ჩვენ შესახებ

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი თეატრალური სასწავლებელია მსოფლიოში. მას 100 წლიანი ისტორია აქვს. 1922 წელს აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით დაარსდა დრამატული სტუდია, რომლის საფუძველზეც 1923 წლის 10 ოქტომბერს შეიქმნა „სასცენო ხელოვნების ინსტიტუტი“.
მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო კოტე მარჯანიშვილი, ლეგენდარული ქართველი რეჟისორი, რომელმაც დააარსა პროფესიული ქართული სამსახიობო და სარეჟისორო სკოლები.
ამ უნივერსიტეტისა და მისი კურსდამთავრებულების სახელს უკავშირდება მსოფლიოში აღიარებული ქართული თეატრისა და კინოს წარმატება.
1992 წელს თეატრალურ ინსტიტუტს ეწოდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი.
2002 წელს ინსტიტუტი გარდაიქმნა უნივერსიტეტად.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთვრებულებმა არსებითად განსაზღვრეს მეოცე საუკუნისა და თანამედროვე საქართველოს თეატრალური კულტურის განვითარების ხასიათი.
უნივერსიტეტმა დიდი როლი შეასრულა დრამისა და კინოს, მუსიკალური თეატრის, ესტრადის, თოჯინების, მარიონეტების, პანტომიმის მსახიობთა, დრამის, კინოს, ტელევიზიის რეჟისორთა, ოპერატორთა, თეატრმცოდნეთა, კინომცოდნეთა, ხელოვნებათმცოდნეთა, ტელე-მედიის, ქორეოგრაფიის, მენეჯერების, ტურიზმისა და კულტურულ-საგანმანათლებლო დარგის სპეციალისტების მომზადებაში.
თეატრისა და კინოს დარგის არაერთმა სტუდენტმა მოიპოვა საერთაშორისო წარმატება და უმაღლესი ჯილდო მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალებსა და კონკურსებში.
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სამი ფაკულტეტია: დრამის, კინო-ტელე, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის.
უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად მოკლე და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამები ხორციელდება.
უნივერსიტეტს აქვს  დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი, დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკა.
უნივერსიტეტში დაფუძნებულია სასწავლო კინოსტუდია, 2020 წლიდან მაუწყებლობს საუნივერსიტეტო სასწავლო ტელევიზია TAFU TV კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით.
უნივერსიტეტში შექმნილია სასწავლო ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები.

უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება ყოველწლიური ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალები: „ეტიუდების ფესტივალი“, სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე“, თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“, კინოდაჯილდოება „ოქროს რტო“; ასევე – ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციები სტუდენტებისთვის და პროფესორებისა და მკვლევრებისთვის.

2005 წლიდან, საუნივერსიტეტო გამომცემლობა «კენტავრი” გამოსცემს უნივერსიტეტის სტუდენტურ გაზეთს „დურუჯი“, სამეცნიერო შრომების კრებულს – „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“; აგრეთვე აქვეყნებს: სახელმძღვანელოებს, ქრესტომათიებს, თარგმანებს, მონოგრაფიებს, ცნობარებს და სხვა სახის გამოცემებს.

უნივერსიტეტს შემოქმედებითი და სამეცნიერო კავშირები აქვს სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი არის სრულუფლებიანი წევრი:

ევროპის ხელოვნებათა ინსტიტუტების ლიგა
The European League of Institutes of the Arts – ELIA

მსოფლიო კინო და ტელე სკოლების ასოციაცია
The International Association of Film and Television Schools – CILECT

ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო საბჭო
Internatioal Council for Traditional Music – ICTM

მსოფლიო თეატრალური განათლების ალიანსი
World Theatre Education Alliance – WTEA

უნივერსიტეტი განთავსებულია ორ კორპუსში:
I კორპუსი – შოთა რუსთაველის გამზირი № 19
II კორპუსი – დავით აღმაშენებლის გამზირი № 40

სიახლეები

აფიშა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლისაა

პარტნიორები

თეატრალური უნივერსიტეტი 100 წლისაა