტიანი თითქმის სცენარის გარეშე იღებდა, იგი ექსპერიმენტებს ენდობოდა. ეს კი ძალზე რთული იყო გამოუცდელი მსახიობებისათვის. ნატო წუხდა, რომ როლები, რომელთა თამაშიც მოუწია, ერთსახოვანი იყო (1926), ეს გახლდათ პასიური ქართველი ქალი. ჩვენ ვახსენეთ, რომ ქალის ახალი ტიპი ჯერ მხოლოდ ყალიბდება. ნატო ვაჩნაძეს ვერა ხოლოდნაიას ადარებდნენ. შესაძლოა, ორ ვარსკვლავს შორის მართლაც იყო რაღაც მსგავსება, მაგრამ უმთავრესი იყო თვით `ვარსკვლავობით~ შექმნილი, ილუზიებით აღსავსე თაყვანისმცემელთა ჯარი, და კიდევ ის, რომ, სიცოცხლის შემდეგ, ლეგენდებზე ისევ ლეგენდებს თხზავდნენ. უცნაური და ახირებულია ხელოვანის ბედი. ზოგს უხვად დააბერტყავს ღმერთი თავის კალთას და ხელოვნების სარბიელზე გამოჩენისთანავე მოუტანს საერთო აღიარებას, სხვას კი მრავალ წელს თავაუღებელი შრომა სჭირდება, რათა ხელოვნების დიდ მდინარებაში ოდნავ მაინც იქნას შემჩნეული~ .7
ამოკზე მუშაობის წინ მარჯანიშვილმა ნატოს ასე მიმართა: `ინგლისელ ქალს შენ არ ჰგავხარ, მაგრამ მე მინდა, ჩემთან იმუშაო. იტალიელს უნდა დაგამსგავსო. შენ მშვენივრად ითამაშებ ჩემს სურათში, მე შენგან მსახიობს შევქმნი..~ მართლაც, ნატო კოსტიუმსაც უკვე სხვაგვარად ატარებს. სრულიად თავისუფალი ქალია, თამამი, ღირსეული, ხოლო სიკვდილისათვის იმდენად გახსნილი, ემოციური თვალსაზრისით, რომ საკუთარ თავს, ხასიათის ზემოთჩამოთვლილ თვისებებს სრულიად ივიწყებს.
      მარჯანიშვილი ამპლუას უცვლის ნატოს, ის თავისუფალი ქალია, საკუთარი ნებისა და ღირსების განმცდელი.
შემდგომში მარჯნიშვილმა კვლავ მიიწვია ნატო კრაზანაში, ჯემას როლზე.
      ნატო ვაჩნაძე საკმაოდ მომთხოვნი ადამიანი იყო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ. იგი თავის წიგნში არაერთგზის აღნიშნავს, რომ სურს არა მხოლოდ პოპულარულ მსახიობად დარჩენა, არამედ ჭეშმარიტ პროფესიონალად ჩამოყალიბება. მკითხველს შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს ვიღაც მუდმივად აკრიტიკებდა, იმდენად მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ. პროფესიულობის მიღწევაში მას უდავოდ დიდი სამსახური გაუწია კოტე მარჯანიშვილმა, რომელმაც, ნატოსთან ერთად, მსახიობთა მთელი თაობა აღუზარდა ქართველ ხალხს თამარ ჭავჭავაძე, უშანგი ჩხეიძე, შალვა ღამბაშიძე, სერგო ზაქარიაძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე და სხვები.
ახალგაზრდა რეჟისორები, ლეო პუში და ნიკოლოზ შენგელაია ნატო ვაჩნაძეს იწვევენ ფილმზე გიული (1927) მას ბევრი ურჩევდა, არ მიეღო მონაწილეობა ჯერ კიდევ უცნობ რეჟისორთა ფილმებში, არ გადაედგა ასეთი სარისკო ნაბიჯი, მაგრამ ნატო ყურადღებას იჩენს და მაინც თანხმდება გადაღებებზე.
ნატო ვაჩნაძემ ნიკოლოზ შენგალაიას "ჩემი ცხოვრების რეჟისორი" უწოდა. ცხოვრება რეალურად უამრავ წინააღმდეგობას ბადებს. შენგელაიას სიტყვები `თუ ოდესმე კინორეჟისორი გავხდი, იცოდეთ, ჩემს სურათში უბრალო მოსამსახურის როლსაც არ გაღირსებთო~,8 საპირისპიროდ ახდა. ნატო მარჯანიშვილთან ერთად, მსახიობი უდიდეს სკოლას გადის ნიკოლოზ შენგელაიასთან; ნათელა, გიული, ნარინჯის ველი, სამშობლო, `ის კიდევ დაბრუნდება~ - შენგელაიას ფილმებია, სადაც ნატომ ეკრანზე პლასტიური მოძრაობისა და კინოსპეციფიკის ათვისების აუცილებელი გაკვეთილები მიიღო.

     ამ პერიოდში შემოდის ხმა კინოში. უხმო კინოს ყველა ვარსკვლავი, მათ შორის ნატოც, `საშიშროების~ წინაშე დადგა. კინემატოგრაფს აღარ სჭირდება `ტიპაჟი,~ არაპროფესიონალი მსახიობები და ამიტომ ასპარეზს ფლობენ თეატრის მსახიობები. როგორც ნატო ვაჩნაძე იგონებს, თეატრალური მსახიობი მათ ეჯიბრებოდა ხმით, პროფესიონალიზმით. Dდიახ, კინომსახობს კოლოსალური შრომისუნარიანობა მოეთხოვება. თუმცა, ყველამ როდი შეძლო იოლად გარდასახვა. ნატო ვაჩნაძე გამარჯვებულთა შორისაა. 1934 წელს იგი მონაწილეობს ჭიაურელის ფილმში უკანასკნელი მასკარადი. ვფიქრობ, შესაძლოა, მის შემოქმედებას, ამ პერიოდიდან, ახალ ხარისხში მოღვაწეობა ეწოდოს. 30-იან წლებში იგი უკვე გამოცდილი პროფესიონალია, თუმცა, ნატო მუდმივად უკმაყოფილოა თავისი თავით და მუდამ სწავლისკენ მიუწევს გული. მაგრამ ისევ ნაცნობ ამპლუაში, დამცირებული, ტანჯული ქალის როლში. ამ ფილმში ნატო სიტყვასაც არ ამბობს. როგორც ჩანს ჭიაურელმა მას ვერ ანდო როლი სიტყვებით... მიუხედავად ამისა, ნატო შესანიშნავად ართმევს თავს ამ ამოცანას.
ნატოსთვის ერთ-ერთი პირველი ხმოვანი ფილმია უკანასკნელი ჯვაროსნები _ რეჟისორი სიკო დოლიძე, რომელშიც ციციას როლი შეარულა. ამის შემდეგ, ნატოს კვლავ მიხეილ ჭიაურელი იწვევს. ესაა უკვე ნამდვილი ხმოვანი კინოროლის დრამატურგიით დაწერილი სახე _ ჭიაურელის არსენა.
     როგორც კი დრო გამოუთავისუფლდებოდა, ნატო იწყებდა მუშაობას რიგით კინემატოგრაფისტად. ეს ძალზე იშვიათი შემთხვევაა მსახიობის და, თანაც, ვარსკვლავის შემთხვევაში, მაგრამ მას პროფესიის ათვისების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდა. ის არაჩვეულებრივი იყო ამ თვალსაზრისითაც. მაგალითად, როდესაც ესფირ შუბთან ასისტენტ სტაჟიორად მუშაობას იწყებს _ ყვალას გააოცებს, მათ შორის ესფირ შუბსაც. მომდევნო წლებში ნენო განასახიერა არსენა ყაჩაღში, ქაჯანაში _ ქაჯანას დედა, აკაკის აკვანში _ აკაკის ძიძა, მწვერვალთა დამპყრობანში - მთასვლელთა დედის ელისაბედ ლომიძის როლი.
    1953 წელს, თავის დაბადების დღეს 14 ივნისს, ნატო ვაჩნაძე ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

1 Амо Бек-Назаров, Записки актёра и режиссёра, изд., `искусство~ , 1965, გვ. 110.
2 ნატო ვაჩნაძე, `მოგონებები და შეხვედრები~, გამ. ,ლიტერატურა და ხელოვნება, თბილისი, 1966, გვ. 93.
3 ნატო ვაჩნაძე, ,,მოგონებები და შეხვედრები, გამ. `ლიტერატურა და ხელოვნება~, თბილისი, გვ 21.
4 Амо Бек-Назаров, Записки актёра и режиссёра, изд., `искусство~ , 1965, გვ. 113.
5 წერილების კრებული-თბილისი,"საქართველოს კინო 1926წ. გვ. 24
6 "Амо Бек-Назаров, Записки актёра и режиссёра, изд., `искусство~ , 1965, გვ. 116.
7. რ. ჯალაღონია, "შეკრული წრე" თ. ბ. Gგამ. "ხელოვნება" 1987 გვ. 45
8. ნატო ვაჩნაძე, `მოგონებანი და შეხვედრები~, გამ. `ლიტერატურა და ხელოვნება~, თბილისი, 1966, გვ 46.

 
 
URL:index.htm   კინოLUMIERE #1                           BACK/ /NEXT