KINOLUMIERE.GE                                                                                                                     რ ე ც ე ნ ზ ი ა
     
 
 
  ეთერ ოკუჯავა: ვარიაცია მედიატორის თემაზე    

დიტო ცინცაძის მიერ ბოლო დროს გადაღებულ ფილმს მედიატორი ჰქვია. მედიატორი, ჩვენს სინამდვილეში კონფლიქტების, კამათის, გადაუწყვეტი სათხების წლიდან-წლამდე "თრევის" სიმბოლოდ რომ იქცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სიმშვიდისა და ერთგვარი დაზავების სახედაც წარმოგვიდგება და ასე განსაჯეთ, ახლობელ ადამიანადაც გვესახება ხშირად.
მედიატორობა _ mediation _ შუაკაცობას ნიშნავს, ფილმში მას შუამავალი ჰქვია. ორივე შემთხვევაში, იგი მოქმედებს მესამე მხარესთან, ანუ ორსა ან მეტ მხარეს შორის საკამათო საკითხის გადაწყვეტისას, შეთანხმების ძიებისას. მისი ქმედების პრინციპულობა და შესაძლებლობა ფაქტის აღიარებაზე და ნეიტრალური მხარის ჩარევაზეა დამოკიდებული. ყოფაში მისი პოპულარობა იზრდება იმისდა შესაბამისად, რაც უფრო მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესები. მას აქვს კონფლიქტის მოწესრიგების დაკანონებული უფლება.
დიტო ცინცაძის ფილმში, მედიატორი ხელოვნების ასახვის საგანი გახდა და როგორც ჩანს, თავისი, ანუ წამყვანი ადგილი დაიკავა ფილმის სიუჟეტში, ოღონდ სრულიად სხვა ასპექტში, მედიატორი _ სიბინძურის ლაქია, მკვლელობის ხელის შემწყობი, ბედის მორჩილი და ვიღაც-ვიღაცეების სურვილების აღმსრულებელი...



"ჩვენს გარშემო უცნაური ბინძური თამაშები მიმდინარეობს. ჩვენს გვერდით არიან მედიატორები _ ხალხი, რომლებიც ყველაფერს ჰყიდიან, ინფორმაციიდან დაწყებული ადამიანობით დამთავრებული. მინდოდა მეჩვენებინა ეს ხალხი, რა იმალება მათ უკან? მედიატორებმა არ იციან ვის ემსახურებიან~ _ ამბობს ფილმის რეჟისორი დიმიტრი ცინცაძე. www.presa.ge შორენა პაპაშვილი, მედიატორის პროცენტნახევრიანი შანსი "ოსკარზ|ე".

მედიატორის ამგვარი აღქმით დაიწერა სცენარი _ იგი ცინცაძესთან ერთად, პოპულარული მწერლის, აკა მორჩილაძის მიერაა შექმნილი; აკა მორჩილაძე კი ის მწერალია, ვინც თხრობაც იცის, ვისაც დიალოგების წერაც ეხერხება, ყოველ შემთხვევაში მისი აქტიური მონაწილეობა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, კინოში და ტელე სივრცეში ამას აშკარად ცხადჰყოფს, (გავიხსენოთ რომ იგი არის ლიტერატურული პრემიის `საბას~ მფლობელი, ფილმის გაქცევა ყარაბაღში სცენარის ავტორი, და ტელეკომპანია "იმედზე"  არც ისე დიდი ხნის წინ, ძველ თბილისზე გადაცემების ციკლის ავტორი და წამყვანი, რაც მის თხრობის უნარს კიდევ უფრო ხაზგასმულად წარმოგვიჩენს).
თავის მხრივ, დიტო ცინცაძეც გამოცდილი კინორეჟისორია, მან იცის თუ როგორ დააინტერესოს და თავის თანამოაზრედ გაიხადოს მაყურებელი. ერთი სიტყვით, ფილმს ყველა პირობა გააჩნია იმისათვის, რომ სამაყურებლო ინტერესი აღძრას.



დიტო ცინცაძე ცამეტი ფილმის ავტორია, მათ შორის შემოქმედების დასაწყისის, თბილისურ პერიოდში სტუმრები, დახატული წრე, ზღვარზე, ხოლო 1996 წლიდან საზღვარგარეთ მუშაობის დროს _ ხელმოცარული მკვლელები, 2000, ეროტიკული ამბავი, 2000, კაცი საელჩოდან 2005, რევერსი 2006.
1991 წელს, მას სტუმრებისათვის მიღებული აქვს "ოქროს არწივი"
_ თბილისის საერთასორისო კინოფესტივალზე. 1993 წელს, ფილმისათვის ზღვარზე _ "ოქროს არწივი", თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ამავე წელს ლოკარნოს ფესტივალზე _"ვერცხლის ლეოპარდი", ხოლო ხელმოცარული მკვლელებისათვის სან-სებასტიანის ფესტივალზე "ოქროს ნიჟარა".


მედიატორი _ 2008 წელს გადაღებული გერმანულ-ქართული ფილმია, ქართული მხარე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრით და სტუდიით "სანგუკო". ფილმში დასავლეთ ევროპელ ხელოვანებთან ერთად, რუსი კინემატოგრაფისტებიც მონაწილეობენ და ამდენად, კიდევ უფრო ფართოა მისი კელტურული ნაირფერადოვნება. თუმცა ქართველ რეჟისორში, მიუხედავად მისი ზოგად კინემატოგრაფიული კულტურისა, როგორც თემატიკის არჩევანის, მისი გააზრებით და სახვითი ინტერპრეტაციის მეთოდიკის არჩევანით, ქართული კულტურული შრე მკვეთრად ისახება, და ვერ იტყვი, რომ ფილმი ქართული პროდუქტი არ არის.
 

ფილმი დეტექტივურ ფაბულაზე დგას: მოხდა მკვლელობა, მიმდინარეობს გამოძიება და მიუხედავად იმისა, რომ მკვლელი არ "გამოცხადდა"  ფილმის ბოლოს (ტრადიციული დეტექტივის თანახმად!), იგი მაყურებლისთვის მაინც გაცხადდა.
სხვაგვარადაც შეიძლება ითქვას; როგორც ვთქვი, ყველა დეტექტივის ფაბულა და აქაც, ნაწარმოები მკვლელობის ფაქტზე დგას. ფილმის უცხოელ პერსონაჟს ძვირფასი ქვები ერგო "რაღაც"  საქმის გასამრჯელოდ და ახლა ამ ბრჭყვიალა უმანკო ნამცეცების "დათრევის" მსურველთა წრე დაძრწის. ძვირფასი ქვების მფლობელს კლავენ, "ქვები" ინაცვლებენ ერთი ადგილიდან მეორეზე...
ფაბულის წაკითხვის ორივე ვარიანტი იმას მოწმობს, რომ დეტექტივური შინაარსის ფილმის, ამ უმარტივეს ფორმულამდე დაყვანის შემთხვევაშიც ავტორის ორი მნიშვნელოვანი მოსაზრება, შემოქმედებითი კომენტარი იკითხება. პირველი: მაყურებელმა იცის ვინ არის მკვლელი, სწორედ მისმა პიროვნებამ, ლაბადაში გახვეულმა, ჩრდილად ქცეულმა თანამედროვე ჯალათმა უნდა დაგვანახოს რაღაც ახალი, აქამდე არ თქმული და ნანახი, რაც დიტო ცინცაძეს აინტერესებს (რეჟისორი აშკარად მიგვანიშნებს ამ თემატურ დეტალზე, თუმც, არ განაგრძობს მასზე თხრობას)... და მეორე _ ესაა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ განაგებენ ადამიანთა სიცოცხლეს ნივთები, თავისთავად უტყვი მონაწილეები ჩვენი სინამდვილისა. ორივე მოსაზრება დაიბადება ან არ დაიბადება, იმისდა მიხედვით თუ რა ინდივიდუალური შეხებები გაუჩნდება მაყურებელს ფილმთან. ძნელია იმის თქმა რა კუთხით, მაგრამ ეს შეხება რომ შედგება ჩემთვის ნათელია. შესაძლოა იმ მთავარი ინტრიგის გამო, რასაც დეტექტივი მოიცავს, მხედველობაში მაქვს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა....


რეჟისორი და არაერთი რეცენზენტი ამ ფილმისა წერს, რომ ფილმში აღწერილი ისტორია არის "კრიმინალური თამაში". მათ ეხ გამოთქმა მოჰყავთ შესაძლოა იმიტომ, რომ ინტერვიუებში თვით რეჟისორი თითქმის ყოველთვის აცხადებს ამის შესახებ, და დასძენს, რომ მედიატორი ადამიანთა მანკიერ წრეზე გადაღებული ფილმიაო. ამ სიტყვებს, ვფიქრობ, პირდაპირი მნიშვნელობა აქვს, რადგან ფილმის მონტაჟური დინამიკაც წრიულია. მსხვერპლი, ჯალათების ხროვა _ პირველსავე ეპიზოდში აფექტური განწყობით რომ გვთრგუნავს (აქვე ვიტყვი, აფექტი კიდევ უფრო მარწმუნებს მათ ულმობლობაში, მაგრამ იმავდროულად მათ დილეტანტიზმში; შემდეგ _ გაქნილი სახელმწიფო ჩინოვნიკი, გამომძიებელი, კახპა, თვით მედიატორი და ისევ მსხვერპლი. ასე იკვრება წრე. ფილმის პერსონაჟები, წრის შემადგენელი ნაწილები, სათითაოდ კლავს მსხვერპლს; შესაძლოა ერთი ნაჩხვლეტით, მაგრამ ამ ერთ ნაჩხვლეტში ყოველი მათგანის ენერგიაა ჩადებული. ამგვარად, ცინცაძის მკვლელი მარტო არ არის. ფილმში `მკვლელების~ მრავალსახეობაა, რომლის მიმართ დიტო ცინცაძეს, თვითონ როგორც ავტორს, არავითარი ემოცია არ გააჩნია; ისინი არიან და იქნებიან _ თითქოსდა გვეუბნება რეჟისორი, მართალია მათ მანკიერ წრედ აფასებს (როგორც ზემოთ ვთქვი, არაერთ ინტერვიუში და ფილმშიც), მაგრამ მათი არსებობა სამყაროში დიტო ცინცაძეს ერთგვარი მარადიული არსებობის ფორმით აქვს აღქმული. როგორც ჩანს, ამის გამოც, მიუჩნევია მას კრიმინალური ერთობა "თამაშად".


თვით ავტორის, რომელიც "თამაშს" უწოდებს კრიმინალთა ერთობას, და ე.წ. "თამაშის" მომხრეთა მისამართით, მე ასე ვიტყოდი: კრიმინალური თამაში არ არსებობს, არის კრიმინალისადმი ავტორის (ან ადამიანთა!) თამაშისმაგვარი დამოკიდებულება და საკმაოდ ნათელი, ერთგვარი შორითმაყურებლის განწყობა. ამ ყოველივეს საზოგადოების, ადამიანთა ინდიფერენტულობა მოსდევს, მომაკვდინებელი ინერტულობა, რაც უფრო საშიშია, ვიდრე თავად მკვლელობა. ეს მინიშნება ფილმში გამოხატულია საერთო ინტონირებით, თვით ამბის თხრობის მანერითაც, რაც გამოიხატება ერთსა და იმავე ამბავთან რამდენჯერმე დაბრუნებით _ ამ შემთხვევაში მონტაჟური მონაკვეთების სხვადასხვა კუთხით. სწორედ აქ ჩნდება ყველაზე მკაფიოდ რეჟისორის ოსტატობა და ხელწერა. თუმცა, კი ეს ხერხი ახალი არაა კინოხელოვნებაში (ასევე ლირატურაშიც!) მაგრამ, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მკვლევარმა უნდა მისდიოს ავტორის მიერ შემოთავაზებულ ხერხს, თუნდაც `თამაშად~ წოდებულ ინტრიგას და არ უნდა ჩაეძიოს მას ჩატარებული გამოძიების ოქმის სიზუსტით, მისაღები უნდა გავხადოთ თხრობის ეს დეტალებიც. მსგავსი დამოკიდებულება კრიმინალის მიმართ ხელოვანთა დიდ წრეს ახასიათებს: კლასიკური მაგალითი ერთი და იმავე ამბის თხრობისა კუროსავამ მოგვცა რასიომონში, შემდეგ სხვებმა და სხვებმა... ტარანტინომაც... ასოციაციები ოთარ იოსელიანთანაც მიდის. სხვათა შორის, დიტო ცინცაძე ელდარ შენგელაიას ნამოწაფარია, მაგრამ როგორც მასწავლებელი მასთან მიმართებაში ოთარ იოსელიანი უფრო მესახება. არა იმიტომ, რომ ცინცაძე აგრძელებს იოსელიანის ხაზს, არამედ საზოგადოდ გარეგნული რაფინირებული სიმსუბუქით, მონტაჟისადმი ინტერესით, ხმის, Fფილმის დრამატურგიის ორიგინალური თხრობის თვალსაზრისით, რაც თითქმის ყოველთვის დახვეწილ მონტაჟურ ფრაზებშია განფენილი _ ყოველივე ამით მახსენებს და ვფიქრობ, ამაში კარგის მეტი არაფერია, პირიქით. დიტო ცინცაძის შემოქმედებითი გენეალოგიური ხე ამ გზებზე გადის და საფიქრებელია მისი დღევანდელი ფიქრის საგანი საინეტერსო შედეგსაც მოიტანს. იგი ხომ ყველა ხსენებულ ხელოვანთა შორის ახალგაზრდაა და მისი `კინემატოგრაფიული "აღმოჩენები" ჯერაც წინაა. რაც შეეხება წრის შემადგენელ მონაკვეთებს, ანუ თანამედროვე ცხოვრებას, ჩვენ ქვეყნის სინამდვილეს, დიტო ცინცაძე სულ ცოტა ექვს წრეს მაინც წარმოგვიდგენს:
პირველი: წვრილმანი ნაძირლები (ჭუჭყიან ოთახში რომ შეკრებილან და ორ დატუსაღებულ მძევალს უსწორდებიან), რომლებიც არც პოლიციელები და არც უსახელო აგენტები არიან, უბრალოდ ბანდაა, რომელიც ასე შოულობს საარსებო ფულს. ეს მათი სამუშაოა, "საქმეა", თორემ სახლში ყველა სხვა სახით ბრუნდება.
მეორე: საროსკიპო და მისი "მობინადრენი", თუმცა ისინი ყველაზე "მშვიდობიანი" ნაწილია ფილმისა.
მესამე: მედიატორი, განსაკუთრებული მამაკაცი ყოფილი ცოლისათვის, სამშობლოდან გადახვეწილი კაცი, თავისთავში ჩაკეტილი, გარეგნულად მოწესრიგებული ცხოვრებით, მაგრამ როგორც ჩანს, მიუსაფარი.
მეოთხე: ულამაზესი ანა, ერთი უყვარს მაგრამ სხვასთან მეძავობს, მართლაც ცხოვრება რთულია. . .
მეხუთე: გამომძიებელი (მას ანსახიერებს გიორგი ნაკაშიძე) თანამედროვე ცხოვრების სიმშვიდის დარაჯი, ბილწსიტყვა, აღორებული მუცლით, მთელ ქალაქს მოდებული პირადი თუ საქმიანი ცხოვრებით _ მოძალადე. გიორგი ნაკაშიძის გმირი გარემოსთან საერთო მსგავსების მიუხედავად განსხვავებულია. თუმცა, ისიც თავისებურად საცოდავია, მარტოსული, საქმეს გამობმული იქ იმკვიდრებს თავს, სადაც საკუთარი უგერგილო ცხოვრების დასაყრდენი უშოვია. ბილწი სიტყვების კორიანტელი, ამ ცხოვრებით დაუკმაყოფილებელი ავსული კაცის სამეტყველო სივრცეა, ან ის მათრახი, საკუთარ თავს რომ ურტყამს, არ დათმო, არ მორბილდე, გამაგრდიო რომ უბრძანებს, და შემდეგ პლიე... ძალადობის, მომაკვდინებელი გასროლის, თავდასხმის განსახორციელებლად.
მეექვსე: ჯალათი, რომელსაც თვით დიტო ცინცაძე განასახიერებს, ლაბადის კაპიუშონში რომ ჰპოვებს სიმყურდოვეს, თავის გარემოს და საიდუმლოებით აღსავსე გარეგნობით, ინკვიზიციის ხანის ჯალათს მაგონებს. ყველა პერსონაჟის ძალისხმევა მის მიერ ხელის ერთი მოქნევით წყდება. მის სახეში იმასაც ვკითხულობთ, რომ ჯალათის, ისევე, როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ფიზიკური სიმარტოვე და სიჩუმე არ არის სიმარტოვის ნიშანი, ყოველშემთხვევაში სიმარტოვის მომაკვდინებელი განცდის... სიჩუმე მაშინაა განსაცდელის მხლებელი, როცა გვერდით მდგომ ადამიანისგან `გრიყავს~ ასეთი სიჩუმე მართლაც რომ სიმარტოვეა და იქნებ განდგომაც. თავშესაფარი _ ლაბადაა და მისი კაპიუშონი. მხოლოდ მან იცის, რომ მის პატრონს სხვა ფიქრი აქვს, რაც შორს გაჭრილა სინამდვილიდან. მას ყველაფერი ამაოდ ეჩვენება და ელოდება იმ ერთ წამს, როცა ყველაფერი გათავდება. ერთადეთი იმედიღა დარჩენია... დრო გადის ნელა და იმავდროულად სწრაფად..


ამგვარად, ჩვენგან ხსენებული სამაყურებლო ინტერესის საფუძველი დიტო ცინცაძის მხატვრული "კომენტარებია", რაც დაახლოებით ასე გამოითქმის: ესაა სარბიელი, ასპარეზი და თუ გნებავთ ქვეყანაც, ქცეული გზაჯვარედინად და ნავსაყუდელად ყველა სიბინძურისა და ბოროტებისა. ქვეყანა, ხალხი, თითოეული წევრი მრავალსახოვანი საზოგადოებისა... რატომღაც ასე გაიშალა ფიქრი, რომელიც ერთმა მკვლელობამ აღძრა.
 

მახსოვს, ერთ ბელეტრისტულ პოსტულატში ამოვიკითხე _ სიტუაცია დამიხატე და პრობლემა გამოჩნდებაო. დიტო ცინცაძემ ასეთი სიტუაცია შემოგვთავაზა: (დიტო ცინცაძის ხერხის ანალოგიურად, რომელიც მკვლელობას რამდენჯერმე უბრუნდება, მეც ვისრგებლებ და ისევ, უკვე მერამდენედ, დავუბრუნდები ფაბულას): უცხო ქვეყნის მოქალაქეს პოულობენ ფერდში ნაჩხველტის გამო ფიქსირდება სიკვდილი. ყველა, ვინც მკვლელობის ირგვლივ იყრის თავს ან რაიმეთია მასთან დაკავშირებული ერთმანეთის ნაცნობია. ეს არის ის მონაცემი, რის ირგვლივ არაერთ სიუჟეტს განაფენ, ცინცაძისათვის დღეს ისაა აქტუალური, რაც ვიხილეთ. ამასთანავე ავტორის კომენტრში ერთ-ერთი მთავარი თემა ისაა, რომ მოკლული უცხოელი მანკიერების "წრის" ერთი პატარა მონაკვეთის მსხვერპლია და თავადაც ერთ-ერთი პატარა მონაკვეთი დიდი წრისა, მაგრამ არა საფიქრალის დამასრულებელი აკორდი, მაგრამ რა ადგილი აქვს ამ ამბავში მედიატორს და რა ფუნქციის მქონეა იგი?

 
"კოსმოპოლიტანისთვის~"მიცემულ ინტერვიუში, ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟის, ლილიას განმასახიერებელი ვიკტორია ისაკოვა ამბობს, რომ მონაწილეობა მიიღო დიტო ცინცაძის მკვლელობაში, (იგულისხმება მედიატორი -ე.ო.) (Я недавно снималась с европейскими актерами в Убийстве Дито Цинцадзе. 25.06.2008, ჩოსმოპოლიტან - Июнь 2008). //წწწ.ცოსმო.რუ შემდგომ, ამ მსახიობის საიტზე მკვლელობას მიწერილი აქვს განმარტება _ სამუშაო სათაური. მსახიობი გადაღებიდან მიღებულ სასიამოვნო შთაბეჭდილებაზე მოგვითხრობს. მაგრამ ფილმის სახელწოდება იპყრობს ჩემს "ყურადღებას", რატომ გახდა მკვლელობა მედიატორი?

როგორც დასაწყისში ითქვა, ცინცაძისა და მორჩილაძის მიერ მოთხრობილ ამბავში მედიატორს შუამავლად მოიხსენიებენ. ამგვარად, მედიატორს ფილმის ავტორისათვის სახელი არა აქვს, მოქმედების არენაზე გაურკვეველი ადგილი უჭირავს; არის და არც არის, იგი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს და საკუთარი ცხოვრება სხვისაზე აქვს აგებული (არა იმიტომ, რომ როგორც ვიგებთ ოჯახი დანგრეულა და დიდი ტკივილიც განუცდია შვილის დაკარგვის გამო). მისი ინტერესების სფეროში ის ადამიანები შედიან, რომელთაც სჭირდება იგი, რათა საკუთარი სურვილები თუ ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობის წადილებიც აღასრულონ.
იქნებ მასში არის რაღაც განსაკუთრებული დაკვირვების ღირსი, მაგალითად დიდი და პატარა საქმის მედიატორი, მედიატორი მკვლელობის ხელისშემწყობი და ა.შ. შეიძლება თუ არა, რომ, მედიატორის ნაცვლად იმავე წარმატებით შეიძლება პერსონაჟს ერქვას "ვინმე N", მაგალითად ექიმი, მასწავლებელი, კონსტრუქტორი... ყველა შემთხვევაში გამოვიგონებდით იმ ირონიულ ქვეტექსტს, რაც მის მიერ ჩადენილ "საქმეებს" განსაკუთრებული "იდუმალებით" დაგვანახებდა.
ყველაზე მეტი, რაც შეიძლება ვიფიქროთ, მედიატორი (ნინიძის პერსონაჟი), სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანის თვალისმადევნებელია, ამდენად გარეგნულად თითქოსდა მასშტაბს მოკლებული მისი მოქმედებაც თუ უმოქმედობა გარკვეულწილად ადამიანის სიცოცხლეს სპობს _ გამოდის რომ ჩვენი ნაცნობი მედიატორი `დიდ~ საქმეებში ჩაბმულა და თავისი პირდაპირი მოვალეობა ან ვერ შეასრულა და ან არ შეასრულა.
რაკიღა სიტყვა (ზემოთ) ქვეყანას შეეხო ალბათ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ქვეყენა ისევე როგორც ნებისმიერი სხვა გარკვეული სინამდვილით ცხოვრობს. ჩვენი სიტყვა არ დარჩება რიტორიკულ შეგონებად, თუ ყურადღებას ფილმში გამოყენებულ დამატებით ხმასაც მივაპყრობთ, სადაც, ტელეეკრანის მეშვეობით შემოდის რეალობა _ ქუჩის მიტინგებით, აგზნებული ხალხით.... ეს ის დინებაა, რომელიც ცხოვრების საერთო კალაპოტს გვიჩვენებს, ფილმის სიუჟეტი კი მდინარის დინების ლექია, რომელსაც მყარად დაუმკვიდრებია თავი ფსკერზე და რა ხდება ზევით არც აინტერესებს.


სხვათა შორის ამბის, ტელეჩართვების ხერხით, სინამდვილის ფონად მოწოდების ხერხი პირველი არ არის ქართულ კინოში, რაც იქვე რჩება, სადაც ისახება, თითქოსდა არ შენივთთდა ეს ორი პლასტი _ ვირტუალური და რეალური; თავისარიდება, ანალიტიკური აზროვნების ნაკლებობა თუ სხვა რამ, ჯერ არ ვიცი რა არის ამის მიზეზი.


ქვეყანა ვახსენე და ვისი და რა ქვეყანაც არ უნდა იყოს, მას თავისი სახე აქვს. სიტყვაზე მეტს ამბობს უსახური შენობა, ინტერიერების რიგი, გადანატებული თუ ნახევრადჩაბნელებული კადრები, ან... სევდიანი, მკაცრი, ულმობელი დიალოგის გადაღების ოსტატობა, ნატიფი პორტრეტები, რომელიც მხოლოდ როგორც პორტრეტი არ არის შესრულებული... ფილმის ოპერატორი გიორგი დევდარიანი დიტო ცინცაძესთან ორიგინალური ხედვის უნარით იმ სამყაროს ასახავს, სადაც შესაძლოა, სიტყვაზე მეტად, სარწმუნო ხდება შემოთავაზებული ფაბულის სინამდვილე. კინოობიექტივის მიერ ასახული სახეები ვერ ფარავენ უცნაურ გაყინულ გამომეტყველებას, ისეთს, როგორც სიკვდილის პირველ წამში, ისე სიცოცხლის დაღმავალ გზაზე აქვს ადამიანს... ეს გამომეტყველება "მოპოვებული სიმშვიდეა", ამავდროულად დასტური იმისა, რომ "გაყინული სახეები" ერთადერთი ნავსაყუდელია ამ ადამიანებისთვის, რომლებმაც თითქოს ერთ დიდ საერთო ფიჭაში ჩამძვრალან, უპოვიათ რაღაც უჯრედი, ეკვეხებიან, ხან ახერხებენ ამას და ხან ვერა, მაინც თავსდებიან და დგება მათი "სიმშვიდის" წამი. რატომღაც ფიქრობ რომ, ყველაფერი, რაც ამ ადამიანებს უკეთებიათ ან რითიც უცხოვრიათ, ყველაფერი ერთად, შემთხვევების ნაკრებია და არა ცხოვრების, როგორც მთლიანობის ნაწილი. და რომ ისინი ასრულებენ ამ ქვეყნიურ გზას და მორჩა... მათთვის მნიშვნელობა არა ქავს როგორ იცხოვრეს, რა შექმნეს, ბედნიერები იყვნენ თუ არა...

 
სიტყვა შეიძლება იყოს მართალიც და მცდარიც, გამოსახულება ამ მიმართებით უპირისპირდება მას. ამ თვალსაზრისით ის, რასაც ასახავს დიტო ცინცაძის ფილმი მედიატორი ბევრად მეტყველია იმ მონაცემზე, რასაც სიტყვიერი, ფაბულური ჰქვია. ფილმის სახვითი სტრუქტურის ზედმიწევნით რაფინირება, რაშიც ოპერატორის და მხატვრის ნამუშევრის და თავად რეჟისორის გემოვნება ჩანს, ავტორის სათქმელს მნიშვნელოვანებას ანიჭებს და, რაც განსაკუთრებით ღირებულია (მხატვრული თვალსაზრისით, ცხადია) არ არის ცალკე _ თავისთავადად, დამოუკიდებლად არსებული, ან საილუსტრაციო ფუნქციად მოწოდებული.
ნაკლებად მაინტერესებს დეტექივია თუ არა დიტო ცნცაძის ფილმი, და არც ამ კუთხით ვაპირებ მსჯელობას. მით უფრო, რომ წმინდა ჟანრების გარდა ჟანრთა დიფუზიის მოვლენა ახალი არ არის კინოში...


ორიგინალური არ ვიქნები თუ შევახსენებ მკითხველს, რომ კრიმინალური რეალობა, ხელოვნების სხვადასხვა დარგში ნათლად იყო წარმოდგენილი: დოსტოევსკის ყველა ნაწარმოები თითქმის დეტექტივურ ფაბულაზეა აგებული, შექსპირის ჰამლეტი, დრამატურგიის მწვერვალი, შექსპირის მხატვრული ძალის შიგნით მკვლელობის გამოძიებაა მხოლოდ... თვით ოიდიპოსი ყველა დეტექტივზე მეტი დეტექტივია, მაგრამ, ცხადია თითოეული მათგანი არასდროს მოიხსენიება ამ ჟანრად, იმდენად მაღალია მათში მხატვრულობა.


ამგვარად შერჩეული ჟანრის სტრუქტურულ მონაცემში დიტო ცინცაძე განწყობას ქმნის, რადგან ჟანრი როგორც ხელოვნების წმინდა მონაცემი, ვერ უძლებს ვერც თანამედროვე რეალობის სიმძაფრეს და ვერც ავტორის მხატვრული წარმოსახვების მოთხოვნებს. ან და, რა გასაკვირია, რომ ცრემლთან სიცილი, ტყვიასთან სიცოცხლე არსებობდეს... ამჯერად რეჟისორმა ის წამი შეაყოვნა, და ის ამბავი მოგვითხრო, რომელსაც ვერც კი ვამჩნევთ ყოველდღიურობაში, ფაქტი მოხდა და უფრო მეტიც, იქნებ ჩვენც მიგვიღია ერთგვარი პასიური მონაწილეობა მსგავს ისტორიებში. ფილმის გმირებიც ხომ ერთ წრედში არიან განთავსებულნი, თუმცა ერთმანეთს არც კი იცნობენ. ამიტომ ავტორთა მონათხრობს ვიღებ როგორც ერთ მეტად სევდიან ამბავს ჩემი სინამდვილისა, რომლის აღსრულება არ აღსრულებას ვერავითარი ძალით ვერ აღვუდგები...


არის კიდევ რაღაც რაც ან უნდა მიიღო ან არა, და, კამათის საგნად არ გაიხადო. ასეთი რამაა ფილმის რიტმი. ვფიქრობ, ეს გადამწყვეტია ფილმისადმი დამოკიდებულების გამოხატვაში, რადგან რიტმი იარაღია ავტორის თხრობის არსენალში, რომელმაც ჟანრის სიმკვეთრე ჩაანაცვლა, შეუნივთდა სტილის ცნებას და ერთიან მთლიან მხატვრული განცდაში მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა. ის ჭეშმარიტებაა გადმოსული ავტორის განცდიდან, მაჩვენებელი იმისა, თუ რა აქცენტით თუ პედალირებით მოგვითხრობს იგი ამბავს.


ცხადია, ფილმს ერთგვარი გაორება ეტყობა, მკვლელობის _ მედიატორად გადაქცევა თავის კვალს ამჩნევს მას. მაგრამ ფილმის შემდეგ მაყურებელი ბევრ საჭირბოროტო საკითხზე დაფიქრდება, და ეს კარგია; ნუ გაექცევით ფიქრს, გაჰყევით მას...

URL:index.htm   კინოLUMIERE #1                           BACK/ /NEXT